Home » საზოგადოება » ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს
ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელიც ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი იწვევს

ყოველდღიური კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მავნეა, რომ შეიძლება სიკვდილის გამომწვევიც გახდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, საფრთხეს შეიცავს როგორც პარფიუმერული ნაწარმი, ასევე საპონი, შამპუნი და თავის მოვლის საშუალებები, რასაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ.
როგორც აღმოჩნდა, მავნე კოსმეტიკის მუდმივი მოხმარება იწვევს სიმსუქნეს და ისეთ მძიმე ავადმყოფობას, როგორიცაა სიმსივნე და კანის სხვადასხვა დაავადება.

სპეციალისტების ინფორმაციით, ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა – პომადა, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქი. მაგალითად, ფრჩხილის ლაქი იწვევს ალერგიულ რეაქციას, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის სიმახინჯეს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი.

შესწავლილია 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე, დარიშხანსა და კადმიუმს, რომლებიც ორნგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი – ტყვიას.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის თქმით, მავნე კოსმეტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ კოსმეტიკა არა ნატურალური კომპონენტებით, არამედ სინთეზური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტების ჭარბი შემცველობით, რისი გამოყენებაც საშიშია.

გახოკიძის თქმით, დღეს აქტიურად გამოიყენება ბიოაქტიური კოსმეტიკაც, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს (ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს), რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და აქვთ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონალ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი.
როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია.

რამაზ გახოკიძე „ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ ყურადღება მივაქციოთ კბილის პასტის შემცველობას.

არ შეიძლება იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. იგი ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, მაგრამ პათოგენურ მიკროფლორასთან ერთად ნადგურდება ორგანიზმისთვის სასარგებლო საპროფიტური მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს.

ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლე და ქლორჰექსინი. ზოგიერთ კბილის სახეხ საშუალებაში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას”, – აღნიშნავს იგი.

მეცნიერი საშიშად მიიჩნევს კოსმეტიკური თიხის გამოყენებას, რომელიც, ერთი შეხედვით, უსაფრთხო გვგონია, სინამდვილეში კი გაუცხიმოვნებისა და ახალი ნაოჭების წარმოქმნის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ კოსმეტიკური თიხის ზემოქმედებით კანი ტენიანდება და სწრაფად ახალგაზრდავდება. სინამდვილეში კი თიხა კიდევ უფრო აშრობს სახეს და ახალ ნაოჭებს წარმოქმნის. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ფერის თიხა ტოქსიკურია, დიდი რაოდენობით შეიცავს ალუმინის სილიკატს, რაც ხელს უშლის ნაწლავებში საჭირო მიკროელემენტების, მაგალითად, თუთიის შეწოვას, ხშირად შეიცავს ჭიების კვერცხებს.

თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტია ტუში. მას ამზადებენ ნატურალური ნივთიერებებისგან, მაგრამ მაინც დაჭუჭყიანებულია მძიმე ლითონებითა და საღებავებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო შეშუპება და ალერგია, არამედ კიბოც. განსაკუთრებით საშიშია ტუში, რომლის შემადგენლობაში შედის ბრონოპოლი, ბრონიდოქსი, დიაზოლიდინილი, იმიდაზოლიდინილი, თიომერსალი, თიმერაზოლი.

ასეთივე საშიშია ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები, რადგან შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კანის დაავადებებს იწვევს. ადრე ისინი შეიცავდნენ ფრეონებს, რომლებიც შემდეგ შეცვალეს აზოტის ქვეჟანგით ან ფეთქებადსაშიში პროპან-ბუტანით. ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები ალუმინის ნაერთების შემცველობის გამო არ არის უვნებელი. ეს ნივთიერებები ახდენს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ბლოკირებას. ალუმინის ნაერთები იწვევს ნერვული მოშლილობის პროვოცირებას, ტვინის მუშაობის მოშლას, ალცჰაიმერის დაავადებას.
ოფლს სუნი არ აქვს, სუნი აქვს ბაქტერიებს, რომლებიც გაძლიერებულად მრავლდებიან ოფლის გამოყოფისას. დეზოდორანტების ხმარებით ორგანიზმში აღწევს საშიში ნივთიერებები, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, შაკიკს და მკერდის კიბოს განვითარების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გახოკიძემ.

კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალებების შეძენისას, შესაძლოა, მომხმარებელს იმედი აქვს, რომ ცალკეულმა კომპონენტებმა მაინც გაიარა სათანადო შემოწმება, შესაბამისი ლიცენზია აქვს და უსაფრთხოა. რეალურად კი, ასეთი პროდუქცია დახლზე გამოჩენამდე მაკონტროლებელი ორგანიზაციების ყურადღების ცენტში ნაკლებად ხვდება, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

როგორც მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „ეტიკის” ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, პარფიუმერიული ნაწარმის მომხმარებელი ძალიან დაუცველია. პრობლემა ისიცაა, რომ არ არსებობს კანონი, არც ელემენტარული ცოდნა შეძენილი პროდუქტის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია კოსმეტიკის შემადგენლობა. საბოლოო ჯამში, ისიც ვერ იძლევა შესაბამის ინფორმაციას, რაც მომხმარებელს კონკრეტული პარფიუმერიული ნაწარმის მიმართ უნდა ჰქონდეს.

“დადასტურებული ფაქტი, რომ ვინმე დაზარალდა კოსმეტიკის მოხმარებისგან, ძალიან ცოტაა, თუმცა ბევრია შემთხვევა, ვიღაცას თვალი აეწვა, ალერგია გამოიწვია პარფიუმერიამ და სხვა. შემადგენლობის წაკითხვა ვერ მოგვცემს სათანადო ცოდნას, რაც კონკრეტული პარფიუმერიული ნაწარმის მიმართ უნდა გვქონდეს. ელემენტარულად, რა შემადგენლობის მქონე კოსმეტიკა უნდა შევიძინოთ, უცნობია. სურსათთან დაკავშირებით მოსახლეობა მეტ-ნაკლებად გაერკვა, რასაც პარფიუმერიის მომხმარებლებზე ვერ ვიტყვი. აქ ლაბორატორიაც არ გვაქვს, რომ კოსმეტიკის ხარისხი შემოწმდეს.

კოსმეტიკა მყისიერად არ იძლევა უარყოფით შედეგს, მაგრამ რა შეიძლება ადამიანს მისი მოხმარების გამო 1 კვირის ან თუნდაც 1 თვის შემდეგ დაემართოს, ამაზე პასუხს არავინ იძლევა. მომხმაერებელი ვერაფრით დაადასტურებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა კონკრეტული კოსმეტიკის გამოყენების გამო შეექმნა. საქართველოში ამის მიღწევა ძალიან რთულია. კანონიც არ გვაქვს, რომელიც მომხმარებელს დაიცავს”, – ამბობს შენგელია.

კოსმეტიკის მავნებლობაზე მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებელია კოსმეტიკური საშუალებების შემცველობის ყურადღებით წაკითხვა, სხვადასხვა ნიღბის დამზადება იმ ხილისა და ბოსტნეულისაგან, რომლის უსაფრთხოებაშიც არ გეპარებათ ეჭვი. რაც მთავარია, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

 

ავტორი: მარი ჩიტაია

წყარო: bpn.ge

Share

About bachana jincharadze