ბათუმი სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე ნოვატორ მუსიკოსს ედრიენ ბელიუს მასპინძლობდა

0
12
ბათუმი სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე ნოვატორ მუსიკოსს ედრიენ ბელიუს მასპინძლობდა

 ”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება. ზღვისპირა ქალაქმა  სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე ნოვატორ მუსიკოსს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და ვოკალისტი ედრიენ ბელიუ, რომელიც ცნობილია თავისი მონაწილეობით როკ-ჯგუფში  „კინგ ქრიმსონი“, ბათუმელებსა და დამსვენებლებს ბათუმის საზაფხულო თეატრში შეხვდა. განუმეორებელმა მუსიკოსმა მოსულ მსმენელს დაუვიწყარი და ერთი ხმაურიანი საღამო აჩუქა.

ზღვისპირა ქალაქში ბელიუ თავისი მუსიკალური პროექტის Adrian Belew Power Trio- შემადგენლობაში გამოვიდა.

ედრიენ ბელიუს მუსიკა  იმ მუსიკოსებისა და  ჯგუფების  სტილის ერთობლიობაა, სადაც მას უწევდა გამოსვლა: „თოლქინგ ჰედსი“, ფრენკ ზაპა, დევიდ ბოუი და რა თქმა უნდა, „კინგ ქრიმსონი“. ედრიენ ბელიუს გიტარაზე დაკვრის სრულიად არაჩვეულებრივი ტექნიკის გამო, მას ხშირად იწვევენ თავიანთ ალბომებზე სამუშაოდ მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსები: ლორი ანდერსონი, პოლ საიმონი, ჟან მიშელ ჟარი და უამრავი სხვ.

დღეს, ის აგრძელებს ცხოვრებასა და შემოქმედებას, გვევლინება რა სხვადასხვა იპოსტასებში, როგორც გიტარისტი, პროდიუსერი, ვოკალისტი, ქმნის კინო მუსიკას ფილმებისთვის. ტალანტი, რომელსაც ძალუძს შექმნას საოცრება,  საზღვრები არ აქვს.

ამერიკელი მულტი-ინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ედრიენ ბელიუ (Adrian Belew), მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1981 წელს ცნობილი გიტარისტის და მუსიკოსის, პროდიუსერის რობერტ ფრიპის მიწვევით ლეგენდარულ ჯგუფის „კინგ ქრიმსონის“ რიგებში მოხვდა. ჯგუფს ფრონტმენად მოევლინა, სადაც ის 2008 წლამდე მოღვაწეობდა.  ბელიუ ასევე მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ დევიდ ბოუი, Nine Inch Nails, ჟან მისელ ჟარ, ფრენკ ზაპა.

ბელიუ ადრეულ ასაკში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსის (Jimi Hendrix), მოსმენის შემდეგ, მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ გიტარას შეუძლია გამოხატოს და გადმოსცეს მისი ყველა გამოუთქმელი გრძნობა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1977 წლამდე ედრიენ ბელიუს,   ჯერ კიდევ უცნობი მუსიკოსის შესრულების მანერა  ფრენკ ზაპამ (Frank Zappa) ერთ–ერთ კონცერტზე შეაფასა და თავის ჯგუფში მიიწვია. სწორედ, ეს  გახდა  ედრიენ ბელიუსთვის სავიზიტო ბარათი. ამის შემდეგ ის ხვდება დევიდ ბოუისთან, ხოლო შემდეგ „თოლქინგ ჰედსის“ ჯგუფის წევრი. ამის პარალელურად მან თავისი სოლო კარიერაც დაიწყო და პირველი  ალბომი გამოუშვა.

ედრიენ ბელიუ რეგულარულად ხვდება წამყვანი ჟურნალების მიერ საუკეთესო გიტარისტების სიაში, ნომერ პირველ გიტარისტად კინგ ქრიმსონის შემადგენლობიდან, მე–17 ადგილზე – Talking Heads–ის შემადგენლობიდან და 67–ე ადგილზე როგორც სოლო არტისტი.

გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქი „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში  25-30 აგვისტოს ბიგ ჯონსა და  გრუვსონიქსის უმასპინძლებს. ამასთან, ქართველი შემრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დათო გომართელი, კორკოტა, ქუჩის მუსიკოსები, გიო ხუციშვილი და მისი ბიჭები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე, გუფილენდი.