Home » საზოგადოება » ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?
ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?

ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?

ზაფხულის საკურორტო სეზონი 2019 – რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა მოლოდინები არსებობს?

2019 წლის აპრილში საქართველოში 647 770 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 348 519 შეადგინა, რაც 14 018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების ზრდის კუთხით 2019 წლის აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%, ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.
2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით საქართველოში 2 265 318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.9%. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 1 230 649 შეადგინა, რაც 56 608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე [ზრდა +4.8%].
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარ-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს [ზრდა +5%], რაც 28 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რა მოხდება მიმდინარე საკურორტო სეზონზე, რა მოლოდინები არსებობს და რამდენად მომზადებული ხვდება ქვეყანა მოახლოებულ ზაფხულის საკურორტო სეზონს?

კახეთი

სიღნაღში 12 წლის წინ დაწყებულმა “სიყვარულის ქალაქის” პროექტმა, სასტუმრო ბიზნესს იმედები ჯეროვნად ვერ გაუმართლა. დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ისევ აწუხებთ და რომლის მოგვარებაც სიღნაღით დაინტერესებულ ტურისტთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.
საოჯახო სასტუმრო “სამი გრაციას” დამფუძნებელი თეა ყარაგოზიშვილი განმარტავს, რომ სიღნაღში ზაფხულის საკურორტო სეზონი უკვე დაიწყო. დამსვენებლების უმეტესი ნაწილი კი უცხოელია, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, იტალია, ჰოლანდია. რაც შეეხება ქართველებს, ისინი სიღნაღის დასათვალიერებლად უფრო შაბათ-კვირას ირჩევენ ხოლმე.

ყარაგოზიშვილი აცხადებს, რომ წელს სიღნაღში იმაზე კარგი სიტუაციაა ვიდრე გასულ წლებში. კერძოდ, მეტნაკლებად მოგვარებულია სასმელი წყლის პრობლემა, რეაბილიტირდა გზებიც, რომლიც ტურისტებისთვის საკმაოდ არაკომფორტული იყო.

“წყლის პრობლემა მე მაგალითად, ადგილზე მაქვს მოგვარებული, მაქვს წყლის რეზერვუარები, რათა ტურისტებს პრობლემა არ შეექმნებათ. ისე ქალაქში წყალი თითქმის სულ მოდის, შესაძლოა შუა დღეს დაწყდეს რამდენიმე საათით. თუმცა, ამას ჩემი სტუმრები ვერ გრძნობენ,” _ აღნიშნავს ყარაგოზიშვილი.
სასტუმრო “სამი გრაციას” დამფუძნებელი იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომლის მოგვარებაც სიღნაღს ტურისტულ ცენტრად აქცევდა. საუბარია, შემეცნებით-გასართობ ობიქტებზე, რომლის სიმცირეც ქალაქში ტურისტების მოკლე ვადიან სტუმრობას იწვევს.

“გიდები, რომლებსაც თბილისიდან მოჰყავთ ტურისტები, აცხადებენ, რომ სიღნაღი რადგან პატარა ქალაქია, ინფრასტრუქტურა ისეთი არ არის, 1 საათიანი დათვალიერება სრულიად საკმარისია. შედეგად, ამ ტურებით ჩამოსული დამსვენებელი საღამოს უკან ბრუნდება. ამის მიუხედავად, ქალაქით დაინტერესებული ტურისტების რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა, თუ ეს პრობლემა მოგვარდებოდა, ვთვლი, რომ ტურისტების რაოდენობა ბევრად გაიზრდება”, -აცხადებს ყარაგოზიშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ 2019 წლის 24 მაისის მდგომარეობით, ქალაქს 3149 შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. საყურადღებოა, რომ ეს არის იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს უშუალოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით, შესაბამისად ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება (წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 20-30% ით), 2019 წლის მიხედვით ქალაქს ძირითადად სტუმრობენ რუსეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ამერიკიდან. ტურისტული სეზონი პიკს აღწევს სექტემბერ-ოქტომბერში.

სვანეთი

მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კალა–უშგულის გზის მონაკვეთია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მესტიის გამგებელის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი აცხადებს, რომ მიმდინარე ზაფხულის საკურორტო სეზონს სვანეთი, მათ შორის მესტია, საკმაოდ მომზადებული ხვდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, გაკეთდა კალა–უშგულის გზის მონაკვეთი, რომელიც სახელმწიფო გზას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ჭუბერის მიმართულებით ტურისტული მარშრუტების, საფეხმავლო ბილიკების მარკირება ხდება. როგორც ნავერიანი აცხადებს, იდეა და ტერიტორია, ბუნებრივია, მიწოდებულია მესტიის მუნიციპალიტეტიდან, სამუშაოებს კი ტურიზმის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამით სვანეთს კიდევ ახალი ტურისტული მარშრუტები შეემატება.

