Home » ბიზნესი » შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, მათ შორის, მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირება, საბაჟოს რეფორმა და ბიზნეს ოპერატორებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ განაცხადა, “შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს”.

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა საქართველოს შემოსავლების სამსახურთან ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია, რადგან შეხვედრაზე ხსენებული საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება, რადგან აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს.

Share