Home » ფინანსები » 18 დღეში საპენსიო ფონდში 20 მილიონ ლარზე მეტია შემოსული
18 დღეში საპენსიო ფონდში 20 მილიონ ლარზე მეტია შემოსული

18 დღეში საპენსიო ფონდში 20 მილიონ ლარზე მეტია შემოსული

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის ამოქმედებიდან 18 დღის განმავლობაში სისტემაში 25 000 კერძო კომპანია შეურთდა, სისტემაში გახსნილია დაახლოებით 300 000 პერსონალური ანგარიში.

“საპენსიო დანაზოგის სახით შემოსულია უკვე 20 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა იმ 25 ათასი კომპანიიდან ყველას დეკლარაცია ჯერ დახურული არ არის. 7500-ია მხოლოდ და ველოდებით, რომ ეს პროცესი ალბათ თებერვალშიც გადავა. ყველა დეკლარაცია როდესაც დაიხურება, ეს თანხა გაიზრდება”, ამბობს სურგულაძე NETGAZET-თან საუბრისას.

სურგულაძის ვარაუდით, მონაწილეთა რიცხვი 550-650 ათასამდე იქნება:

“ვფიქრობ, ცნობადობის გაზრდის კვალდაკვლად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, მათ შორის თვითდასაქმებულები, რომელთათვისაც ეს ნებაყოფლობითია”, ამბობს იგი.

ექნება თუ არა მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შესაძლებლობა, ერთბაშად აიღოს დანაზოგი, ლევან სურგულაძე გვასუხობს, რომ ეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

“თუ ადამიანს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, მაშინ შეუძლია ნებისმიერ ასაკში გაიტანოს თავისი დანაზოგი.

საპენსიო ასაკში ერთიანად გატანის უფლება აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩაერთვებიან სქემაში ნებაყოფლობით – ქალები, რომლებიც 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 55 წლის, და კაცები, რომლებიც უკვე იყვნენ 60 წლის.

ეს ადამიანები, რომლებიც ავტომატურად არ წევრიანდებიან სისტემაში, თუ ჩაერთვებიან, მათ შეეძლებათ საპენსიო დანაზოგი ერთიანად გაიტანონ. ასევე, თუ მიდიან უცხოეთში საცხოვრებლად”, – ამბობს სურგულაძე.

Netgazeti.ge

Share