Home » ფინანსები » „პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს არის რუსული პროდუქტი“

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს არის რუსული პროდუქტი“

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს, არის რუსული პროდუქტი,“ – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. როგორც პრემიერმა განმარტა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა.

ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით კი, არ არის სწორი, რომ ფასები საცალო ქსელში არ შემცირებულა. მისივე თქმით, დღეს საწვავის ბაზარზე კონკურენცია არსებობს და ვერც წარმოუდგენია, რომ დღეს კომპანიებს შორის ფასზე შეთანხმდება (ე.წ. კარტერული გარიგება) მოხდეს.

„საწვავის ბაზარზე ფასთან მიმართებაში ვითარება არის საკმაოდ რთული. დღეს, ნავთობპროდუქტებზე, ფაქტობრივად, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება, ეს განსაკუთრებით ეხება დიზელის საწვავს. აქედან გამომდინარე, პრემიერის და არა მხოლოდ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ბუნებრივია, მაგრამ რეალობას რაც შეეხება, თუ რა მოცემულობა გვაქვს – უნდა ვთქვათ, რომ რიგმა სადგურებმა, ეს ეხება ძირითადად არაბრენდირებულ სადგურებს, ფასები საშუალოდ 20-30 თეთრით შეამცირეს. შესაბამისად, სწორი არ არის, რომ ფასები საცალო ქსელში არ შემცირებულა. რიგი კომპანიების მხრიდან ფასების შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს ეხება ბენზინის საწვავს, დიზელს ცვლილება არ შეხებია. რაც შეეხება ბრენდირებულ გასამართ სადგურებს, მათ შემთხვევაში საწვავის ფასი საშუალოდ 5 თეთრით (შეიძლება ცოტა ნაკლებით) შემცირდა.

რაც შეეხება იაფიან საწვავს, საქართველოში იაფიანი პროდუქტი შემოდის მხოლოდ ორი ქვეყნიდან – თურქმენეთიდან, საიდანაც გასულ წელსაც შემოდიოდა იაფი პროდუქტი (ბენზინის შემთხვევაში) და ასევე რუსეთიდან მიმდინარე ეტაპზე, რადგან რუსეთიდან ფასდაკლებული საწვავი შემოდის ომის დაწყების შემდეგ, იქამდე იაფი არ ყოფილა რუსული პროდუქტი. შედეგად გვაქვს ასეთი მოცემულობა – თუ კომპანიას შემოაქვს რუსეთიდან, არის იაფი პროდუქტი. პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება დღეს, საცალო ქსელში ფასის სტრუქტურა შეცვალოს – არის რუსული პროდუქტი, თურქმენული პროდუქტი შეიძლება იაფია, მაგრამ ის უხარისხო პროდუქტია (ბენზინს ვგულისხმობ).

შესაბამისად, ვის შემოაქვს საწვავი რუსეთიდან და ვინ ახორციელებს მის რეალიზაციას, ამას მე დეტალებში ვერ გეტყვით. დაველოდოთ, კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, დარწმუნებული ვარ, სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა იქნება ობიექტური და ყველაფერი ცალსახა გახდება,“- განაცხადა მთვრალაშვილმა გადაცემაში „საქმე“.

წყარო: BPN.GE

Share