Home » ბიზნესი » „Wyndham Grand Tbilisi“-ს 2019 წლის საუკეთესო მომსახურებისათვის სპეციალური ნომინაცია გადაეცა

„Wyndham Grand Tbilisi“-ს 2019 წლის საუკეთესო მომსახურებისათვის სპეციალური ნომინაცია გადაეცა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასტუმროს „Wyndham Grand Tbilisi“-ს 2019 წლის საუკეთესო მომსახურებისთვის სპეციალური ნომინაცია გადასცა. საქართველოში მსოფლიო ბრენდის სასტუმროს ჯილდო სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის ინსტიტუციური დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის გადაეცა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ნომინაციის ინიცირებისთვის განაცხადა, ბრენდი გამოირჩევა მაღალი სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობით, ბიზნესი პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს მომსახურების სფეროში და წარმოადგენს საქართველოს ტურისტული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში განთავსებული სასტუმროს „Wyndham Grand Tbilisi“-ის მშენებლობის პროცესში, მფლობელმა კომპანიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს მიანიჭა და პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა. არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „სიტი ემ“ (City M), პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. „Wyndham Grand Tbilisi“ წარმოადგენს კომპანია „სიტი ემ“-ის (City M) საქართველოში განხორციელებულ 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას და სასტუმროს მართვას კომპანია „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ” (McInerney Hospitality International Georgia) ახორციელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თავდაპირველად სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ (City M) გადაიბარა და მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით Wyndham Grand Tbilisi-სათვის დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს და მისი პორტფელი სასტუმროების ისეთ ბრენდებს მოიცავს, როგორიცაა: Wyndham Grand®, Wyndham®, Wingate®, Wyndham Garden®, Ramada®, Dolce Hotels and Resorts®, Tryp®, Baymont®, Esplendor Boutique Hotels®, The Trademark Collection®, Hawthorn Suites®, Microtel®, La Quinta®, AmericInn®, Days Inn®, Super 8®, Howard Johnson® და Travelodge®. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და ამჟამად – თბილისი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იკვლევს და აფასებს კერძო სექტორისა და ბიზნესის საქმიანობას საქართველოში, მათ სოციალურ პასუხისმგებლობას, დასაქმებულთა უფლებებს, „Wyndham Grand Tbilisi“ კი, პასუხობს მომსახურების სფეროს ყველა სტანდარტს და დადგენილ წესს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. სწორედ „Wyndham Grand Tbilisi“-მა საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატების“ სპეციალური ნომინაცია – წლის საუკეთესო მომსახურებისთვის. ორგანიზაციამ დასახელებული ნომინაცია 2018 წელს – სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, 2017 წელს – გამომცემლობას: „წიგნები ბათუმში“, 2016 წელს – „საქართველოს რკინიგზას“, 2014 წელს კი – „საქართველოს ფოსტას“ გადასცა.

Share