ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

0
22
ებრაელი ინვესტორები საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ

იმ საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება, რომლებიც ებრაელი ინვესტორების მხრიდან უნდა განხორციელდეს, 100 მილიონ დოლარამდეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერმა ისრაელში მისი ვიზიტის დეტალები შეაჯამა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია მისი ხელმძღვანელობით ორი დღით ისრაელში იმყოფებოდა. ვიზიტს თბილისის მერმა საინტერესო უწოდა. “ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც ჩვენ გვქონდა ოფიციალურ დონეზე შეხვედრები. საინტერესო შეხვედრები იყო რამდენიმე მიმართულებით. ასევე ჩატარდა ბიზნესფორუმი, სადაც კონკრეტულ პროექტებზე იყო უშუალოდ საუბარი.

კერძოდ მომზადებული და კონკრეტულად მშენებლობის დასაწყებად უკვე მზადყოფნაშია 6 პროექტი. მათ შორის სამი უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. ებრაელი ინვესტორები  ჩვენს დედაქალაქში, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ”, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ მიიღეს ებრაელი კოლეგების მხრიდან მზადყოფნა მაღალი ტექნოლოგიების საკითხებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც საინტერესოა ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტისთვის, მეორე მხრივ, მაღალი ტექნოლოგიების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასევე სასწავლო დაწესებულებებს შორის. “ადგილზე ვნახეთ საინტერესო მოდელი, რომლის ჩვენ დედაქალაქში დანერგვასთან დაკავშირებით მათ გამოხატეს მზადყოფნა”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ისრაელიდან დელეგაცია დედაქალაქში ძალიან მალე ჩამოვა. კერძოდ, 8-9 სექტემბერს ადგილობრივ პარტნიორებთან კონკრეტული შეხვედრები გაიმართება. ასევე ნარმანიას თქმით, ისრაელიდან ჩამოვლენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში არსებულ ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს გააშუქებენ.  “განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ ებრაელი ინვესტორების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი არქიტექტურის სამსახურის მხრიდან თანხმობა გაცემულია, ამიტომაც მათი ვიზიტის დროს სიმბოლურად დაიწყება უკვე ამ პროექტის მშენებლობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.