Home » საზოგადოება » 10 რჩევა, როგორ დავიზღვიოთ თავი უსიამოვნო სიურპრიზებისგან საბანკო პროდუქტების გამოყენებისას
10 რჩევა, როგორ დავიზღვიოთ თავი უსიამოვნო სიურპრიზებისგან საბანკო პროდუქტების გამოყენებისას

10 რჩევა, როგორ დავიზღვიოთ თავი უსიამოვნო სიურპრიზებისგან საბანკო პროდუქტების გამოყენებისას

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკის მომხმარებლებს ავიწყდებათ ან უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის ან რა ხარჯის გაღება მოუწევთ ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას.

როგორ ავირიდოთ თავი მოულოდნელი ხარჯებისგან? როგორ შევამციროთ საბანკო დანახარჯები და რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება საბანკო პროდუქტების გამოყენებისას? გთავაზობთ 10 პრაქტიკულ რჩევას თიბისი ბანკის პროექტის, “ჩემი ფინანსები” ავტორისა და პირადი ფინანების მართვის ექსპერტის, ლევან დიასამიძისგან

არის შემთხვევები, როდესაც სესხის აღებისას მომხმარებლები მხოლოდ მის წლიურ საპროცენტო განაკვეთს აქცევენ ყურადღებას.  რეალურად კი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, ყოველთვიურად შედარებით მეტი თანხის გადახდა უწევთ.

 რეკომენდაცია: აუცილებლად დაადგინეთ თქვენი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან სწორედ ეფექტურ პროცენტში იანგარიშება ყველა ის ხარჯი, რომელიც სესხის აღებას ახლავს თან, მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო, სესხის მომსახურების საკომისიო, დაზღვევის თანხა და ა.შ.  სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა მითითებულია თქვენს სასესხო ხელშეკრულებაში, თქვენ უბრალოდ გჭირდებათ, რომ თვალი გადაავლოთ ხელშეკრულებას და იყოთ ინფორმირებული იმ სავარაუდო ხარჯების შესახებ, რომელთა გაღებაც სესხის აღებისას ან მისით სარგებლობისას მოგიწევთ. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გააკეთოთ სანამ აირჩევთ სასესხო პროდუქტს ან ბანკს, რომლისგანაც პროდუქტის ყიდვას აპირებთ.

გქონიათ შემთხვევა, როდესაც ბანკში ვიზიტისას, მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ თქვენს მიერ გამოუყენებელ ანგარიშს ან ბარათს საკომისიო დაერიცხა და დავალიანება წარმოეშვა? როგორ და რატომ ხდება ეს?

რეკომენდაცია:  თქვენ თქვენს ანგარიშს ან ბარათს აღარ იყენებთ, გასტუმრებული გაქვთ ბარათზე არსებული დავალიანებაც. მაშ, როგორ ხდება, რომ ბარათზე გერიცხებათ დამატებითი საკომისიო დავალიანება? საქმე იმაშია, რომ თქვენ თქვენი ანგარიში არ დაგიხურავთ და ბანკი თვლის, რომ ამ პროდუქტით ისევ სარგებლობთ. ამიტომ, როგორც კი ჩათვლით, რომ ეს ანგარიში ან ბარათი აღარ გჭირდებათ, უმჯობესია დახუროთ ანუ შეატყობინოთ ბანკს იმის, შესახებ რომ პროდუქტით სარგებლობას აღარ აპირებთ.  ანალოგიურად უნდა მოიქცეთ გამოუყენებელი ინტერნეტ ბანკის ან სმს სერვისის ფლობის შემთხვევაშიც.

რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენი სადებეტო ბარათის ძირითად ვალუტად მითითებული გაქვთ ლარი და გჭირდებათ ბარათით ანგარიშსწორება რომელიმე უცხოურ ვალუტაში ან თანხის განაღდება ბანკომატიდან ასევე უცხოურ ვალუტაში. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ანგარიშიდან ზედმეტი თანხა- კონვერტირების საკომისიო გეჭრებათ.

