“საგარეო ფაქტორების შოკის პიკი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე ახდენს გავლენას, მალე გადაივლის”

0
26

საგარეო ფაქტორების შოკის პიკი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე ახდენს გავლენას, მალე გადაივლის, – ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ე.წ. პიკური შოკები, ზოგადად, მოკლევადიანი პერიოდით ხასიათდება.

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ლარის კურსს აყალიბებს მოთხოვნა-მიწოდება ლარზე, ანუ ფაქტორი, თუ რამდენად იზრდება ან მცირდება მოთხოვნა დოლარზე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული საერთაშორისო ბაზრებზე არსებული აჟიოტაჟით, ანუ არსებობდა ნავთობის ფასის ნახტომისებური შემცირების მოლოდინი, ისევე როგორც იყო მოლოდინი, რომ ბირჟებზე საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რის გამოც ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში – ძირითადად რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი ეროვნული ვალუტების კურსი დაეცემოდა, რაც მოხდა კიდეც. ბუნებრივია, ბიზნესი წინასწარ პროგნოზირებს ამ ყველაფერს და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით არსებობდა. ამ მოლოდინებმა გამოიწვია ქცევის წესის და კულტურის შეცვლა: ბიზნესმაც და საზოგადოებამაც დაიწყო დოლარზე მოთხოვნის ზრდა, ამან კი, თავისთავად მნიშვნელოვნად შეამცირა ლარზე მოთხოვნა, მაგრამ ე.წ. პიკური შოკები გარკვეული მოკლევადიანი პერიოდით ხასიათდება და საგარეო ფაქტორის შოკის პიკი მალე გადაივლის. მეორე საკითხია საგარეო რისკ ფაქტორების მოხსნის შემდეგ რას გავაკეთებთ ჩვენ”

– განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ეკონომიკური ექსპერტის აზრით, საგარეო შოკების გავლის შემდეგ საჭიროა ორ მნიშვნელოვან საკითხზე – მოკლევადიან პერიოდსა და გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ ღონისძიებებზე მუშაობა.

“მოკლევადიან პერიოდში ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომლითაც ხელს შევუწყობთ ლარზე მოთხოვნის ზრდას და არა დოლარზე მოთხოვნის ზრდას. ეს გამოიხატება ეროვნული ბანკის რეფინანსირების პოლიტიკის კორექტირებაში. როცა ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს რეფინანსირების სესხს, ამით ნებსით თუ უნებლიედ, ხელოვნურად ამცირებს ლარზე მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, თუ ეროვნული ბანკი შეამცირებს რეფინანსირების სესხებს, ამით ხელს შეუწყობს ლარზე მოთხოვნის ზრდას, რადგან კომერციულ ბანკებს ლარის მიმდინარე ლიკვიდობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოუწევთ არსებული სავალუტო რეზერვების გაყიდვა, ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს.

რაც შეეხება ე.წ. საშუალოვადიან პერიოდს – სექტემბერს, ოქტომბერს, ნოემბერსა და დეკემბერს, ამ შემთხვევაში პარალელური ღონისძიებებია გასატარებელი. პირველი საკითხი უკავშირდება ბიუჯეტის თანმიმდევრულ ხარჯვის პოლიტიკას, ანუ ის დამატებითი რისკ ფაქტორი არ უნდა გახდეს ბიუჯეტისთვის. ჯერჯერობით ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, საგადასახადო შემოსავლების კუთხით პრობლემები ამ ეტაპზე არ არის, ისევე როგორც ხარჯვითი პოლიტიკა თანმიმდევრულად ხორციელდება და ლარის მასის სახით სახაზინო ანგარიშებზე გარკვეული ნათშიც იძლევა იმის იმედს, რომ შესაძლებელია ბიუჯეტი, როგორც რისკ ფაქტორი ლართან მიმართებაში გამოირიცხოს, რაც კარგია, მაგრამ ეს უნდა შენარჩუნდეს. მეორე საკითხი პრივატიზაციას ეხება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პრივატიზაციის ის გეგმა, რომელიც გაზაფხულზე დაანონსდა, ჯერჯერობით ვერ სრულდება – პრივატიზაციის ტემპი, რომელიც ქვეყნისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფდა და გარკვეული მასტაბილიზირებელი ფუნქციის მატარებელი კომპონენტი იქნებოდა, ჯერჯერობით სათანადო დონეზე და საკმარისი ოდენობით ვერ შესრულდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამ მიმართულებითაც უმჯობესი იყო ხელისუფლებას აქცენტები გაეძლიერებინა და მუშაობა გაეაქტიურებინა – ტურისტული სეზონის დამთავრების შემდეგ სექტემბრიდან შესაძლებელია სავალუტო ნაკადები შემცირდეს. ამიტომ ეს რაღაცით უნდა იყოს ჩანაცვლებული და ეს ჩამანაცვლებელი კომპონენტი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საჭიროა კონცეპტუალური ცვლილებები, მათ შორის საბიუჯეტო პროცესის ხარჯვითი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების, აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. ასევე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმ კომპონენტების რეალური ამოქმედებით, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასებს შორის წონასწორობის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ეს უკვე 2016 წლიდან”, – აღნიშნა ეკონომიკურმა ექსპერტმა.

ლევან კალანდაძის აზრით, აღნიშნული კომპლექსური – მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდზე გათვლილი ღონისძიებები, საშუალებას მოგვცემს გარკვეული სტაბილურობა შევინარჩუნოთ, საქართველოს სავალუტო ბაზარზე გამოირიცხოს შოკების ელემენტები და ე.წ. სპეკულაციური კროსკურსები, როცა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი და სავალუტო ჯიხურებსა თუ საბანკო არხებში არსებული კურსი განსხვავებულია.

“თორემ ლარის გამყარებაზე მიმდინარე წლის განმავლობაში ალბათ ძნელი იქნება საუბარი”

– დასძინა მან.

Bpn.ge