Home » მსოფლიო » 10 გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა 2050 წელს დადგება
10 გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა 2050 წელს დადგება

10 გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა 2050 წელს დადგება

ზოგიერთი საფრთხე, რომელიც კაცობრიობას მომავალში დაემუქრება, ჩვენთვის დღესაც ნაცნობია. პლანეტის მოსახლეობის ზრდა, ატომური ენერგიის გამოყენების უარყოფითი შედეგები, მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული… თუმცა, ასევე არსებობს პრობლემები, რომელთა კონტურებსაც ვხედავთ, თუმცა უფრო მძაფრად კაცობრიობა მათ 2050 წლისთვის შეიგრძნობს.

რა ელის სამყაროს 30 წლის შემდეგ? ზუსტად ამის თქმა, არავის ძალუძს, თუმცა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებაზე დაკვირვებით, მომავლის პრობლემებიდან ზოგიერთის გამოცნობა დღესაც შესაძლებელია.

1. ადამიანის გენების მოდიფიცირება

ადამიანის დე-ენ-ემის რედაქტირების ტექნოლოგიის შესახებ დისკუსია სულ უფრო ხმამაღლა ისმის. უახლეს ტექნოლოგიას სახელწოდებით Crispr თეორიულად შეუძლია, იმგვარად შეცვალოს ადამიანის დე-ენ-ემი, რომ მასში აღარ დარჩება კიბოს ან სხვა მძიმე დაავადების გამომწვევები.

ერთი შეხედვით, გადასარევად ჟღერს, თუმცა არსებობს უამრავი ეთიკური საკითხი, რომელიც ჯერ უპასუხოდ რჩება. ბევრი შიშობს რომ ახალი ტექნოლოგია “უნაკლო ახალშობილების” იდეას დაუდებს საფუძველს. შეძლებულ მშობლებს აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი შვილების “დიზაინი” თავადვე შექმნან და ყველა მათ მიერ არარეალიზებული ამბიცია შვილის გენში ჩადონ.

ეს ძალიან ჰგავს ადამიანების სელექციას, როდესაც მათ წინასწარ განსაზღვრული ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები ექნებათ.

დე-ენ-ემის ცვლილების ტექნოლოგიას ჯერ ისე ფართო გამოყენება არ აქვს, რომ მას ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ვუწოდოთ, თუმცა 2050 წლისთვის, დღეს დასმული კითხვები, ცხადია, უფრო აქტუალური გახდება.

შეძლებს თუ არა კაცობრიობა აღნიშნული ტექნოლოგიის სრულფასოვან კონტროლს? შევძლებთ თუ არა პლანეტის ყველა წერტილში, ყველა ლაბორატორიასა თუ უნივერსიტეტში, ყველა მეცნიერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის გაკონტროლებას?

ტექნოლოგიის სწრაფი ტემპი ხშირად არ იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ სიახლის ეთიკურ მხარეზე, სრულფასოვნად იმსჯელო, თუმცა დროთა განმავლობაში კაცობრიობას მაინც მოუწევს დაფიქრება, თუ დე-ენ-მის რომელი ნაწილის შეცვლაა დაუშვებელი.

2. მოსახლეობის გადაბერება

ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება, მაგრამ ამასთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც მატულობს. ამას დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეც აქვს. ხნიერ ადამიანს უფრო მეტი ზრუნვა და ზოგჯერ სპეციალური მოვლაც სჭირდება.

2100 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 100 წლამდე იცხოვრებენ, 50-ჯერ გაიზრდება. ამ დროისთვის, ასეთი ადამიანების რიცხვი 26 მილიონს მიაღწევს. გაიზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვი, სადაც მოქალაქეების საშუალო ასაკი 65 წელი იქნება.


შესაბამისად, კაცობრიობას ხნიერი ადამიანების მოვლასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა მოუწევს. მაგალითისთვის, იაპონიაში ამ მიზნით რობოტების გამოყენებას უკვე სერიოზულად განიხილავენ.

ზოგიერთ შემთხვევაში, კანონმდებლობის შეცვლა გახდება საჭირო, რათა ამა თუ იმ ქვეყანაში მეტი იმიგრანტი ჩავიდეს, რომ მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის კლების პრობლემის გადაჭრა ამ გზით მაინც მოხერხდეს.

3. გამქრალი ქალაქები

მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის მატების გამო, ზოგიერთი ქალაქი ნელ-ნელა იძირება. ყველაზე ხშირად მეცნიერებს მაგალითად მაიამი მოჰყავთ.