რეკომენდაცია:  სადებეტო ბარათის პრიორიტეტად ის ვალუტა უნდა მიუთითოთ, რომელსაც ანგარიშსწორებისთვის იყენებთ. თუ მაგალითად, თქვენი ბარათის პრიორიტეტი ლარია, თქვენ კი პერიოდულად დოლარში აკეთებთ ანგარიშსწორებას, თქვენ იხდით კონვერტირების ხარჯებს.

ორი გამოსავალი გაქვთ: შეგიძლიათ აიღოთ სხვა ბარათი, რომელზეც თქვენთვის პრიორიტეტული ვალუტა გექნებათ მითითებული.

მეორე გამოსავალია დროებით შეუცვალოთ თქვენს ბარათს სავალუტო პრიორიტეტი. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული, თუ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ მოგიწევთ სხვადასხვა ვალუტებში ანგარიშსწორება.

რა ხდება მაშინ, თუ სადებეტო ბარათზე გაქვთ ლარი, თქვენ კი ბანკომატიდან დოლარის განაღდება გსურთ? ასეთ შემთხვევაში გიწევთ თანხის კონვერტაცია  ბანკის დადგენილი კურსით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან შედარებით მაღალია.

რეკომენდაცია:  თუ ასეთ შემთხვევაში, მზად ხართ, გაიღოთ დამატებითი ხარჯი თქვენივე კომფორტისათვის, თქვენი ნებაა, თუმცა მათ ვინც ხარჯების ეკონომიას ანიჭებს უპირატესობას, შეუძლია ანგარიშიდან გამოიტანოს ლარი და იყიდოს სასურველი უცხოური ვალუტა ჯიხურში ან ბანკში.

რა ხდება, როდესაც სარგებლობთ ერთი ბანკის პლასტიკური ბარათით და გსურთ თანხა გაანაღდოთ სხვა ბანკის ბანკომატში. უბრალოდ ვერ პოულობთ ახლომახლო მდებარე თქვენი ბანკის ბანკომატს. ასეთ შემთხვევაში, იცოდეთ, რომ თუ სხვა ბანკის ბანკომატს გამოიყენებთ, შესაძლოა საკომისიო იყოს უფრო მაღალი, რადგან სხვადასხვა ბანკებს ბანკომატიდან თანხის განაღდების განსხვავებული ტარიფები აქვთ.

რეკომენდაცია: როდესაც გჭირდებათ თანხის განაღდება ბანკომატიდან, უმჯობესია  ისარგებლოთ იმ ბანკის ბანკომატით, რომლის პლასტიკური ბარათიც გაქვთ ან მისი მეგობარი ბანკების ბანკომატებით. მეგობარი ბანკების ჩამონათვალის გაგება შეგიძლიათ თქვენს მომსახურე ბანკში. თუ ინტერნეტ ბანკით სარგებლობთ, იქ ახლომდებარე ბანკომატების რუკასაც ნახავთ.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რა თანხას შეადგენს სესხის გაცემის საკომისიო. რისთვის გჭირდებათ ამ თანხის ცოდნა? საქმე იმაშია, რომ სესხის გაცემის საკომისიო თქვენს მიერ ასათვისებელ სესხს აკლდება და შესაძლოა სესხის სახით ის თანხა ვერ აიღოთ, რომელიც გჭირდებათ და რომელიც მითითებული გქონდათ მოთხოვნაში.

 რეკომენდაცია: ბანკი, თავის მხრივ, ყოველთვის გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხარჯებთან გექნებათ საქმე სესხის აღებისას, ამის მიუხედავად სასურველია თქვენ თავად იყოთ პროაქტიული საკრედიტო ოფიცერთან კომუნიკაციისას. აუცილებლად დაუსვით კითხვა თქვენს საკრედიტო ოფიცერს  სესხის გაცემის საკომისიოს შესახებ,  დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება და გაარკვიეთ რამდენია ეს თანხა. შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რა ოდენობის სესხს იღებთ და იღებთ თუ არა საერთოდ.

