Home » საზოგადოება » 2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული
2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული

2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული

2013 წელს დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ.

ლილუაშვილის შეფასებით, რეფორმა არასწორად დაიწყო და წარიმართა. მისივე თქმით, მუნიციპალური ქალაქებისა და თემის გაყოფას სხვა ნაბიჯების გადადგმაც უნდა მოჰყოლოდა, რაც, თავის მხრივ, ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ეს ვერ განხორციელდა.

“რეფორმა თავიდანვე ხარვეზიანი იყო. ის ჩანასახშივე იყო განწირული მარცხისთვის. სასურველი იყო გამიჯნულიყო ქონება და თემისა და ქალაქის ადმინისტრაციები ერთსა და იმავე შენობაში არ ყოფილიყო განთავსებული. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ფაქტორიც, როცა მაგალითად, თელავის თემის წარმომადგენელს ვერ წარმოუდენია, რომ ის ქალაქ თელავის წარმომადგენელი არ არის”, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა და კომიტეტის წევრებს კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაერთიანების პროექტის განხილვისას ძირითადად ყურადღება ხარჯებზე გამახვილდა.
როგორც რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წარმომადგენელმა განმარტა, 2013 წელს მუნიციპალიტეტების გაყოფამ მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები გაზარდა და ეს ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოაკლდა.

“ქალაქი და სოფელი ერთად, თანაბრად უნდა განვითარდეს”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

Share