Home » მსოფლიო » 20 მილიონი ტონა 3 თვეში – ევროკავშირმა წარმოადგინა გეგმა უკრაინული მარცვლეულის სწრაფი ექსპორტისთვის

20 მილიონი ტონა 3 თვეში – ევროკავშირმა წარმოადგინა გეგმა უკრაინული მარცვლეულის სწრაფი ექსპორტისთვის

ევროკომისიამ შესთავაზა დახმარება უკრაინას ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტზე სარკინიგზო, საავტომობილო და სამდინარო გზით, შავი ზღვის პორტების რუსეთის ბლოკადის გვერდის ავლით. შესაბამისი გეგმა 12 მაისს ბრიუსელში წარადგინა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა, იტყობინება ევროკომისიის პრესსამსახური.

მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავს ალტერნატიული მარშრუტების შექმნას და საზღვრებს შორის გადატვირთულობის შემცირებას, მან ასევე უნდა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეაფერხა გლობალური საკვების მიწოდება, რადგან ორივე ქვეყანა მსოფლიოში ხორბლის, ქერის და მზესუმზირის ზეთის უდიდესი ექსპორტიორია. ამაზე განსაკუთრებით იმოქმედა უკრაინის პორტების ბლოკადამ, რადგან ომამდე ისინი მარცვლეულისა და ზეთის თესლების ექსპორტის 90%-ს შეადგენდნენ“,- განაცხადა ვალეანმა.

მისი თქმით, 20 მილიონი ტონა მარცვლეული უნდა გავიდეს ექსპორტზე უკრაინიდან სამ თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

„20 მილიონი ტონა მარცვლეულმა უნდა დატოვოს უკრაინა სამ თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ეს გიგანტური ამოცანაა, ამიტომ მნიშვნელოვანია მომარაგების ჯაჭვების კოორდინაცია და ოპტიმიზაცია, ახალი მარშრუტების გაყვანა და შეძლებისდაგვარად თავიდან ავიცილოთ შეფერხებები”, – თქვა მან.

გეგმის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ საზღვრის უკრაინის მხარეს ათასობით ვაგონი და სატვირთო მანქანა დაგროვდა რეგისტრაციისს რიგში. საშუალო მიმდინარე მოლოდინის დრო 16 დღეა, ზოგიერთ საზღვარზე 30 დღემდე. ასევე, მეტი მარცვლეული ინახება, რომელიც მზად არის ექსპორტისთვის. პრობლემა ასევე სხვადასხვა ლიანდაგებშია: უკრაინული ვაგონები შეუთავსებელია ევროკავშირის სარკინიგზო ქსელის უმეტეს ნაწილთან, ამიტომ საქონელი უნდა გადაიტვირთოს.

ამ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა უკრაინაში მაქსიმალური მოძრავი შემადგენლობის გაგზავნა, ხოლო საზღვარზე უნდა მოეწყოს სპეციალური საკონტაქტო პუნქტები („უნივერსალური მაღაზია“). კომისია ასევე მოუწოდებს ბაზრის მონაწილეებს, სასწრაფოდ გადაიტანონ მარცვლეულის მობილური მტვირთავები შესაბამის სასაზღვრო ტერმინალებში.

ვალეანის მიერ წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს უკრაინასთან ახალი საგზაო ტრანსპორტის ხელშეკრულების შემუშავებას. ევროკავშირის სატრანსპორტო ოპერატორების დაინტერესების მიზნით, განიხილება დამატებითი ფინანსური გარანტიების ვარიანტები.

გიორგი არაბული

Share