ძველ პერიოდიკაში გაფანტული რეკლამები ხანდახან იმაზე მეტს ჰყვებიან ეპოქაზე, ადამიანებზე, მათ ყოველდღიურობაზე, ქვეყნის სოციალურ თუ ეკონომიკურ ყოფაზე, ვიდრე გრძელი და სიტყვაუხვი სტატიები.
ეს ათი რეკლამა 1900-იანი წლების თბილისური პრესიდანაა. რეკლამის თავისებური წინამორბედი – მშრალი, ჩარჩოში ჩასმული განცხადებები, იმ დროისათვის, უკვე სპეციალური დიზაინით შექმნილი რეკლამით იცვლება.
უფრო მიმზიდველი ხდება ტექსტებიც, კალოშების, ვირთაგვების წამლისა თუ ბალ-მასკარადის შესახებ, იხვეწება გამოსახულებაც.
ერთი სიტყვით, აქ თავმოყრილია ათი პროდუქტი, თუ სერვისი, რომელსაც ასი წლის წინანდელი ბიზნეს-ელიტა სთავაზობდა მომხმარებელს.
#1
ინდოური მიშუნაი
ქიმიკოსის რის გუტმანისა: ნამდვილი გაწყვეტა ვირთაგვებისა, თაგვებისა და სხვა მათ გვართა”.
ფასი 60კ.-1მ.50კ.
“ივერია”, 1903

#2
ერთი ფინჯანი კაკაო ვან-ჰუტენისა
ყოველ ეჭვს გარეშე საუკეთესო მოსანელებელი საუზმე
“ცნობის ფურცელი”, 1905

#3
ფეხსაცმელი
ს.-პეტერბურგის სამექანიკო წარმოების ამხანაგობისა, აგრეთვე მსწრაფლ-მავლები და სანდალიები. ტყავის საქონელი სავაჭრო სახლის “ლეოპოლდ ნეიშელლერის” საწყობში.
ტელეფონი 346, ერევნის მოედანი
1904, “ცნობის ფურცელი”

#4
დაზღვევა სიცოცხლისა,
ე.ი. თანხებისა და შემოსავლისა ოჯახის, საკუთარის მოხუცებულობის, მზითევის, სტიპენდიების და სხვა უზრუნველყოფისთვის, ძლიერ კარგ პირობებით.
სათადარიგო და ძირითადი თანხები 49. 000. 000 მან-ზე მეტი.
დაზღვევა უბედურ შემთხვევისაგან, ცეცხლისაგან და დაზღვევა ყოველგვარის ტრანსპორტისა.
დამზღვევი საზოგადოება “რუსეთი” “საქართველოს კალენდარი”, 1904

#5
რუსეთ-ამერიკის რეზინის მანუფაქტურის, “ლეოპოლდ ნეიშელლერის” წარმოების, პარიზის გამოფენის Grand Prix მფლობელი კალოშები.
“ცნობის ფურცელი” 1905

#6
დიდძალი კაცის, ქალის და ბავშვის ტანისამოსი, ფორმის ტანისამოსი ყველა სასწავლებლის და სამოქალაქო დაწესებულებისა. განუწყვეტლივ მოგვდის ყველაფერი, რაც ახალია ბერლინისა, პარიზისა და მოსკოვის სავაჭრო სახლიდან – ახლად გახსნილ მაღაზია “ექსელანსში”.
საქონლის ყიდვა შეუვაჭრებლად, “ექსელანსის” მაღაზიას სრული იმედი აქვს, რომ ტფილისის პატივცემული საზოგადოება პირადად მობრძანდება და გაიცნობს ყველაფერს.
“ცნობის ფურცელი”, 1905

#7
აუარებელი რიცხვი სათვალეები, პენსნები, ლორენტები, დურბინდები, ცირკულები, ფარგლები, საზომავი არშიები, ტერმომეტრები სიცხე-სიცივის გამოსაკვლევად ადამიანისთვის, ჰაერისთვის, გრადუსნიკები სახლში და გარეთაც ჩამოსაკიდებელნი, არეომეტრები სხვა-და-სხვა ხარისხისა და ღირსებისა.
ჰორზინგის საოპტიკო საგნების მაღაზია. მაღაზია იმყოფება თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ქვაშვეთის ეკლესიის სახლში.
“საქართველოს კალენდარი”,1904

#8
ახალი საშუალება თმის გასაზრდელად და გასამაგრებლად, რომელიც აგრეთვე ქერტლსაც აქრობს. და კიდევ, ახალი საშუალება “კვერცხის რძე” სახის განსანაზებლად და გასათეთრებლად.
ფასი ყველასათვის ხელ მისაწვდენია: დიდი ჭიქა -2 მან., პატარა 1 მან. 50 კაპ. იყიდება ყველა საპარფიუმერიო და სააფთიაქო მაღაზიებში.
“ივერია”, 1900

# 9
“ოდობრინი” მ.ვ. ლებედევისა
ეს წამალი სრულიად აქრობს რამდენსამე დღეში ძველს ბებერას და მეტ-ხორცს ძირიან-ფესვიანად. ეტიკეტი უნდა ჰქონდეს მთავრობისაგან დამტკიცებული.
“ივერია”, 1903

#10
ტფილისის “კრუჟოკის” დარბაზში იქნება გამართული ბალი. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების” სასარგებლოდ. მანდილოსანთ შეუძლიანთ დაესწრონ ბალს გულ-ამოუჭრელი კაბებითაც. ბილეთის ფასი ორ-ორი მანათი. ბილეთები ისყიდება შავერდოვის სააგენტოში და “კრუჟოკის” შვერიცართან.
“ივერია”, 1886

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა სრული არქივის ნახვა შესაძლებელია ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელის” ვებგვერდზე: www.dspace.nplg.gov.ge