კლიმატი იცვლება და საუბარი არა მხოლოდ ტეხასში მომხდარ ისტორიულ წყალდიდობაზე. ამინდის ცვლილება ქალაქების დიზაინსაც ცვლის. კაცობრიობას უფრო მეტი დამბის მშენებლობა მოუწევს. სახლის პირველი სართული ხშირად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს.


თუმცა, ეს დროებითი ცვლილებებია. თუ კლიმატის ცვლილების ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენ იმ კუნძულებთან, ქალაქებთან და რეგიონებთან დამშვიდობება მოგვიწევს, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლა არიან განლაგებულნი. ამ მოვლენების ეკონომიკურ ეფექტს ყველა იგრძნობს. გაჩნდება მილიონობით „კლიმატური ლტოლვილიც“.

თუ კლიმატის ცვლილება მასობრივ მიგრაციას გამოიწვევს, მაშინ იმ ქალაქების ინფრასტრუქტურა და იმ ქვეყნების ეკონომიკა, რომელსაც ლტოლვილები მიაშურებენ, სერიოზული პრობლემებისა და კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

4. სოციალური ქსელების ევოლუცია

ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ერთი მხრივ, ადამიანებს შორის კავშირი გაამარტივა, თუმცა მეორე მხრივ, გააჩინა ისეთი გამოწვევები, რომლებიც კაცობრიობას არ ახსოვს.

ადამიანების უმრავლესობა უკვე დღეს ახალ ამბებს “ფეისბუქის”, “ტვიტერის”, “ინსტაგრამის” საშუალებით იგებს. 2050 წელს სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრებიდან არ გაქრება. პირიქით, შესაძლოა, მათი რიცხვი გაორმაგდეს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ კუთხით შეიძლება გაჩნდეს, ეს არის – მსოფლიო, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ იარსებებს. ამ გამოწვევის წინაშე კაცობრიობა უკვე დღეს დგას. სოციალური ქსელები ადამიანებს ანონიმურობას ართმევს და ისეთ პრობლემებს ქმნის, როგორიცაა კიბერბულინგი.

კიდევ ერთი გამოწვევა ე.წ. ინტერნეტტროლები, რომლებთან საბრძოლველადაც მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები. შეძლებენ თუ არა სამართალდამცავები და სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიები ამ ფენომენის დამარცხებას, ჯერ კვლავ უცნობია. 

ასევე, საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი სააგენტოების რაოდენობა იგივე დარჩება ან გაიზრდება. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ადამიანების შეხედულებებზე? შეიცვლება თუ არა მათი მსოფლმხედველობა?

თუ ადამიანი წლიდან წლამდე მხოლოდ გადაუმოწმებელ, ყალბ ახალ ამბებს ეცნობა, მაშინ ის ვეღარ შეძლებს ცივილიზებულ დისკუსიაში ჩართვას და შესაძლოა, ვერასდროს გახდეს ცივილიზებული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

ოპტიმისტების აზრით, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემები მალე მოგვარდება, შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს, თუმცა რა გამოწვევები გაჩნდება 30 წლის შემდეგ, ამის პროგნოზირება დღეს შეუძლებელია.

5. ახალი გეოპოლიტილური დაძაბულობა

შარშან კაცობრიობა თავად ადევნებდა თვალყურს, თუ როგორ ინგრევა ათწლეულების წინ შექმნილი გეოპოლიტიკური წესრიგი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში პოლიტიკური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დადგება.

ჩრდილოეთ კორეა ისვრის რაკეტებს. ათასობით ლტოლვილი ძალადობას და ომს სხვა სახელმწიფოებში გაურბის. ჰაკერები სხვა სახელმწიფოების არჩევნებში ერევიან. ნაციონალისტური განწყობები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ამ კავშირის მომავალს საფრთხეს უქმნის.

მსოფლიო ქაოსშია გახვეული, სადაც უბრალო დიპლომატია – ერთმანეთთან საუბრის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. 

6. ტრანსპორტის უსაფრთხოება

ურბანიზაციის სწრაფი ტემპისა და ახალი სწაფმავალი მატარებლებისა, თუ Hyperloop-ის ტექნოლოგიის მიუხედავად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში მანქანები ქუჩებიდან არსად გაქრება, პირიქით მათი რაოდენობა გაიზრდება კიდეც. უპილოტო ავტომობილები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. დიდი კორპორაციებს ერთი სული აქვთ, ქალაქის ქუჩებში მსგავსი მანქანები გაუშვან.

