Home » საზოგადოება » “13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული”
"13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული"

“13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 90 მლნ ლარამდეა დახარჯული”

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე, 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

”ამ ეტაპზე 90 მილიონ ლარამდეა დახარჯული, როგორც ფიზიკური პირების ზიანის ანაზღაურებისთვის, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ცალკეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. ეს იქნება ძირითადად წყნეთი-სამადლოს გზაზე, ამიტომ დაახლოებით 100 მილიონი ლარი იქნება ჯამში ის ზარალი, რომელიც ჩვენ სტიქიის შედეგად მივიღეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებული რამდენიმე ოჯახის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, მათ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს, თბილისის მერის თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ბინა ან სახლის რეაბილიტაცია, ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია.

”არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სამართლებრივ პროცედურებს გადიან და მათი მოგვარების შემდეგ დაკმაყოფილდებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც იმაზე მეტი ამბიციები და მოთხოვნები აქვთ, ვიდრე დადგენილი წესი და ნორმაა. ამიტომაც მათ, სამწუხაროდ, ვერ ვეხმარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ძალიან ბევრი გაკეთდა, 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ზიანი ყოფილიყო ანაზღაურებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Share