Home » ფინანსები » წლის ბოლოს ვალი 4 მილიარდიან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს
წლის ბოლოს ვალი 4 მილიარდიან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს

წლის ბოლოს ვალი 4 მილიარდიან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს

შიდა ვალის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს საგარეოზე საშუალოდ 4-ჯერ ძვირი უჯდება

2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 3 283 552 000 ლარს შეადგენს, რაც 79 646 000 მლნ ლარით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით.

2019 წლის იანვარში სახელმწიფოს შიდა ვალი 3 203 876 000 ლარს შეადგენდა. მარტის მდგომარეობით სახაზინო ფასიანი ქაღალდების ვალის ნაშთი 2 860 676 100 ლარს შეადგენს, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების – 422 846 000 ლარს. ცნობისათვის, საშინაო სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი გამოსახულია ეროვნული ვალუტით.

იგი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნება სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით.
საშინაო სახელმწიფო ვალის ფორმებია: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკიდან და რეზიდენტი საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული კრედიტი, სხვა სავალო ვალდებულებები.

2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა წლის ბოლოსთვის არა უმეტეს 19.715 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 15.315 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი 4 მლრდ-ს გაუტოლდება.

ხელისუფლება საშინაო ვალის აღების ზრდას საგარეო დაფინანსებაზე თანდათანობით დამოკიდებულების შემცირებით ხსნის. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეფიციტური ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ეს მიდგომა ეკონომიკურ თეორიაში კეინზიანიზმის სახელით არის ცნობილი, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდით ქვეყნის შიდა მოთხოვნის ხელოვნურ ზრდასა და, აქედან გამომდინარე, წარმოების წახალისებაში გამოიხატება. თუმცა ასევე ცნობილია, რომ ასეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია ეფექტიანი, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას ინვესტიციების ზრდა, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება იწვევს. ამასთან, საშინაო ვალის აღება ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას უწყობს ხელს და ნეგატიურ გავლენას ახდენს პროდუქციის ფასებსა და ვალუტის კურსზე. ასევე, საშინაო ვალის აღება ზრდის მოთხოვნას საკრედიტო რესურსზე, რაც სხვა თანაბარ პირობებში, საპროცენტო განაკვეთებს ზრდის და კერძო სექტორს სესხის აღების საშუალებას უზღუდავს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დაახლოებით 44%-ის დონეზეა, რაც ბევრად ნაკლებია დასაშვებ 60%-იან ნიშნულზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიან სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ნიშნულს ბევრად ჩამორჩება, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილი შიდა ვალის ოდენობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შიდა ვალის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტს საგარეოზე საშუალოდ 4-ჯერ ძვირი უჯდება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ საგარეო ვალს, როგორც წესი თავისი მიზნობრიობა აქვს, ანუ მას მთავრობა თავისი სურვილისამებრ ვერ დახარჯავს, მაშინ როცა შიდა ვალით ნებისმიერი ვალდებულების დაფარვა შეიძლება.

ამ პირობებში შიდა ვალის დაახლოებით 80% ბანკებზე მოდის. ერთი მხრივ, ეს თანხა აკლდება ეკონომიკას, ანუ სხვა თანაბარ პირობებში ამ თანხებით ბანკები რეალურ სექტორს დააკრედიტებდნენ, თუმცა როდესაც აქვთ შანსი, რომ სახელმწიფოსგან მიიღონ წლიური გარანტირებული სარგებელი, ურჩევნიათ ფული ბიუჯეტს ასესხონ და არა კერძო მეწარმეს. და მეორე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის დაბალგანვითარებულობის გამო სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ბაზარი ფაქტობრივად მონოპოლიზებულია საბანკო სფეროს მიერ. მარტივი ენით რომ ითქვას, შიდა ვალის გაზრდით, ბანკები ზარმაცდებიან, რაც, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკის რეალური სექტორებისთვის ბანკების პროდუქტიულობას.

ნათია წიკლაური

Share