Home » ბიზნესი » ზვიად ციკოლია საქართველოში გემთმშენებლობის სკოლის გახსნას განიხილავს
ზვიად ციკოლია საქართველოში გემთმშენებლობის სკოლის გახსნას განიხილავს

ზვიად ციკოლია საქართველოში გემთმშენებლობის სკოლის გახსნას განიხილავს

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში გემთმშენებლობისა სექტორში შესვლას განიხილავს. ამის შესახებ ციკოლიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილა“-ში სტუმრობისას განცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას, რომელსაც ზღვა გააჩნია, უნდა ჰქონდეს ნაოსნობისა და გემთმშენებლობის წარმოება, უნდა გააჩნდეს გემთმშენებლობის სკოლა.

„ერთი კვირის წინ დავბრუნდი დიუსელდორფიდან, სადაც მასშტაბურ გამოფენაზე ვიყავი. გამოფენა იყო იახტების და მოტორიანი კატერების. არაერთხელ დამიფიქსირებია ამაზე ჩემი აზრი და ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, რომ ქვეყანას, სადაც ზღვა არსებობს, უნდა გააჩნდეს ნაოსნობის და გემთმშენებლობის წარმოება, უნდა გააჩნდეს გემთმშენებლობის სკოლა. გამოფენაზე ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენთან ერთად ვიყავი, რომელთან ერთადაც განვიხილეთ ეს იდეა.

იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და ბავშვებმა პატარაობის ასაკიდანვე დაიწყონ, 6 წლიდან დაიწყონ ამ გემთმშენებლობის სკოლაში სწავლა. საბოლოო შედეგი კი იქნება, რომ ისინი დიდ პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან“, – განაცხადა ციკოლიამ.

ზვიად ციკოლიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საავტომობილო, სამხედრო და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მისი პროდუქტები წარმატებით იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design.

სანდრო პირველი

Share