Home » ბიზნესი » წარმატებული ბიზნეს ისტორია – როგორია ქართული „ხამონის“ შანსები მსოფლიო ბაზარზე
წარმატებული ბიზნეს ისტორია - როგორია ქართული „ხამონის“ შანსები მსოფლიო ბაზარზე

წარმატებული ბიზნეს ისტორია – როგორია ქართული „ხამონის“ შანსები მსოფლიო ბაზარზე

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ოჯახის შემოსავლის წყარო გახდება“

უნიკალური ჯიშის, ქართული ღორის გადარჩენის პროექტზე „ბანკები და ფინანსები“ ბიზნესმენ ვასილ ბაბლუანს ესაუბრა, რომელსაც აღნიშნული იდეა ეკუთვნის და წარმოადგენს კომპანია „ნატივე ჯორჯიას“ დამფუძნებელს.

– დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ დაიბადა ეს იდეა საქართველოში და რამ მოგცათ ინსპირაცია?

– 17 წლიდან ესპანეთში ვმოღვაწეობ და ესპანეთში ცნობილი პროდუქტი `ხამონი“ ხშირად გამისინჯავს. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ბიზნესისთვის ახალი ეპოქა იწყებოდა და მეც დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა ქართულ–ესპანური საქმე და ეს ორი ქვეყანა, ერთმანეთთან დამეკავშირებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ საერთოს ვხედავდი ამ ორ ქვეყანას შორის, ბევრი ცნობილი ფაქტიც არის ქართულ–ესპანურ კულტურაზე, მათ შორის ხალხიც, კლიმატიც, შესაბამისად, ესპანელ მეგობრებთან და ჩემს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია. ეს არის ესპანურ–ქართული კომპანია და დავიწყეთ მუშაობა, რომ ესპანური გამოცდილებები წამოგვეღო საქართველოში. მთავარი მიზანი რაც მქონდა იყო ის, რომ მინდოდა ესპანელი პარტნიორებისთვის საქართველოს დამენახებინა ისე, როგორი წარმოდგენაც მე მქონდა და ზუსტად ასე მოხდა. მათ დაინახეს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების დიდი პოტენციალი არსებობს, თითქმის ყველა სექტორში.

ერთი სიტყვით მივყევი ამ გზას და რამდენიმე წარმატებული ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. რაც შეეხება კონკრეტულად „ხამონს“, მოხდა ისე, რომ გავიცანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხორცპროდუქტების კომპანია „დერასა იბერიკოს~ ხელმძღვანელები. „დერასა იბერიკო“ არის ესპანეთში წამყვანი ლიდერი კომპანია, მისი დამფუძნებელი არის რეხინო დიაზ დელ რიოსი და მისი პარტნიორი ლუის სან კასადო, რომლებიც გენიოსები არიან ამ სექტორში და რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ იბერიკოს ღორის ჯიშის აღდგენაში, განვითარებაში და პოპულარიზაციაში. მათი წარმოების მეთოდი არის დაფუძნებული ტრადიციულ ტექნოლოგიაზე და მორგებულია ოცდამეერთე საუკუნის კულინარიის გემოვნებას.

„იბერიკოს“ კილო ხორცი ხუთჯერ ათჯერ და შეიძლება მეტჯერაც აღემატებოდეს ჩვეულებრივი კლასიკური ჯიშის ღორის ხორცის ფასს. 2–3 წლის დაძველებული იბერიკოს „ხამონი“, დაახლოებით 300 ევროდან ადის 1000–1500 ევრომდე.

აქ არის ხარისხის მაჩვენებლები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ღორის ხორცს უარყოფითი ქოლესტერინი აქვს, „იბერიკოს“ ხორცს დადებითი ქოლესტერინი აქვს, ანუ ჯიში არის მაღალი ხარისხის და ბუნებრივ ნობათზე ნაკვები, რასაც შესაბამისად აქვს განსაკუთრებული ფასი. მე როგორც მოგეხსენებათ სვანეთიდან ვარ და მახსოვს ჩვენს ოჯახში, ტყეში გაზრდილი ღორები, გარეულის მსგავსი, ბუნებასთან შეთვისებული და დამებადა ესეთი იდეა, რომ შემეთავაზებინა ესპანელი პარტნიორებისთვის სწორედ ეს ჯიში, რომელიც უნიკალურია, ვინაიდან ბუნებრივი ნობათი საქართველოში გაცილებით მეტი არის, ვიდრე ესპანეთში.

