Home » საზოგადოება » ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს, სახელმწიფო კომპანია „აკურა“ შეისყიდის
ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს, სახელმწიფო კომპანია „აკურა“ შეისყიდის

ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს, სახელმწიფო კომპანია „აკურა“ შეისყიდის

ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს, კომპანია „აკურა“ შეისყიდის. ს.ს „აკურას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

„რამდენიმე განკარგულებით მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“, განეხორციელებინა  იმ ყურძნის შესყიდვები, რომელსაც კერძო სექტორი არ იბარებს. ამ შემთხვევაში, რეკორდული რაოდენობა გვაქვს. რამდენჯერმე მოგვიწია იმ პარამეტრის გაზრდა, რომლითაც „აკურას“ მივეცით საშუალება, განეხორციელებინა ინტერვენცია. საბოლოოდ, სახელმწიფოს მოუწია საკმაოდ დიდი ჩარევა რქაწითელის ჯიშის ყურძნის დაბინავების კუთხით. იცით, რომ საფერავი მთლიანად კერძოს სექტორმა შეიძინა, რქაწითელი კი, არის ძირითადად შიდა მოხმარების და ნაწილი მიდის საბრენდე სპირტებსა და კონიაკებში. სახელმწიფო, როგორც წესი, როდესაც ინტერვენციას აკეთებს, ახდენს საბრენდე სპირტის წარმოებას ჭარბი ყურძნისგან, რომელსაც ბაზარი ვერ ითვისებს. ეს არის ფაქტიურად, სახელმწიფოს რეზერვები, რომელიც არ ფუჭდება, პირიქით, მისი ფასი უნდა იმატებდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, წელს რქაწითელის რეკორდული მოსავალი იყო. დაახლოებით 170 ათას ტონამდე ინდუსტრიულად გადამუშავდა.

„60 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა მოგვიწია იმისთვის, რომ ფერმერებისთვის მინიმალური გარანტიები შეგვექმნა და ჩაბარების პრობლემა არ ჰქონოდათ. თუმცა, ეს იყო კერძო კომერციული კრედიტი, რომელიც აიღო სახელმწიფო კომპანიამ, მაგრამ არ იყო არც სახელმწიფოს გარანტია და არც სახელმწიფოს დაფინანსება. მას აქვს თავისი კაპიტალი და ჰქონდა თავისი რესურსები, მოძრავი თუ უძრავი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფის სახით საბანკო სექტორისთვის  უზრუნველყოფის წყარო იყო. ეს არის ოპერაცია რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს არასახელმწიფო ფულით და იმედი გვაქვს, ეს ოპერაციები სულ მცირე, წამგებიანი არ იქნება კომერციულად. ამას ვნახავთ იმის მიხედვით, როგორი იქნება კონიუქტურა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Share