Home » ბიზნესი » “ვისოლ ჯგუფის” ახალი სავაჭრო კომპლექსი გლდანში
"ვისოლ ჯგუფის" ახალი სავაჭრო კომპლექსი გლდანში

“ვისოლ ჯგუფის” ახალი სავაჭრო კომპლექსი გლდანში

“ვისოლ ჯგუფმა” თბილისში, გლდანში მსხვილი სავაჭრო კომპლექი გახსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი “სმარტი”, “ვენდისა” და “დანკინ დონატსის” ამერიკული რესტორნები და “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური. სავაჭრო გალერეაში ასევე გაიხსნა ცნობილი ბრენდების სერვისცენტრები და მაღაზიები. გახსნის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და “ვისოლ ჯგუფის” ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.

“ვისოლ ჯგუფისთვის” გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდეგ მეორე ობიექტია, სადაც “სმარტი”, “ვენდი”, “დანკინ დონატსი” და “ვისოლი” ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია, რომ მასში 350 ადამიანი დასაქმდება და წინასაახალწლოდ ამდენივე ოჯახს შემოსავლის წყარო გაუჩნდება. “მისი შექმნით ასევე დამატებით წვლილს შევიტანთ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების საქმეში. ცენტრი 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს. ვეცდებით, უნიკალური ცენტრი იყოს. ნებისმიერ შენიშვნას მივიღებთ, რადგან ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს. მომხმარებელი ჩვენს ნებისმიერ პროდუქტს შეიძლება, თვალდახუჭული ენდოს. ესაა 27-ე სავაჭრო ობიექტი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა”, – აღნიშნა “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ფხაკაძემ განვლილი წელიც შეფასა და აღნიშნა, რომ 2015 წელი ბიზნესსექტორისთვის, საკმაოდ პოზიტიური და პროგრესული იყო.

“ჩვენი შემართება არ შენელებულა. “ვისოლ” ჯგუფი ყოველთვის ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი წარმატება უნდა დადგეს მოკლევადიან პერიოდში. ახალი ბრენდია “ვენდი” და “დანკინ დონატსი”, წელს ჩვენ გავხსენით “დანკინ დონადტსის” 16 რესტორანი. ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი და პირველ რიგში ამ ნაბიჯს უნდა, ვუმადლოდეთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინი”, სწორედ ამან შეგვაძლებინა, ასეთ მოკლე დროში 16 რესტორანის გახსნა. ამდენად დიდი სიმპატია გამოავლინეს “ვენდის” მიმართ, რომ ეს არის რიგით მეცხრე რესტორანი თავისი დრაივით. საერთო ჯამში ჩემი შეფასებით განვლილი წელი იყო საკმაოდ პოზიტიური ბიზნეს სექტორისთვის.

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა ბოლო დროს განვიტარებულ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებით საქართველოში ბიზნესგარემოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, ის თვლის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს ბიზნესთან უკვე აქვს შესანიშნავი კომუნიკაცია, რაც მხოლოდ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს.

“ყოფილ პრემიერზე მე ყოველთვის ვამბობდი, რომ იყო ძალიან წესიერი ადამიანი, ფვიქრობ, მისი გადადგომა ბიზნესში აბსოლიტურად არაფერ ნეგატიურს არ შემოიტანს. მე წარმოვადგენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ასოციაციის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არის ადამიანი, რომელიც გაიზარდა ქართული ბიზნესის წიაღში. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ქართულ ბიზნესში და მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მან ქართული ბიზნესის მდგომარეობა იცის. მან იცის, ქართულ ბიზნესში რა გამოწვევებია, რა პრობლემატიკაა და ამ ყველაფრის შესახებ მასზე კარგად ინფორმირებული არავინაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ვინც ყავდა ქართულ ბიზნესს მთავრობაში, იყო გიორგი კვირიკაშვილი. ასევე სხვებიც არიან რასაკვირველია, თუმცა, ყველაზე დიდი მხარდამჭერი ეს ადამიანი იყო და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან გვიხარია, რომ ეს ადამიანი ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი”, – სოსო ფხაკაძემ.

გიორგი ხელაძე

Share