შოთა გულბანი: ბანკები ბიზნესის დაკრედიტების დროს უფრო მეტად რისკიანები უნდა გახდნენ

0
11
შოთა გულბანი: ბანკები ბიზნესის დაკრედიტების დროს უფრო მეტად რისკიანები უნდა გახდნენ
"აფბა"–ს ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი

საქართველოში ბანკებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნებათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებში მოქმედ ფერმერებს და კოოპერატივებს, აგრეთვე მათ, ვინც ნულიდან იწყებს ბიზნესს, ანუ ე.წ. “სტარტაპებს”. არადა, ეკონომიკის სიძლიერე, საერთო ჯამში, სწორედ ამ ბიზნესების სიმრავლემ უნდა განაპირობოს. თუ რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ საბანკო სექტორი ძალიან მკაცრი და ფრთხილია ეკონომიკის ამ სეგმენტის დაკრედიტების დროს და სად არის გამოსავალი, გვესაუბრება “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” ვიცე – პრეზიდენტი შოთა გულბანი.

– როგორ შეაფასებთ ბანკების მიერ ბიზნესის დაკრედიტების პოლიტიკას, ვგულისხმობ ბიზნესის იმ კატეგორიას, ვისთვისაც დღეს ყველაზე მეტად არის გართულებული ფინანსებზე წვდომა?

– იმის გამო, რომ კომერციულ ბანკებს რისკმენეჯმენტი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული, რაც მათი უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიაა, კრედიტების გაცემის დროსაც, ბუნებრივია, მათ მიერ რისკების შეფასება სათანადოდ ხდება. ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური პროცესია, იმისათვის, რომ მოგებაზე ორიენტირებულმა საფინანსო დაწესებულებამ თანხა გადმოგცეს ბიზნესის დასაწყებად, თქვენ ის უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენს მიერ წარმოებული ბიზნესი აუცილებლად მოიტანს მოგებას და, შესაბამისად, შეძლებთ ბანკისთვის კრედიტის დაბრუნებას, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პროცესს, უამრავი რთული პრობლემური დეტალი ახლავს თან, რაც საერთო ჯამში ბიზნესის განვითარებას ამუხრუჭებს.

როდესაც ვაფასებთ საქართველოში მოქმედი ბანკების დაკრედიტების პოლიტიკას, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რაც ბანკების საკრედიტო რისკების მენეჯმენტს უკავშრდება და აგრეთვე ის გარემოება, თუ როგორ მოქმედებენ ბანკები ამ რისკების დადგომის პროცესში. ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ნეგატიური ცვლილებები, ანუ შექმნილი კრიზისული ან რეცესეიული მდგომარეობა, რომელიც იწვევს მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. აგრეთვე მსესხებლის კვალიფიკაცია და მისი უნარი, რომ ბიზნესგეგმის მიხედვით ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების შესაბამისად იმოქმედოს. რაღაც არ მახსენდება, ლარის გაუფასურების შედეგად გაძვირებული სესხების მფლობელი დებიტორებისადმი ბანკები შემწყნარებლები ყოფილიყვნენ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეწარმეების, განსაკუთრებით მცირე და მიკრო, აგრეთვე სოფლად მცხოვრები და მოქმედი ფერმერებისთვის კვალიფიციური ბიზნესგეგმის შედგენა და ამით ფინანსების მოძიება საკმაოდ რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამ გარემოების მიუხედავად, ბანკების საკრედიტო პოლიტიკას მაინც ვერ გავამართლებ. ფაქტია, რომ ბანკებს სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან დაბალი დონე გააჩნიათ და ქვეყნის ეკონომიკის კონიუნქტურას და შესაძლებლობებს არად დაგიდევენ.

რატომღაც საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ დიდი ორგანიზაციების მიერ თანამშრომლებზე ზრუნვასთან და განსაკუთრებულ სიტუაციებში, მაგალითად სტიქიური უბედურების დროს მიზერული თანხის გადარიცხვასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ბანკები რომ უფრო მეტად რისკიანები იყვნენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დროს და მათი საპროცენტო განაკვეთებიც შედარებით ლიბერალური და ხელმისაწვდომი იყოს, ეს უფრო იქნებოდა მათ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის რეალური მაჩვენებელი.

ჩვენთან ეკონომიკური სიტუაცია გაცილებით რთულადაა, ვიდრე ზედაპირულად ჩანს. გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ნახტომისებურმა სვლამ, სხვა უარყოფით ფაქტორებთან ერთად, განაპირობა ის, რომ ბანკები დომინანტურ პოზიციაში აღმოჩნდნენ და დღეს ეკონომიკა ფაქტობრივად მათზეა დამოკიდებული. ეს კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში, საზოგადოების მხოლოდ ერთი კლასის კეთილდღეობის ზრდას განაპირობებს და უმეტესი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

– ძირითადად, რა მიზეზების გამო ვერ იღებენ მეწარმეები, თუნდაც ფერმერული გაერთიანებები ბანკებისგან კრედიტს ბიზნესის გასაფართოვებლად ან ახალი საქმის დასაწყებად?

– საქმე იმაში გახლავთ, რომ ბანკები სესხის უზრუნველსაყოფად ლიკვიდურ ქონებას მოითხოვენ და მთავარ წინააღმდეგობასაც სწორედ აქ ვაწყდებით. სოფლად მცხოვრებ ფერმერს, რომელსაც მხოლოდ მიწა და სახლ–კარი გააჩნია, ბანკი ლიკვიდურ აქტივად არ მიიჩნევს, მეორეს მხრივ ფერმერის მიერ არ ხდება სათანადო ბიზნესგეგმის შედგენა, რომ ბანკი დარწმუნებული იყოს ბიზნესის 100%–ით მომგებიანობაში, რაც პრაქტიკაში არ ხდება, ხოლო “სტარტაპის” დაფინანსება ბანკის მხრიდან თითქმის წარმოუდგენელი საკითხია. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს როლი ძალიან სუსტია. ერთის მხრივ, მთავრობა გარკვეული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საბანკო პროცენტის სუბსიდირებას ახდენს, თუმცა იმ კომპონენტში, როცა საქმე ბანკის მიერ ბიზნესზე სესხის გაცემას ეხება, სახელმწიფო უძლურია და ეს პრაქტიკა მომავალში აუცილებლად შესაცვლელია, ვინაიდან მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, კანონმდებლობის დონეზე უნდა დაარეგულირონ კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა, სადაც, როგორც მსესხებლების, ისე სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

 

ელენე ციგრიაშვილი