Home » ფინანსები » 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, „ქართულმა ოცნებამ“ 7 600 097 ლარი დახარჯა, „ლელომ“ – 796 369, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ – 703 604, „ნაცმოძრაობამ“ – 521 304

2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, „ქართულმა ოცნებამ“ 7 600 097 ლარი დახარჯა, „ლელომ“ – 796 369, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ – 703 604, „ნაცმოძრაობამ“ – 521 304

საარჩევნო სუბიექტების მიერ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად 11 084 561 ლარია დახარჯული, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 6 774 269 ლარი რეკლამაშია დახარჯული, 293 357 ლარი – შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 4 016 935 ლარი – სხვა ხარჯებზე, რაც მოიცავს ოფისების იჯარის ხარჯებს, კომუნალურ ხარჯებს, მივლინების ხარჯებს, კონფერენციების/ტრენინგების ხარჯებს და სხვ.

რაც შეეხება კონკრეტული სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჯამში 7 600 097 ლარი დახარჯა. აქედან 5 299 065 ლარი რეკლამაში აქვს დახარჯული, 7 500 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, 2 293 532 – სხვა ხარჯები აქვს.

„ლელო საქართველოსთვის“ ჯამური ხარჯი 796 369 ლარია, აქედან 539 321 ლარი რეკლამაზე, 23 783 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 233 265 სხვა ხარჯებია.

„გახარია – საქართველოსთვის“ ჯამური ხარჯი – 703 604 ლარია, რეკლამისთვის პარტიას დახარჯული აქვს 336 566 ლარი, ხოლო სხვა ხარჯები – 367 038 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პარტიას შრომის ანაზღაურებაზე თანხა დახარჯული არ აქვს.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამური ხარჯი 521 304 ლარია, 65 950 ლარი რეკლამისთვის, 81 748 შრომის ანაზღაურებისთვის, 373 606 სხვა ხარჯებისთვის.

„გირჩის“ ხარჯი ჯამში 454 330 ლარია, აქედან 124 74 ლარი რეკლამაზე აქვს დახარჯული, 329 589 სხვა ხარჯებია.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიის ჯამური ხარჯი 330 962 ლარია, აქედან 72 497 ლარი რეკლამაზე დაიხარჯა. 13 534 ლარი- შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 244 931 ლარი სხვა ხარჯებია.

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ საერთო ხარჯი 213 404 ლარია, ხოლო 190 879 ლარი რეკლამაზე აქვს დახარჯული, 14 343 შრომის ანაზღაურებაზე, 8 182 სხვა ხარჯებია.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ჯამური ხარჯი 125 947 ლარია, აქედან რეკლამაზე 34 262 ლარი დახარჯეს, 64 797 ლარი შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 26 888 ლარი სხვა ხარჯებია.

„მესამე ძალის“ ჯამური ხარჯი 103 431 ლარია, აქედან სარეკლამო ხარჯები 37 626 ლარს შეადგენს, 5 102 ლარი შრომის ანაზღაურებაა, სხვა ხარჯები – 60 703 ლარია;

რაც შეეხება დანარჩენ სუბიექტებს, მათი ჯამური ხარჯი 235 113 ლარია, აქედან რეკლამაზე დახარჯული აქვთ 73 362 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე 82 550 ლარი, ხოლო სხვა ხარჯები – 79 201 ლარია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 926 ფიზიკური და 63 იურიდიული პირის შემოსავლების შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით, გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის გამოიკითხა 10 პირი.

„საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის მონაცემების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მიმდინარეობს 3 საქმის წარმოება.

2021 წლის 2 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“ სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა, ჯამში, 714,000 ლარი შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან ზემოაღნიშნული შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ.

ინფორმაცია შემომწირველი იურიდიული პირების შესახებ მიღებულია. ინფორმაციის თანახმად, იურიდიულ პირებს დეკლარირებული აქვთ საკმარისი შემოსავლები შემოწირულების განსახორციელებლად. შემომწირველი ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დადგინდება განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება.

პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე წარმომადგენელთა შერჩევის მიზნით, გამოაცხადა ვაკანსია 60 საარჩევნო ოლქის წევრის პოზიციაზე და მათ შესავსებად ჩაატარა ე.წ. შემოწირულების აუქციონები. ანალოგიური აუქციონები ჩაატარა საარჩევნო საუბნო კომისიის წევრის პოზიციის დასაკავებლადაც.

აღნიშნული აუქციონის მოგების შემთხვევაში, ანგარიშსწორება შესაძლებელი იყო “გირჩის” პორტალიდან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესიის – „ბიბლიური თავისუფლების“ საბანკო ანგარიშებზე. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერების საჯარო განცხადებების თანახმად, მიღებული თანხით გათვალისწინებულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვა ინფორმაცია კომერციული ბანკებიდან „ბიბლიური თავისუფლების“ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია და 68 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.

ipn.ge

Share