მოგეხსენებათ 40% საქართველოს ტერიტორიის არის ტყე სადაც მრავლადაა ხილი, რკო წაბლი და წიფელა. როდესაც ვესაუბრე სხვა პარტნიორებს, პირველივე შეხვედრიდან ძალიან დადებითი ემოცია იყო, ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენს ხელ არსებული ინფორმაცია ჩვენი ღორის შესახებ, მათ მოეწონათ და დავგეგმეთ პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩამოვედით და დავიწყეთ ძებნა სვანურ-კახური ჯიშის ღორის ხორცის, ვერსად ვერ ვნახეთ ვერცერთ ბაზარზე, ვერცერთ მაღაზიაში, ესპანელები იქვე ხვდებოდნენ, რომ ეს ის ღორის ხორცი არ იყო, რასაც ეძებდნენ. ერთხელაც წავედით კახეთში, ყვარლის რაიონში, იქ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ვიღაცას ტყეში ჰყავს ღორები და ჩვენც ავედით. რომ ავედით ღორები ტყეში იყვნენ წასულები ვერ ვნახეთ, მაგრამ კახეთი რის კახეთია, ეგრევე მწვადები შეგვიწვეს. როგორც კი მწვადმა სუნი აუშვა, ესპანელებმა ერთმანეთს შეხედეს და გადაილაპარაკეს, რომ ესაა რასაც ვეძებთო. ხოდა დაველოდეთ ღორებს. ღორებიც ვნახეთ, ხორცი რომ გასინჯეს საოცარი გემო ჰქონდა, რაც არის ნამდვილი კახური მწვადი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო ამ ღორის მოძიება.

ჩვენი იდეა იყო რომ ეს ღორი გაგვემრავლებინა რეგიონებში, სადიანაც შემდეგ შევისყიდიდით ხალხისგან და გვექნებოდა ინდუსტრია, როგორც „დერასა იბერიკოს“ აქვს ესპანეთში.

„დერასა იბერიკოს“ თავისი ღორებიც ჰყავს მაგრამ ერთ დღეში კლავს 1000 სულს. ამ ღორებიდან მხოლოდ 15–20% არის მისი ღორი, დანარჩენს ფერმერებისგან ყიდულობენ. ჩვენ რომ დავიწყეთ ასეთი ღორების ძიება, არ არსებობდა არცერთ სოფელში. პირველად კახეთში აღმოვაჩინეთ. წავედით სამეცნიერო კვლევით ცენტრში ბატონ ლევან უჯმაჯურიძესთან და მის მეცნიერებთან ერთად, რომლებიც ძალიან დაგვეხმარენ, მათაც ჰყავთ რამდენიმე ღორი. კერატები იმათ მოგვცეს. დანარჩენი მთელი საქართველო მოვიარეთ კახეთი სულ, რაჭა–ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთი, მაღალმთიანი გურია, თიანეთი მაღალმთიან აჭარაშიც. რადგანაც ღორები არ იყო, დადგა საკითხი ისე, რომ ღორი არ არის და ვერ გავაგრძელებთ საქმეს. გამომდინარე იქედან რომ ჩემი ესპანელი პარტნიორები საქმის პროფესიონალები არიან, მათ იცოდნენ, რომ დიდი პოტენციალი შეიძლებოდა ქონოდა ამ ჩვენს ღორს. თქვეს რომ მოდით სამეცნიერო კვლევით ცენტრთან, სოფლის მეურნეობასთან ერთად გავაფორმოთ ხელშეკრულება, რაც სახეზეა ეს ღორები შევისყიდოთ, შევაგროვოთ და დავიწყოთ სელექცია და გავამრავლოთ. შევიძინეთ ეს ღორები და დავიწყეთ სელექცია, დღეს გვყავს ხუთასს სულამდე სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად.

ამის პარალელურად ამაში ჩავრთეთ ესპანეთის სამეცნიერო კვლევის ცენტრი „ინეა“, რომელმაც უკვე მემორანდუმი გააფორმა ჩენს სამინისტროსთან და შემდეგ ფაზაზე იმედი გვაქვს, რომ ისინიც ჩაერთვებიან როგორც სასელექციო და ჯიშის გამოყვანაზე, ასევე სელექციურ განვითარებაზე. უმნიშვნელოვანესი თემაა, რომ ძალიან დიდი ვეტერინარული სამუშაოები არის შესასრულებელი, რადგანაც დაავადებები არის მრავლად.

ამჟამად გვყავს ხუთას სულამდე, ამის პარალელურად გავაფორმეთ ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდთან.

– რატომ დაიწყეთ ამ ფორმით მუშაობა და არა როგორც კერძო ბიზნესმა?

– პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ არის საუბარი ქართული ჯიშის აღდგენაზე, რომელიც იკარგება. დაახლოებით ოქროს საბადოს აღმოჩენის შემდეგ ოქოროს მიღების პროცესს გავს, რომელსაც მუშაობა ჭირდება ბევრი, ესე მივაგენით ჩვენ ამ სექტორში უნიკალურ ჯიშს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებელი.

