Home » ახალი ამბები » წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დევნილებისთვის 8 საცხოვრებელი სახლი შენდება
წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დევნილებისთვის 8 საცხოვრებელი სახლი შენდება

წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში დევნილებისთვის 8 საცხოვრებელი სახლი შენდება

სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს. 2019-2020 წლებში მუნიციპალური განვთარების ფონდი 135 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ჯამში პროგრამის ფარგლებში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

Share