Home » მსოფლიო » რამდენს გამოიმუშავებენ პრემიერ ლიგის მსაჯები

რამდენს გამოიმუშავებენ პრემიერ ლიგის მსაჯები

მსოფლიოში ერთადერთი პროფესიის ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრის გარეშე ჩატარებულ მატჩებს არ უჩივიან, არიან მსაჯები. ბოლო 6 თვის განმავლობაში არავის დაუძახია სტადიონიდან სალანძღავი სიტყვები მათი მისამართით. 

პრემიერ ლიგის მსაჯები მოედანზე სუპერვარსკვლავებთან ერთად დარბიან და მათ მილიონობით ადამიანი უყურებს. ამის მიუხედავად, სტადიონზე მისული გულშემატკივარი 10-დან 9 შემთხვევაში გუნდის წარუმატებლობას სწორედ მსაჯს აბრალებს და უშვერ სიტყვებსაც არ იშურებს.

ადამიანი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და პროფესიონალი უნდა იყო, ასეთ რამეს რომ არ უგდებდე ყურს, თუმცა, საინტერესოა, რა ანაზღაურების ხარჯზე უხდებათ მათ ამ პირობებში მუშაობა?

Sportekz-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ინგლისელი არბიტრების 2020/21 წლის ანაზღაურებას მიმოიხილავს.

პრემიერ ლიგის მსაჯები, რომლებიც ასევე სჯიან საერთაშორისო ან უეფას ეგიდით გამართულ მატჩებს, წელიწადში 200,000 გირვანქას გამოიმუშავებენ – 1 შეხვედრაში 1,500 გირვანქას.

ასისტენტ-მსაჯები წელიწადში 30,000 გირვანქას გამოიმუშავებენ იმავე პრინციპით, რაც ერთ მატჩში 850 გირვანქას გულისხმობს. იგივეა ვიდეორეფერიზეც.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსაჯი ცნობილია პრემიერ ლიგაში მათ მიმართ გამორჩეული ნდობის მიხედვით, შესაბამისად, მათ უფრო მეტი შეხვედრის განსჯა უწევთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორც ცხრილშია მოცემული და ზემოთაც აღვნიშნეთ, პრემიერ ლიგის ყველა მსაჯს თითოეულ მატჩში თანაბარი ანაზღაურება აქვს 1500 გირვანქის სახით. ამის მიუხედავად, ყველაზე მეტს ერთ სეზონში გამოიმუშავებენ მარტინ ატკინსონი, მაიკლ ოლივერი და მაიკ დინი – 200,000 გირვანქა სტერლინგს. ყველაზე დაბალი ანაზღაურება 48,000 გირვანქაა. საშუალოდ კი 70,000 გირვანქას გამოიმუშავებენ. 

ეს წლიური ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ მატჩს განსჯის მსაჯი, რაც მათი რეპუტაციიდან გამომდინარე ხდება.

მარტინ ატკინსონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსაჯია, მსაჯთა ასოციაციასთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის მსაჯობა აბსოლუტური პრივილეგიაა:

“აბსოლუტური პრივილეგიაა, როცა თამაშის ნაწილი ხარ და აანალიზებ, რომ შენ იღებ გადაწყვეტილებას, ვის უნდა ჰქონდეს ბურთი. გამიმართლა, რომ მსაჯობა ჩემი ცხოვრების პროფესიად ავირჩიე, მაგრამ ჩემი წარსული გამოცდილება პოლიციიდან, დამეხმარა, სხვადასხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობა მესწავლა”, – აცხადებს ინგლისელი მსაჯი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგა 12 სექტემბრიდან დაიწყო. Adjarasport.tv ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

წყარო: Adjarasport.com

Share