Home » ბიზნესი » „ყველა მოქმედების მიზანი უნდა იყოს, რომ აქციონერების მიმართ კითხვებმა „თიბისის“ იმიჯი არ დააზიანოს“
„ყველა მოქმედების მიზანი უნდა იყოს, რომ აქციონერების მიმართ კითხვებმა „თიბისის“ იმიჯი არ დააზიანოს“

„ყველა მოქმედების მიზანი უნდა იყოს, რომ აქციონერების მიმართ კითხვებმა „თიბისის“ იმიჯი არ დააზიანოს“

„თიბისი ბანკის“ აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა „თიბისი ბანკის“ იმიჯი და განვითარება არ უნდა დააზიანოს, სწორედ ეს უნდა იყოს ყველა მხარის მოქმედების მიზანი, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც „თიბისი ბანკი“, ასევე ეროვნული ბანკი აფიქსირებენ, რომ შექმნილი ვითარება ბანკის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასის ცვლილება შეინიშნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი და „თიბისიც“ აფიქსირებენ, რომ აღნიშნული ვითარება არ იმოქმედებს ბანკის საქმიანობაზე, დავინახეთ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელია, პროცესის ყველა მხარის მოქმედების მიზანი იყოს, აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს „თიბისის“ იმიჯი და განვითარება“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის საკითხზე საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ კი, ირაკლი ლექვინაძე პასუხს საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება.

„პროცესის გარშემო ბუნდოვანება რომ არსებობდეს, მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ, გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

Share