მერიის თასზე იტალიის ნაკრების ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

0
14
მერიის თასზე იტალიის ნაკრების ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

დღეს სპორტის სასახლეში თბილისის მერის თასი აიღებს სტარტს.

თბილისი დიდ ტურნირს მასპინძლობს. საქართველოში ოთხთა ტურნირის სათამაშოდ უკვე ჩამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები: იტალია, ესტონეთი და ლატვია.

14 აგვისტოს პირველი სათამაშო დღეა. ტურნირს საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი გახსნის, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია. ბილეთები 12 აგვისტოდან უკვე გაყიდვაშია და გულშემატკივარს სამივე დღის ბილეთების ყიდვა შეუძლია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი განახორციელებს.

მეორე შეხვედრა ლატვიასა და იტალიის ნაკრებებს შორის 20:30 საათზე დაიწყება.

თბილისის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ფორვარდი თორნიკე შენგელია. იგი გუნდთან ერთად ჯერ სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, კუნთი აქვს გაწყვეტილი და დასვენება სჭირდება, თუმცა, ექიმების თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს.

ცნობილია ასევე შემადგენლობა, რომლითაც იტალიის ნაკრები თბილისის მერიის თასზე სათამაშოდ ჩამოვა. იტალიელები თბილისში 16 კალათბურთელს ჩამოიყვანენ და მათ შორის ყველა ის მოთამაშეა, რომლებსაც საკალათბურთო მსოფლიო კარგად იცნობს.

დანილო გალინარი, მარკო ბელინელი და ანდრეა ბარნანი

იტალიის ნაკრებთან ერთად თბილისში სამივე ის კალათბურთელი ჩამოვა, რომლებიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში თამაშობენ: ანდრეა ბარნანი, მარკო ბელინელი და დანილო გალინარი. მერიის თასზე ითამაშებენ ცნობილი იტალიელი კალათბურთელები: პიეტრო არადორი, ალესანდრო ჯენტილე, დანიელ ჰაკეტი, ჯუზეპე პოეტა და სხვები.

საქართველოსა და იტალიის მატჩი თბილისის მერიის თასის ბოლო სათამაშო დღეს, 16 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.