ესეთი ტიპის პროექტებს აკეთებს სახელმწიფო, რასაც ეროვნული, ქართული ჯიშის აღდგენა ქვია. ვინაიდან ჩვენი ინიციატივა იყო, კერძო სექტორის როლი ვითამაშეთ ჩვენ და შევთავაზეთ სახელმწიფოს.

ფინანსურ ნაწილში ჩაერთო საპარტნიორო ფონდი, დავით საგანელიძე პერსონალურად თვითონაც მიგვყვებოდა და თვითონ იყო ჩართული ამ ღორების მოძიებაში, მისი გუნდით, მაქსიმალურად დაგვიჭირეს მხარი და ერთი სიტყვით ერთობლივად მოვიყვანეთ დღემდე ეს საქმე. გავაკეთეთ ხუთეტაპიანი პროექტი.

პირველი ეტაპი ითვალისწინებს რაჭაში სოფელ ღარში სასელექციო ფერმის ნშენებლობას, სადაც მოხდება მეცნიერული სამუშაოებით ქართული ჯიშის დეფინიცია და განვითარება, რადგანაც დღეს ბევრ სხვადასხვა ჯიშთან არის შეჯვარებული და უნდა მივიყვანოთ სწორ ნიშნულამდე. საქართველოში არის ორი ჯიში, კახური და სვანური ღორები, მეცნიერული სახელი ესე ქვია.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეტაპია, რაჭაში, რაჭული ლორის წარმოება, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. ამ „რაჭული ლორის ქარხანა“-ში, ჩვენ მიერ შესყიდულ ღორებს უკვე აქვს თავისი სასაკლაო, რომელიც ჯერჯერობით მცირე ზომის არის, თუმცა მერე უკვე მასშტაბებზე რომ გადავალთ თბილისთან ახლოს ვაპირებთ დიდი წარმოების გაკეთებას სადაც იქნება უკვე ინდუსტრიული წარმოება ძეხვეულის, ქართული ძეხვეულის, ქართულ–ესპანური შეზავებული რაღაც სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შექმნის ადგილი და აქაც ცალკე სამეცნიერო სამუშაოები ჩატარდება. რაჭული ლორის განვითარებაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, რაჭული ლორი დღემდე კეთდება სტიქიურად, პირობითად ძალიან მოკლედ რომ აგიხსნათ, ერთ ღორს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სიმაგრის ხორცნაჭრები აქვს. არის ნაჭერი, რომელსაც სჭირედება 3 დღის მარილი და არის ნაჭერი, რომელსაც სჭირდება 10 დღის მარილი. დღემდე მთლიანი ღორი მარილდებოდა 10 დღე. ჩვენ გვინდა, რომ რაჭული ლორი მივიღოთ იმ სახით, რომ მიირთმეოდეს როგორც ხამონი, თხლად დაჭრილი უმად.

პროექტის მეხუთე ფაზა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული „ხამონის“ წარმოება, რომელიც იქნება ქართული ღორისგან შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველწლიურად მცირე მასშტაბით მაინც ვაკეთებთ ხამონს, ეს პროექტის მეხუთე ეტაპია, ვინაიდან მას სჭირდება საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია.

როდესაც ჩვენ პირველი ქართული „ხამონი“ მივიღეთ, მინდა გითხრათ, რომ ესპანელი პარტნიორები გაოცებას ვერ მალავდნენ მისი უნიკალური გემური თვისებების გამო. ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ინვესტიცია დაჯდება თავიდან ბოლომდე ხუთივე ფაზა, საიდანაც ყველაზე დიდი ინვესტიცია სჭირდება ხამონის საშრობს, 7–8 მილიონი. მაგრამ ამ ხამონის საშრობისთვის უმთავირესია ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მინიმუმ 1200 დედა ღორიანი ფერმა, საიდანაც 300 იქნება კომპანიის, ხოლო დანარჩენი 900 ადგილობრივი პარტნიორი ფერმერების მიერ მოწოდებული. იმისთვის, რომ წაროების ციკლები არ შეწტდეს რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოგეხსენებათ, რომ წელიწად ნახევარი, ორი წელი მინიმუმ სჭირდება დაძველება ამ ხამონს. დიდი ფულის ინვესტირება გვიწევს და საუბარია ათასობით ბარკალზე, მინიმუმ 1200 დედა ღორი უნდა გვყავდეს ჩვენ უკვე საქართველოში, საინვესტიციო პროექტამდე რომ მიხვიდე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის ღორის სხვადასხვა ტიპის დაავადებები და გამომდინარე აქედან, ღორის ეს სახეობა თითქმის გადაშენების პირას იყო და ჯერ კიდევ რისკების ქვეშ არის, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეს ძალიან მალე გამოვასწორებთ. ამისთვის ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შევთავაზეთ ესეთი იდეა, რომ რაჭა-ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთი გამოვაცხადოთ სანდო ზონად. სწორედ ამ სანდო ზონის ფარგლებში განხორციელდება ვეტერინარული სამუშაოები ამ რეგიონებში, რაც ითვალისწინებს დაავადებების დამუშავებას და ხალხის დახმარებას ვისაც ყავს საქონელი, არა მხოლოდ ღორები, არამედ სხვა ნებისმიერი ტიპის საქონელი. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჯერ-ჯერობით საუბრის დონეზეა სუბსიდირების საკითხი, ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი დამხმარე მექანიზმი ფერმერებისთის. საუბარია 70%-ით დაფინანსებაზე. მეორე ეტაპზე უკევ სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც 100%-ით აანაზღაურებენ ზარალს.