მესტიის მერის პირველი მოადგილე ტურისტების სტატისტიკაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ 2011 წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა 2019 წლის მხოლოდ 4 თვის მონაცემმა. წელს ტურისტების უდიდესი ნაწილი უცხოელია. 2017 წელს სვანეთს 23 700 ტურისტი სტუმრობდა, 2018 წელს მათი რიცხვი 25 000–ამდე გაიზარდა ( ეს არის ტურიზმის ცენტრის აღრიცხვით, არ შედის თვითდინებით შემოსული ტურისტები).

როგორც ნავერიანი აცხადებს, წელს სვანეთში ტურისტებს ჯამში, მინიმუმ 170 საოჯახო სასტუმრო უმასპინძლებს. მისი განმარტებით, რეგიონში ადგილობრივების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა კერძო ბიზნესში ჩართვის მიმართულებით, რასაც მუნიციპალიტეტში შემოსული და მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვების რაოდენობაც ადასტურებს.

მისი განმარტებით, მეტნაკლებად დარეგულირებულია რეგიონში ნარჩენების გატანის საკითხიც. არის კაფე–ბარები, რესტორნები. საკმაოდ აქტიურად მუშაობს მესტიის აეროპორტიც.

სვანეთის საოჯახო სასტუმრო `ქორულდიში~ განმარტავენ, რომ სვანეთში საკურორტო სეზონი მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს. ტურისტები მათ ამ დროისთვისაც უკვე ჰყავთ, თუმცა, მცირე რაოდენობით. მათი განცხადებით, მას შემდეგ რც სეზონი პიკს მიაღწევს, ვიზიტორების რიცხვიც მაქსიმუმს მიაღწევს, რადგან სვანეთით დაინტერესება ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.

“ზოგადად, ტურისტს მშვიდი და სტაბილური ქვეყანა იზიდავს. საქართველოში ეს გარემო არსებობს. აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ ადგილზე ჩამოსულ ტურისტს ისეთი გარემო დახვდეს, რომ უკან დაბრუნება მოუნდეს. მოწესრიგებულია გზები, ინფრასტრუქტურა. ზაფხულის სეზონს მომზადებულები ვხვდებით,”– აცხადებენ სასტუმრო “ქორულდიში”.

რაც შეეხება ფასებს, სასტუმროში განმარტავენ, რომ წელს 2-ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 60 ლარს შეადგენს.

ბათუმი

სიახლეებით ხვდება ზაფხულის საკურორტო სეზონს ბათუმიც. სსიპ “ბათუმის ბულვარში” განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად განვითარების გეგმა ექნება. ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ბულვარის კონსერვაციის საკითხზეც.

როგორც “ბათუმის ბულვარში” განმარტავენ, სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

“დაიწყო ველობილიკის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიხედვით, მოწესრიგდება და შეიღებება 5100 მეტრი ველოტრასა. ტურისტულ სეზონზე მოწესრიგებული საველოსიპედო ბილიკი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო იქნება გადაადგილებისათვის,” _ აღნიშნავენ “ბათუმის ბულვარში”.

მათივე ინფორმაციით, ახალ ბულვარში არსებულ საბავშვო კუთხეში პლასტმასის ატრაქციონებს, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული ახალი საბავშვო ატრაქციონები ჩაანაცვლებს. ბათუმის ძველ ბულვარში არსებული გედების ტბას კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მოეწყობა იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები მოეწყობა, რომელშიც ბავშვთა გამოსაცვლელი სივრცე განთავსდება.

“წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპიროზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება,” _ აცხადებენ “ბათუმის ბულვარში”.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება. აღნიშნული ღონისძიებების გატარება ბათუმის ბულვარის ინიციატივით, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

“ბათუმის ბულვარში” განმარტავენ, რომ ბათუმის ბულვარისთვის მნიშვნელოვანია ზღვისპირა ბულვარში ქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის დასვენების უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა. მათივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში, ბათუმის ბულვარი სრულად იქნება მზად მრავალ მნიშვნელოვან ფესტივალსა და კონცერტს უმასპინძლოს.

ელენე ციგრიაშვილი

Share