როგორც კვლევების უმეტესობა ცხადყოფს, ისეთ ქვეყნებში როგორიც ჩინეთია, სადაც საშუალო ფენის წარმომადგენელ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება, მანქანების რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურის და გარემოს კუთხით პრობლემებს შექმნის.

ასეთ პირობებში კაცობრიობას გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ჰაერის სისუფთავეზე და უპილოტო მანქანებისგან მომავალი საფრთხისაგან დაცვაზე ზრუნვა ერთდროულად მოუწევს.

7. ბუნებრივი რესურსების დეფიციტი

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების განვითარება იშვიათ წიაღისეულზე მოთხოვნას ზრდის. მაგალითისთვის, სმარტფონის დასამზადებლად 60 ასეთი “ინგრედიენტია” საჭირო. ამ ფონზე, ბუნებრივი რესურსები ელვის სისწრაფით იწურება.

მკვლევარების გათვლებით, ჩინეთში, სადაც იშვიათი მეტალების 90 %-ს მოიპოვებენ, ამ ბუნებრივი რესურსის მარაგი 20 წელიწადში ამოიწურება, ხოლო მათი სხვა მასალით ჩანაცვლება უკიდურესად რთული იქნება. 

8. პლანეტების კოლონიზაცია

შეძლებენ თუ არა კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კოსმოსურ ტურებს სთავაზობენ, კლიენტების უსაფრთხოება სრულფასოვნად უზრუნველყოს? შეძლებენ ადამიანები სხვა პლანეტების კოლონიზაციას?

დღეს კოსმოსში ფრენა მხოლოდ სახელმწიფო აეროკოსმოსურ სააგენტოებს და მილიარდერებს შეუძლიათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ასეთი სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, გაჩნდება ახალი გამოწვევებიც. მათ შორის, პრობლემები კოსმოსურ უსაფრთხოებაში, კოსმოსურ ლოჯისტიკასა და კოსმოსურ დიპლომატიაში.

9. ტვინის შესაძლებლობების გაზრდა

დღეს მთელ მსოფლიოში ტვინის მუშაობის გასაძლიერებლად მიღებულია სტიმულატორების მიღება, მაგალითად გამოდგება ყავა. სმარტფონები ჩვენს ტვინს დამატებითი “მეხსიერებით” უზრუნველყოფს. რა იქნება ათი წლის მერე?

წარმოიდგინეთ აბები, რომლებიც უფრო სწრაფად აზროვნებაში დაგვეხმარება. ასევე იმპლანტანტები, რომლებიც ადამიანს სამუშაოზე კონცენტრირებაში დაეხმარება. ყველა ასეთ საშუალებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიებში აქტიურად მუშაობენ.


თუმცა, ჩნდება კითხვა, რა ეშველება იმ ადამიანებს, ვინც ასეთ “ტვინის გამაძლიერებლებს” ვერ იყიდის? გაზრდის თუ არა ეს უფსკრულს ღარიბებსა და მდიდრებს შორის? 

ასევე, არსებობს უამრავი სამართლებრივი და ეთიკური საკითხი, რომელთა წარმოდგენაც დღეს რთულია. ყავის დალევა ერთია და სულ სხვაა, როდესაც საუბარია იმპლანტანტებზე ან სპეციალურ აბებზე. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, თუ რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ინტელექტის ხელოვნური გამაძლიერებლების გამოგონების შემდეგ.

10. ხელოვნური ინტელექტი

ცნობილი ამერიკელი ფუტურისტის რეი კურცვეილის ერთ-ერთი წინასწარმეტყველების მიხედვით, უახლოეს მომავალში ადამიანს აჯობებს. საბოლოოდ ის მიაწღევს წერტილს, როდესაც მანქანები ადამიანებისაგან დამოუკიდებლად განვითარდებიან.

ამ პროგნოზს ბევრი არ ეთანხმება, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება არ შეჩერდება. ისევე როგორც დე-ენ-ემის შემთხვევაში, კაცობრიობამ უნდა გააანალიზოს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს ეთიკური და საზოგადოებრივი ნორმების კუთხით. ხელოვნური ინტელექტი უახლოეს ხანში ისეთ სფეროებში დაიმკვიდრებს ადგილს, როგორიცაა ჯანდაცვა და ფინანსები.


მეცნიერები თანხმდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებას ძირეულად შეცვლის.

ამასთან არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მოწყობილობა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ადამიანის კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ამას შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა, რომელიც მილიონობით ადამიანის დაღუპვით ან კოლოსალური ფინანსური ზარალით დასრულდება.

წყარო: 1tv.ge

Share