– ამ შემთხვევაში ფერმერებს მოტივაცია ხომ არ გაუჩნდებათ, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ?

– მოტივაცია აღარ ექნებათ, ჩვენც მაქეთ მივდივართ, მაგრამ, გადაზღვევისთვის ეს მექანიზმი მაინც საჭიროა, ვინაიდან ხშირად ხდება არაკეთილსინდისიერი მოქმედებები ადამიანების მხრიდან. ეს პროექტი როცა დაიწყება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ, რომ გლეხს დავუძახოთ და გავხადოთ ჩვენი პარტნიორი, ეს იმიტომ, რომ დაავადებების რისკები არის ძალიან დიდი. რაჭა-ლეჩხუმში, ზემო და ქვემო სვანეთში, როგორც კი ამ პროექტს ჩაეყრება საფუძველი, მერე ის უკვე საქართველოს ცხრავე რეგიონზე გავრცელდება თანდათან, რაჭის მერე ვფიქრობ, რომ იქნება ზემო იმერეთი და წამოყვება სხვა რეგიონებსაც. ამ საპილოტე პროექტით ვფიქრობ, რომ ბევრ რამეს ვისწავლით. რაც მთავარია ეს პროექტი მისცემს რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანს ყოველწლიურ და ყოველთვიურ შემოსავალს და სტიმულს გაუჩენს ადამიანებს, რომლებიც ქალაქში წამოვიდნენ საცხოვრებლად, ისევ დაბრუნდნენ თავიანთ მაღალმთიან რეგიონებში.

ამ პროექტში გარანტირებულად გვაქვს ის, რომ არსებობს ძალიან მაღალი დონის ჯიშის ღორი, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხის პროდუქტი და რომელსაც აქვს ძალიან დიდი ბაზრების ათვისების შესაძლებლობა. ამ მხრივ ჩვენი პირველი მიზანია, რომ დავიკავოთ ჩვენი ნიშნა, რომელიც იქნება ხარისხზე ორიენტირებული და საბოლოოდ სხვადასხვა პროდუქტების წარმოებაზე.

ჩვენ არ შევალთ კონკურენციაში თეთრი ღორის და კლასიკური ღორის ხორცის პროდუქტებთან. ვინაიდან ჩვენი პროდუქტი იქნება ხარისხზე და საბოლოოდ ბიო პროდუქტის მიღებაზე ორიენტირებული. ამას კი თავისი ნიშა ექნება და ჩვენ ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები.

როდესაც უკვე საქართველოში ვეტერინარული პრევენციული ღონისძიებები გატარდება და საქართველოდან ხორცის ექსპორტის შესაძლებლობა მოგვეცემა, მერე უკვე ძალიან დიდი ბაზრები გველოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

– სახელმწიფოსგან გაქვთ მხარდაჭერა?

– სახელმწიფოსგან ჩვენ მხარდაჭერა ნამდვილად გვაქვს. ყველა უწყება, ვისაც ეხება ეს საკითხები, ჩართული არიან, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ ბიუროკრატიულ შეფერხებებს, რომელიც არ უხდება ჩვენს საქმეს, თუმცა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ოჯახის შემოსავლის წყარო გახდება და რაც მთავარია, სექტორს გამოვაცოცხლებთ და გადაშენების პირას მყოფი ღორის ჯიშს აღვადგენთ. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც დღეს ღვინით გვიცნობენ მსოფლიოში, მალე ქართული ღორის პროდუქტებით გაგვიცნობენ, ვინაიდან, მსოფლიოში სულ რამდენიმე ჯიშის მაღალი ხარისხის ღორი არსებობს, პირველი არის „იბერიკო“ და ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენი ღორი ხარისხით მას არაფრით არ ჩამოუვარდება.

ესაუბრა ლიკა მაისურაძე

Share