Home » ფინანსები » ჯანდაცვის მინისტრი – მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდეა შემცირებული

ჯანდაცვის მინისტრი – მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდეა შემცირებული

„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის, ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ. ლარი).

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG).

ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

Share