Home » ბიზნესი » „იორლენდი“ – ადგილი, სადაც ტურისტები თავად მოიწევენ მოსავალს, დაისვენებენ და გაერთობიან

„იორლენდი“ – ადგილი, სადაც ტურისტები თავად მოიწევენ მოსავალს, დაისვენებენ და გაერთობიან

რადიო “კომერსანტის” გადაცემაში „აგრო სექტორი დიანა ბერიასთან ერთად“ “იორლენდის“ დამფუძნებელმა თამთა კალანდაძემ საკუთარ აგრო–ფერმერულ მეურნეობაზე ისაუბრა. მისი თქმით “იორლენდი“ დღეს განვითარების პროცესშია და ამჟამად სხვადასხვა კულტურების მოყვანა მიმდინარეობს. “იორლენდში” იქნება როგორც მერძეული მიმართულება, ასევე მეფრინველეობა და სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები.

როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, სამომავლოდ “იორლენდი“ იქნება ადგილი, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება ტურისტულ სექტორზე და ადამიანი “იორლენდში“ სტუმრობისას მიიღებს გამოცდილებას, ბაღში თვითონ დაკრეფს  ხილ–ბოსტნეულს და სოფლის მეურნეობასთან უშუალო შეხება ექნება.

“ჩვენი ძირითადი მიმართულება აგროტურიზმი და ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიას მოემსახურება იმით, რომ მივაწვდით ჯანსაღ პროდუქტებს.

როდესაც გადავწყვიტეთ ამ საქმის დაწყება, დავიწყეთ მიწის ძიება, მადლობა “აგრო სოლუშენის“ ჯგუფს, რომელიც დაგვეხმარა და გაგვიწია კონსულტაცია, რომ შესაბამისი მიწა მთავარი კომპონენტებით შეგვეძინა.

მიწა თავიდანვე  შემდეგი კომპონენტების  გათვალისწინებით  შეირჩა,  ახლოს  გვინდოდა  მდინარე  და  ტყე, ასევე  გვინდოდა  რომ ნაკლებად  პრეტენზიული  სახის  ნიადაგი  შეგვხვედროდა, რომ მის მოვლაზე ნაკლები ხარჯი გაგვეწია“, –  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.

თამთა კალანდაძემ აღნიშნა, რომ “იორლენდის“ დაფუძნებისას პირველი პრობლემა, რაც შეექმნათ, დარგის სპეციალისტების მოძიება და მათი გამოცდილების გაზიარება იყო.

„ჩვენ არაერთი კულტურა და სოფლის მეურნეობის რამდენიმე  დარგი გვაქვს, ადგილი ძალიან კომპლექსურია და შესაბამისად სხვადასხვა  სპეციალისტის  ჩართვა  გახდა საჭირო, შესაბამისად საკმაოდ  რთულია მოიძიო კადრი, ჩვენ აგრობიზნესში სპეციალისტებით განებივრებული არ ვართ, დღეს  ეს პრობლემა  დგას. ასევე ძალიან პრობლემურია მუშა ხელიც.

ეს ორი კომპონენტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცოდნის გარეშე გამორიცხულია დასახული მიზნების მიღწევა. თუმცა მოვახერხეთ და დღეს ამ პროცესში ბევრი კადრია ჩართული. ახლა ჩვენ აქცენტი კადრების წახალისებაზე გვაქვს, ის  სტუდენტები, რომლებიც დღეს აგრობიზნესის მიმართულებით ეუფლებიან განათლებას, გვსურს რომ სტაჟირების პროგრამით შევუწყოთ ხელი. 

ჩვენ  არ გვინდა, რომ მათ მხოლოდ  პრაქტიკა  შევთავაზოთ,  დამფუძნებლებს  შორის მიდის  საუბარი იმაზე, რომ წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდია დავუნიშნოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული კადრების მოძიება. საბოლოოდ ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადგილი, სადაც  ჩვენი სტუმრები შეძლებენ აგრო და ფერმერული მიმართულებით სრული გამოცდილების მიღებას“, –  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.