ყოფილხართ თუ არა სიტუაციაში, როდესაც სესხის წინასწარ დაფარვა გადაწყვიტეთ და აღმოაჩინეთ, რომ წინსწრებით დაფარვის საკომისიო გაქვთ გადასახდელი. რატომ? საქმე იმაშია, რომ ბანკს თქვენი სესხის მომსახურება, რა თქმა უნდა, თქვენთან შეთანხმებით, კონკრეტულ დროსა და ვადაზე აქვს გაწერილი. ის ხომ ასეთი დადგენილი გრაფიკით მუშაობს, როგორც მეანაბრესთან, ისე მსესხებელთან. ვინაიდან თქვენ შეწყვიტეთ ხელშეკრულება და გადაწყვიტეთ ნაადრევად დაფაროთ თქვენი სესხი, ბანკს უწევს, დაგაკისროთ მინიმალური თანხა საკომისიოს სახით.

რეკომენდაცია: ზოგ შემთხვევაში წინასწარ დაფარვის საკომისიო არ არის გათვალისწინებული თქვენი ხელშეკრულებით, ამიტომ, გაარკვიეთ მოგიწევთ თუ არა წინასწარ დაფარვის საკომისიოს გადახდა და მზად ხართ თუ არა ამ ხარჯის გასასტუმრებლად.

 ალბათ გსმენიათ ერთეული შემთხვევების შესახებ, როდესაც მომხმარებლის ნებართვის გარეშე, არალეგალურად მოხდა ბარათის გამოყენება მესამე პირის მიერ. როგორ დავიზღვიოთ თავი ასეთი სიურპრიზისგან?

რეკომენდაცია:  როდესაც ფლობთ პლასტიკურ ბარათს, უნდა იცოდეთ, რომ მას მოხმარების გარკვეული წესები აქვს. კერძოდ, თქვენ გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება გმართებთ. აუცილებელია, შეინახოთ ბარათი უსაფრთხო ადგილზე, არ გაატანოთ ის მომსახურე პერსონალს ანგარისშწორების მიზნით, არ შეინახოთ ბარათი ფურცელზე დაწერილ პინკოდთან ერთად. თუ ამ წესებს დაიცავთ, თქვენს ბარათს არაფერი ემუქრება, მაგრამ თუ მაინც 100%-იანი დაზღვევის მომხრე ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათის უსაფრთხოების სერვისით, დააზღვიოთ თქვენი ბარათი და  დაიცვათ თავი თქვენი პლასტიკური ბარათების თაღლითური გამოყენებისგან. თქვენ გარკვეული თანხის გადახდა მოგიწევთ იმის სანაცვლოდ, რომ ბანკმა აგინაზღაუროთ დაკარგული თანხა.

ხშირად მომხმარებლები იღებენ საკრედიტო ბარათებს ბანკში და გამოყენებას იწყებენ რამდენიმე წლის შემდგომ. ასეთ შემთხვევებში პირველივე ტრანზაქციისას ერთბაშად ეჭრებათ იმდენი წლის საკომისო, რა პერიოდიდანაც ფლობენ ამ ბარათებს. დამეთანხმებით, ეს არასასიამოვნო სიურპრიზია.

რეკომენდაცია:  იყავით ინფორმირებული ამ მნიშვნელოვანი წესის შესახებ, რადგან თუ ეს ასე მოხდა, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი საკრედიტო ლიმიტის სრულად გამოყენებას და ზედმეტი თანხის გადახდის გამოც, კმაყოფილი ვერ დარჩებით.

შესაძლოა გამოგიცდიათ ძალიან უსიამოვნო სიტუაცია, როდესაც დაკარგეთ სამსახური და დაგრჩათ სესხი, რომელსაც თქვენი ხელფასით ემსახურებოდით. ალბათ იფიქრებთ, რას ვიზამ, ყველაფერს წინასწარ ვერ გავთვლიო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია, თან საკმაოდ მარტივად.

რეკომენდაცია: თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ სესხის გადახდის პასუხისმგებლობა. თუ თქვენ არ გიყვართ უსიამოვნო სიურპრიზები, შეგიძლიათ გარკვეული თანხა გადაუხადოთ სადაზღვევო კომპანიებს იმისათვის, რომ 6 თვე მოემსახურონ თქვენს სესხს ანუ გადაიხადონ თქვენი ყოველთვიური შენატანი 6 თვის განმავლობაში. ამით თქვენ თავიდან იცილებთ ყოველგვარ შემდგომ გართულებას, რომელიც ჯარიმებს და დავალიანებას უკავშირდება.

Share