Home » საზოგადოება » ზურაბ ჯაფარიძე – სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს
ზურაბ ჯაფარიძე - სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს

ზურაბ ჯაფარიძე – სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სამშენებლო რეგულაციების არარსებობას ემხრობა. მეტიც, მისთვის დაუშვებელია ცენტრალიზებული მმართველობა, რაშიც დედაქალაქის მერიას პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჯაფარიძის თქმით, თბილისის დამახინჯებული და ქაოტური მშენებლობაც სწორედ სამშენებლო რეგულაციების შედეგია და ახლა, როცა კანონი უფრო მკაცრი გახდა, შედეგიც უარესი იქნება.

„სამშენებლო რეგულაციები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ამ საკითხზე ბიზნესს აქვს თავისი ლოგიკური არგუმენტები და მათაც ვეთანხმები. გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ბაზარზე ფასის მატებას და კერძო სექტორს შეექმნება პრობლემა, პირველ რიგში, თბილისისთვის არის საზიანო. დღეს ნებისმიერ მშენებლობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერია, რაც არასწორია და უარესი შედეგი გვექნება. საჭიროა დეცენტრალიზებული მმართველობითი სისტემა,“ – ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერს ადგილობრივ მაცხოვრებლებზე უკეთ ვერ ეცოდინება, მაგალითად, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში რა და როგორი კორპუსი უნდა აშენდეს. მაცხოვრებლებმა კი ბევრად უკეთ იციან, როგორ გარემოში უნდათ ცხოვრება და რა იქნება მათთვის პრიორიტეტული.

„დარწმუნებული ვარ, არავის მოუნდება სახლის წინ საშინელი და უსახური კორპუსი აუშენონ. ამიტომ, კალაძეზე უკეთ იციან ადგილობრივებმა, რა სჭირდებათ. ისინი საკუთარი თავის საზიანო გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებენ და თუ მაინც ასე მოხდა, იქნება მათი პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, მერე მთელი გლდანი არ გამოვა და კალაძეს არ დაუწყებს გინებას, ესა თუ ის კორპუსი რატომ ააშენა. არგუმენტი, რომ სამშენებლო რეგულაციები თბილისის კეთილდღეობისთვის ამოქმედდა, არასწორია,“ – განმარტავს ჯაფარიძე.

რეგულაციები რომ დედაქალაქის კეთილდღეობას არ ემსახურება, ამას „გირჩის“ დამფუძნებელი რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

„ის, რაც დღეს თბილისში არ მოგვწონს, რეალურად აშენდა და გაკეთდა სწორედ სამშენებლო რეგულაციების ფარგლებში და არა თავისუფალი ბაზრის პირობებში. თავის დროზე ცენტრალიზებულად გაიცა ნებართვები და მივიღეთ დღევანდელი იერსახე. კომპანიები მიდიან მერიაში, ფულს იხდიან და ნებისმიერ მშენებლობაზე თანხმობას იღებენ. კოეფიციენტის მომატება უნდა ბიზნესმენს? – კი ბატონო, გადაიხადე და მოიმატებს. სართულების დამატებაც არ იქნება პრობლემა, თუ საჭირო თანხას გადაიხდი. ზუსტად ამიტომ, სამშენებლო რეგულაციები თბილისის კეთილდღეობას არ ემსახურება,“ – აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

გარდა იმისა, რომ ჯაფარიძე გამოსავალს გადაწყვეტილებების ადგილობრივად მიღებაში ხედავს და სამშენებლო რეგულაციების არსებობას კორუფციულ სქემას უკავშირებს, იგი არც თბილისის გენერალურ გეგმას იწონებს.

„გენგეგმის მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დოკუმენტის ჩასწორება, რაიმეს ჩამატება ან ამოღება. გამოდის, რომ უფრო ფორმალურ სახეს ატარებს და ყველას შეუძლია საკუთარ ინტერესებს მოარგოს. ზოგადად, არ მგონია კალაძე დღე და ღამე იმაზე ფიქრობდეს, მე და თქვენ როგორ ვცხოვრობთ, რადგან თავად არის  წყნეთში და მუშაობს საბურთალოზე. და კიდევ, კონკრეტული მშენებლობის გამო ადგილობრივი მაცხოვრებლები რომ აპროტესტებენ, ლანძღავენ და აგინებენ მერს, მის ადგილას რატომ მივიღებდი ხალხისთვის სალანძღავ გადაწყვეტილებას, თუ რაიმე ინტერესი არ მექნებოდა?!“ – ამბობს ჯაფარიძე.

commersant.ge

Share