თამთა კალანდაძის თქმით, “იორლენდის“  ძირითადი მიზანი ჯანსაღი პროდუქტების მიღებაა და სასუქებს გამოყენებას ძალიან ერიდებიან.  გარდა  ამისა, “იორლენდს“  ექნება ონლაინ პლატფორმა, რომლის  მეშვეობითაც მომხმარებელი პროდუქტის შეძენას შეძლებს.

„სადღაც ერთი წლის ფარგლებში  ჩვენ  შევძლებთ  პლატფორმის ამუშავებას და მომხმარებელი შეძლებს ამ  პლატფორმაზე  შევიდეს და  გამოიწეროს  პროდუქტები, ასევე  შეუძლია ადგილზე ჩამოვიდეს,  თან დაისვენოს და  თვითონ  წაიღოს მისი შეძენილი პროდუქტი, ან  ჩვენ თვითონ  მივაწვდით ახლად  დაკრეფილ და  სრულიად  ცოცხალ  პროდუქტებს. 

კონკრეტული ნიშური პროდუქტი არ გვაქვს, თუმცა განსაკუთრებულად ხეხილის მიმართულებით ვაპირებთ  გარკვეული ექსპერიმენტების  ჩატარებას, გამომდინარე  იქიდან, რომ ამ ბიზნესის  ბედიც  და მომავალიც  განვითარების  სისწრაფეზეა დამოკიდებული. დავიწყეთ ბაღების განაშენიანება და  ჯიშების კუთხით გვაქვს  კონკრეტული მიმართულებები,   რომლის  დატესტვა  უკევ  სათბურებში  გვინდა, იმიტომ რომ ღია  გრუნტის  პირობებში გაუჭირდება”, –  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.

„იორლენდს“ ფერმა აქვს  აშენებული, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს საცხოვრებლითაც  უზრუნველყოფს, მაგალითად “იორლენდის“ მთავარი მენეჯერი მისი ოჯახით “იორლენდში“ ცხოვრობს.

თამთა  კალანდაძემ აღნიშნა, რომ ნერგების დარგვის დროს ადგილობრივ სანერგეებს მიმართა, ამას გარდა რამდენიმე სახელმწიფო გრანტითაც ისარგებლა. Მისივე თქმით  საჭიროება იმისა, რომ უცხოურ სანერგეებზე გასულიყვნენ, არ იყო. აღსანიშნავია, რომ “იორლენდში“ დარგული ნერგების 98%-მა გაიხარა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

“იორლენდს“ წვეთოვანი სარწყავი სისტემა აქვს, რისთვისაც, როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, ნებართვის აღება დასჭირდა.

„მოგვიწია  ნებართვის  აღება,  ყველა  წესს და  კანონს ვიცავთ,  შესაბამისად აქაც  “აგროსოლუშენის“  დახმარებით ავიღეთ ნებართვა, წყლის  რესურსი  ძალიან ახლოს  არ  იყო, წყლის მთავარი მილებიდან გამოყვანა ხარჯიანი იქნებოდა, ამიტომ  ჩვენ  ნაკვეთთან ჩამოედინება  მდინარე  იორი,  შესაბამისად  გავაკეთეთ  განაცხადი  წყალაღებაზე, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტების შევსება იყო საჭირო.

ჩვენ ქვეყანას  აქვს  რესურსები, რომელსაც  უნდა  გავუფრთხილდეთ,  ამიტომ ჩვენ  შეგვიძლია  ვისარგებლოთ კონკრეტული რესურსებით. ჩვენი საჭიროება  არ იყო რამე  ძალიან განსაკუთრებული, ჩვენ გავაკეთეთ  ხელოვნური ავზი, ვაგროვებთ წყალს, რომელიც მიეწოდება  ბაღს”, –  აღნიშნა თამთა კალანდაძემ.

„იორლენდი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან ზუსტად 100 კილომეტრზე მდებარეობს და მისი ფართობი 25 ჰა–ს მოიცავს.

commersant.ge

Share