ორთაჭალჰესის წართმევის ისტორია

0
11
ორთაჭალჰესის წართმევის ისტორია

“2009 წლის იანვრიდან წაგვართვეს და “ენერგო პროს” გადასცეს ისე, რომ ხელშეკრულების პირობები უხეშად დაარღვიეს”

გასულ წლებში დატრიალებულ მოვლენებს ათეულობით ადამიანის ბიზნესინტერესები შეეწირა. ეს ადამიანები დღემდე ვერ პოულობენ სამართალს და ვერც უკანონოდ წართმეულ ქონებას იბრუნებენ. მათ შორის არიან შპს “ორთაჭალენერჯის” წარმომადგენლებიც. ეს კომპანია 1994 წლიდან, იჯარისა და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას- ორთაჭალჰესს. ორთაჭალჰესის მფლობელები 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე გამოაძევეს კუთვნილი ობიექტიდან. ამის შემდეგ ობიექტი დაჩქარებული წესით გამოიტანეს გასაყიდად და ის 25 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიამ”. საქმის მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ კომპანიას ქონების ჩამორთმევამდე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.

შპს “ორთაჭალენერჯის”  ხელმძღვანელი ნატო ქუთათელაძე გვიყვება ამ მოვლენებზე:
– ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბიზნესი უკანონო გზებით წაგვართვეს და უსახსროდ დაგვტოვეს. “ორთაჭალენერჯი” ჩვენს მფლობელობაში მხოლოდ 2009 წლის იანვრამდე იყო. თამამად ვიტყოდი, რომ ეს აწყობილი ბიზნესი იყო: ჩვენი ჰესის შემოსავალი თვეში მილიონ ლარს აღემატებოდა, ტარიფი კი, ძალიან დაბალი გვქონდა – 2,5 თეთრი დღგ-ის გარეშე. თანამშრომლებიც კმაყოფილი გვყავდა, ჰესის კეთილმოწყობაზეც ვზრუნავდით და რაც მთავარია, მთელი მოგება ჩვენს ჯიბეში არ მიგვქონდა. ძალიან ბევრი სამუშაო ჩავატარეთ: 40 ათასი ლარი მარტო ჰესის გამაგრებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში დავხარჯეთ. 18-მეგავატიანი ჰესი პრაქტიკულად დანგრეული ჩავიბარეთ და ჩვენი სახსრებით ავაშენეთ. სოლიდური თანხა დავხარჯეთ, რომ ყველაფერი მოგვეწყო და ახალი დანადგარები შემოგვეტანა. თანაც, სად ის ტარიფი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით და სად – ახლანდელი? 1 კილოვატ ენერგიას 2,5 თეთრად ვყიდდით, მაგრამ მაინც დავმარცხდით. სააკაშვილის დროს როგორ ექცეოდნენ ბიზნესს, ეს ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ და ჩვენც იმ მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლად ვიქეცით.

–  როდის და როგორ წაგართვეს ჰესი?
–  2009 წლის იანვრიდან წაგვართვეს და “ენერგო პროს” გადასცეს ისე, რომ ხელშეკრულების პირობები უხეშად დაარღვიეს. საქმე ის არის, რომ 2008 წლის ივლისში, ახალ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელშიც იჯარის ოდენობა შეცვლილი იყო. ამ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ სხვა მფლობელის მოსვლის შემთხვევაშიც კი, ჩვენი მდგომარეობა არ შეიცვლებოდა და ისევ მოიჯარეებად დავრჩებოდით. მიუხედავად ამისა, ოქტომბერში მოგვივიდა შეტყობინება, რომ 3 თვეში ჩვენი საქმეები უნდა მოგვეგვარებინა და 7 იანვრამდე

გაგვეთავისუფლებინა კუთვნილი შენობა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, მაგრამ არაფერმა გაჭრა და 7 იანვარს ხელშეკრულება შეგვიწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ჰესი “ენერგო პრო ჯორჯიას” მფლობელობაში გადავიდა. ჩვენს მდგომარეობაში იმ ხანებში რვა, თუ ცხრა ჰესი ჩავარდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა საჭირო იყო წარმატებული ჰესების ინვესტორებისთვის გადაცემა? სხვათა შორის, ყველა ამ ჰესს დაბალი ტარიფი ჰქონდა და ალბათ ვიღაცას ესეც არ აძლევდა ხელს.

