Home » ფინანსები » 1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრება
1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრება

1-მილიონიანი არმია მევახშეებისა და ლომბარდებისკენ დაიძვრება

ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებები მოსახლეობაზე, შესაძლოა, სასიკეთოდ არ აისახოს, რადგან კრედიტებზე ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ 1 მლნ მომხმარებელს სესხით სარგებლობა შეეზღუდება.

ამ მიზეზის გამო ისინი დაფინანსების სხვა წყაროს მოძებნიან და კერძო გამსესხებლებთან გადაინაცვლებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ სებ-ის მიერ გატარებული ცვლილება შედეგს არ მოიტანს და არაეფექტური იქნება.

ეროვნულმა ბანკმა ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, დაუდასტურებელი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხებზე წვდომა ეზღუდებათ. საუბარია ძირითადად თვითდასაქმებულებზე. სებ-ის სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აკრძალულია სესხის გაცემა, როდესაც კრედიტის

 მომსახურებისა და სესხის უზრუნველყვოფის კოეფიციენტი აღემატება დადგენილ ზღვარს, ანუ გამსესხებელს არ შეეძლება, პირს სესხის მომსახურებაში შემოსავლის კონკრეტულ პროცენტზე მეტი მოსთხოვოს.

მაგალითად, პირს, რომლის ხელფასიც 500 ლარს არ აღემატება, ყოველთვიურად სესხის მომსახურებისთვის, მაქსიმუმ, შემოსავლის 15%-ის (მაქსიმუმ, 75 ლარი) დაფარვა შეეძლება. შემოსავლის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელიც მატულობს, 1000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურებაზე მხოლო 20% უნდა მიდიოდეს და ა. შ. ასევე, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 20 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხისა – 10 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის – 4 წელი.

დაუშვებელია ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს – ვადის ბოლოს. “საზოგადოება და ბანკების”დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს, გადაინაცვლონ გაუმჭვირვალე საფინანსო ბაზარზე. ამით დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაზარალდება.

“ეროვნული ბანკის ცვლილების შედეგი ბევრ ადამიანზე აისახება. დადებითი მეტი იქნება თუ უარყოფითი, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ამ ცვლილების მიმართ ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს.

ყოველთვიურად მცირეშემოსავლიან ადამიანს 15%-ზე მეტის გადახდა რომ არ მოუწევს, ერთი მხრივ, ეს გათვლაა იმაზე, რომ მას სესხის გარდა სხვა ხარჯიც აქვს და შემოსავალი მხოლოდ კრედიტის დასაფარად არ უნდა მიიმართბეოდეს. მით უმეტეს, რომ მოსახლეობის უმეტესობას ერთდროულად რამდენიმე სესხის დაფარვა უწევს. აქედან ბანკები ასეთ გამოსავალს მოძებნიან -ვადის გახანგრძლივება. მაგალითად მე თუ ვიღებდი ერთწლიან სესხს და ვერ ჩავჯდები პარამეტრებში, ბანკი შემომთავაზებს სესხის ვადის გაზრდას. ამ პირობით ყოველთვიური გადასახადი კი შემცირდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადასახადი გაიზრდება, რადგან რაც უფრო დიდია ვადა, უფრო მეტ თანხას ვიხდით.

სებ-ის ცვლილება თვითდასაქმებულ ადამიანებს ეხება, მაგრამ სესხზე მოთხოვნა ამით ვერ შემცირდება. ხალხს ყოველთვის ენდომება, ფული ისესხოს, რაც წაახალისებს ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების ბაზარს. იქ კი სესხი გაცილებით უფრო ძვირია და გამოვა, რომ ადამიანი, რომელსაც ბანკში უნდა აეღო სესხი, სხვაგან წავა და გაცილებით მეტს გადაიხდის.

ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს, გადაინაცვლონ მევახშეებთან, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეეხება. შესაბამისად, ეს ცვლილება ბევრ ადამიანზე იმოქმედებს დადებითად თუ უარყოფითად ამას დრო გვიჩვენებს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” კეპულაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს რომ სებ-ის ცვლილებას შესაბამისი ეფექტი არ ექნება. ეს არის ნახევარზომა, ადამიანები კერძო გამსესხებლების ხელში აღმოჩნდებიან და უფრო დაზარალდებიან.

“სებ-ს გაეკეთებინა ის, რაც ბელორუსში სულ ახლახან შემოიღეს. სესხის მომსახურება არ უნდა იყოს 40%-ზე მეტი ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირის თუ ოჯახისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო გონივრული იქნებოდა. 30-40% არის კრედიტის ზღვარი, რომელსაც ადამიანი უმტკივნეულოდ შესწვდება. ის ზომა, რასაც ეროვნული ბანკი გვთავაზობს, არის უეფექტო. კომერციული ბანკები შეწყვეტენ დაბალშემოსავლიან ადამიანებზე სესხის გაცემას და ისინი იძულებულნი იქნებიან, ლომბარდებს თუ კერძო მევახშეებს მიმართონ.

საქართველოში რატომღაც გრძელვადიანი სესხი უფრო ძვირი ხდება, ვიდრე მოკლევადიანი. თუ იპოთეკური სესხის გაცემის კულტურა არ მიუახლოვდა დასავლეთის ქვეყნებისას, სადაც 30 წელი არის ნორმალური ვადა, ფაქტობრივად, აქ ხალხი მუდმივად ვალებში იქნება გაჭედილი.

უცნაური გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს არაფრით აქვს გამაგრებული, არც გაანგარიშებული, რომ შეიძლება სხვა მხრივ წარიმართოს ვითარება. მიმაჩნია, რომ ეს არის ნახევარზომა, რომელსაც არ ექნება ეფექტი”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ელიავამ.

სანამ საფინანსო ინსტიტუტები სესხებს გასცემენ, თვითდასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა უნდა შეისწავლონ ფაქტობრივად, შესწავლის შემდეგაც განსაზღვრულია სესხის ზედა ზღვარი, რომლის ზევითაც ამ კატეგორიის ადამიანებზე “სასურველია”, სესხი არ გაიცეს.

ეროვნული ბანკის სამუშაო დოკუმენტში წერია, რომ ტაქსისტის სესხის მოცულობამ, სასურველია, არ გადააჭარბოს 6000 ლარს; რეპეტიტორისა – ასევე 6000 ლარს; პროფილაქტიკის ხელოსნის კრედიტის მოცულობაც ასეთივეა და სასურველია, ბანკმა ამ კატეგორიაზე 6000 ლარზე მეტი არ გასცეს. ძიძის სესხი 2000 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო დალაქს შეუძლია, მეტი აიღოს, ოღონდ სასურველია, არ გადააჭარბოს 3500 ლარს. ფულადი გზავნილების მიმღებ პირთა სესხის მოცულობამ კი, სასურველია, არ გადააჭარბოს 2000 ლარს.

გაზეთი “რეზონანსი”

Share