Home » ბიზნესი » წყალზე ტარიფის დაწესება პურის ხარისხზე და ფასზე აისახება
წყალზე ტარიფის დაწესება პურის ხარისხზე და ფასზე აისახება

წყალზე ტარიფის დაწესება პურის ხარისხზე და ფასზე აისახება

თბილისის გენგეგმაში ჩადებულ რეგულაციებს პურის მწარმოებლების ნაწილი ბიზნესისთვის ხელისშეშლად აფასებს. შპს „მხნეობის“ დირექტორი, გიორგი სიფრაშვილი გენგეგმაში ჩადებულ რეგულაციებს არასწორს უწოდებს. მისი ინფორმაციით, საინტერესოა რა მოცულობის ლიმიტებზე იქნება საბოლოოდ საუბარი.

სიფრაშვილი აცხადებს, რომ წარმოების დროს ელექტროენეგიას იყენებს, თუმცა, პურის ცხობის განსხვებული ტექნოლოგიის გათვალისწინებით, წყალს საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარს.

„სხვა პურის საცხობებს ისე მტკივნეულად არ შეეხება, როგორც მე, რადგან წყალს ძალიან დიდი რაოდენობით ვიყენებ. ხორბალს ვალბობ და 3 საათში ერთხელ წყალს ვუცვლი. მე ხორბლის პურს ვაცხობ. ეს ლიმიტი თუ დააწესეს, გამოვა, რომ ან ხარისხი უნდა გავაუარესო, ან ფასი გავზარდო. გაზი მე არ მეხება, მაგრამ ვინც ბუნებრივ აირზე მუშაობს და მათ ლიმიტებს დაუწესებენ, თვითღირებუელბა გაიზრდებათ. ალბათ, მეპურეებს შორის გაძვირებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება, თუ ვერ მოხდება, მაშინ გაძვირებას აზრი არ ექნება და თითოეული მეპურე წარმოებას შეამცირებს,“-აცხადებს სიფრაშვილი.

მისი განცხადბეით, ის ახლა წყალს ულიმიტოდ ხარჯავს და რასაც ხარჯავს იხდის. „სისულელეა, წარმოებაზე ლიმიტის და სანქციების დაწესება როგორ შეიძლება? პურის სექტორი ისედაც 3-5 თეთრზე მუშაობს. ლიმიტების დაწესების შემთხვევაში მუშაობს აზრი აღარ ექნება და ჯობს ბაზიდან გავიდეთ,“-აცხადებს სიფრაშვილი.

დაანონსებულ რეგულაციაზე საუბრობს კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელი არისი ბოჭოიძეც.ჩვენ გავეცანით დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჩანაწერს როგორც გაზიფიკაციის ისე, წყლის მოხმარების შესახებ. ჯერ-ჯერობით ეს არ არის დადგენილი რეგულაციები, მხოლოდ პირველადი, ზოგადი მონახაზია იმისა, რაც შეიძლება მოგვიანებით დამტკიცდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია ჩვენი მხრიდან პროგნოზების გაკეთება,“-აცხადებს ბოჭოიძე.

მისი განმარტებით, როგორც ბუნებრივი აირი, ისე წყალი „იფქლის“ წარმოებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. ამ ეტაპზე, მათ მოხმარებაზე არ არის საწარმოსთვის დაფიქსირებული არანაირი ლიმიტი.

ბოჭოიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩანაწერი რეგულაციის სახეს მიიღებს, მნიშვნელოვანია მეტი სპეციფიკაცია. კერძოდ, როგორ განისაზღვრება მწარმოებლებისთვის ლიმიტის ზღვარი, რა კრიტერიუმებით და დაშვებებით. შესაძლოა მოცემული ლიმიტი იმდენად მაღალი იყოს ამა თუ იმ კომპანიისათვის, რომ მწარმოებელს არასდროს შეუქმნას ამ საკითხმა პრობლემა.

„ჯერ-ჯერობით ასევე ბუნდოვანია ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში რა პრინციპით განისაზღვრება ტარიფები და სხვა.ზოგადად, ნებისმიერი რეგულაცია, თუ ის მწარმოებელს ინგრედიენტზე ან პროდუქტის მისაღებად საჭირო აუცილებელ კომპონენტებზე ფასს უზრდის, აისახება ხოლმე პროდუქტის საბოლოო ფასზე. თუმცა, დღევანდელი მდგომარებით ჩვენ ამისი განსაზღვრა, როგორც უკვე გითხარით, არ შეგვიძლია, – აცხადებს არისი ბოჭოიძე.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში თბილისის გაზიფიკაციის და წყლის საკითხზეც არის საუბარი. მათ შორის, დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია საწარმო-სამრეწველო ობიექტებისთვის მოხმარებითი ლიმიტის დაწესება და ლიმიტის გადაჭარბებისთვის შესაბამისი სატარიფო სანქციების განსაზღვრა. ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებაც იგეგმება. ლიმიტების დაწესება იგეგმება წყლის მოხმარებაზეც.

commersant.ge

Share

About bachana jincharadze