– ვინ იყო ჩარეული ამ პროცესში?
–  ჯერ ნიკა გილაური, მერე – ალექსანდრე ხეთაგური. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, ქონების მართვის სააგენტო – ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ უსამართლობაში, რომელიც ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაარსებული კომპანიის -“ენერგო პრო ჯორჯიას” ხელშესაწყობად მოხდა. ქაღალდზე გაფორმდა, რომ “ენერგო პრომ” ჰესში 25 მილიონი ლარი გადაიხადა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ორთაჭალჰესი ასე ძვირი არ ღირდა. 25 მილიონად ახალი ჰესის აშენებაც კი შეიძლებოდა. ყველაფერი ისე გააფორმეს, რომ ვითომ თანხა სახელმწიფოს გადაუხადეს, სახელმწიფომ კი, წილი გაყიდა. სინამდვილეში გაყიდეს ჰესი, მაგრამ დაარქვეს წილი. ეს ყველაფერი საკმაოდ მოხერხებულად მოაწყვეს: აუქციონი წინასწარ ჩატარდა და ორთაჭალჰესი “ენერგო პრო ჯორჯიამ” შეისყიდა. ისეთი გზა მოძებნეს, რომ საწინააღმდეგო ვერაფერი მოგვეხერხებინა. სინამდვილეში კი, ძალადობრივი გზით მიითვისეს ყველაფერი, რაც გვებადა. ყველა წესი და კანონი დაარღვიეს, ამიტომ, ეს პრაქტიკულად მიტაცება იყო. ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი და გამიზნული.

– ფულადი კომპენსაცია თუ გადაგიხადეს?

– არანაირი კომპენსაცია არ მიგვიღია და ვერც ვერაფერი დავიბრუნეთ, ერთი ლურსმანიც კი. საქმე სასამართლოში შევიტანეთ, ახლაც აქ მიდევს ამ საქმის მასალები, ლამის ტომებია დაგროვილი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ბოლო სასამართლო ამ რამდენიმე თვის წინ გაიმართა, მაგრამ ამაოდ. “ენერგო პროს” ვერ ვუჩივით იმიტომ, რომ მან ჰესი სახელმწიფოსაგან იყიდა. სასამართლოც ვერაფრით დაგვეხმარა იმიტომ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ეს გააფორმა როგორც წილის გაყიდვა და არა, როგორც ჰესის გაყიდვა. არადა, წილი უდრიდა ჰესს, მეტი ქონება ჩვენ არ გვქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი უსამართლობა დატრიალდა და თანაც, ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ სიმართლის დამტკიცებაც ვერ შევძელით. ეს ჰესი ჩვენს მფლობელობაში 2019 წლამდე უნდა ყოფილიყო. იჯარის ქირასაც ვიხდიდით და ჩვენს ბიზნესს მშვენივრად ვუძღვებოდით, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ძალიან ცუდად დამთავრდა.

–  ვერც ახალი მთავრობის დროს მიაღწიეთ სამართალს?
–  “ორთაჭალენერჯიმ” ახალი მთავრობის პირობებშიც ვერ დაამტკიცა თავისი სიმართლე, არც კომპენსაცია მოგვცეს და არც ზარალი აგვინაზღაურეს. 1 ლარიც კი არ მიგვიღია კომპენსაციის სახით და ეს მაშინ, როცა ყველაფერი მიითვისეს, მთელი ჩვენი ქონება- კონდიციონერებით და კომპიუტერებით დაწყებული, მობილური ტელეფონებითა და სკამებით დამთავრებული. თუმცა, ჩვენი გუნდი მაინც არსებობს, კომპანია ქონების გადასახადს დღემდე იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი უსიამოვნება დაგვატყდა თავს, მაინც ვცდილობთ არ გავქრეთ და სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლოთ. ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ!

P.S. bpn.ge “ენერგო პრო ჯორჯიას” პოზიციითაც დაინტერესდა. როგორც ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა გვითხრა, “ორთაჭალჰესი” თავის დროზე სახელმწიფომ გამოიტანა გასაყიდად:
“ჩვენ მივიღეთ აუქციონში მონაწილეობა და ის შევიძინეთ. ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით გავიარეთ, ყველაფერი ოფიციალურად, კანონის ფარგლებში მოხდა, თანხაც გადახდილი გვაქვს და კონკურსშიც მონაწილეობა მივიღეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით”,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას “ენერგო პრო ჯორჯიას”  წარმომადგენელმა.

ხათუნა ჩიგოგიძე
bpn.ge