Home » საზოგადოება » მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან

მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან.

კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისა და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-ტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ.

ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც შეეხება „სი-ტი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებას. იდეა ეკუთვნის მერიას და მადლობა დედაქალაქის მერს ასეთი ინიციატივისთვის.

ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად იქნება შემსუბუქება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმები“, – განაცხადა იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

Share