Home » საზოგადოება » 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნეს
100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნეს

100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნეს

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 თებერვალს ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას. აღნიშნული მოთხოვნა მითითებული იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში. სადავო ნორმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე სცნეს ძალადაკარგულად.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია, ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.

კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს.

წყარო: on.ge

Share