Home » ბიზნესი » ვის ჯიბეში ილექება კონტრაბანდული IQOS-ის რეალიზაციიდან შემოსული თანხები
ვის ჯიბეში ილექება კონტრაბანდული IQOS-ის რეალიზაციიდან შემოსული თანხები

ვის ჯიბეში ილექება კონტრაბანდული IQOS-ის რეალიზაციიდან შემოსული თანხები

წლებია თამბაქოს ჩანაცვლებას მრავალი მეთოდით ცდილობენ. ბოლო პერიოდში თამბაქოს ჩანაცვლების ყველაზე პოპულარულ საშუალებად, ელექტრო სიგარეტები დასახელდა. თუმცა, მათ ავკარგიანობაზეც დავები ისევ მიმდინარეობს. თავის მხრივ, ამ პროდუქტის მრავალფეროვნებაც ართულებს კვლევების პროცესს და საბოლოო პასუხი, არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე არ არსებობს, მართლაც ნაკლებ საზიანოა თუ არა ელექტრო სიგარეტები.

ამ მიმართულებით განსხვავებული სიტყვა თქვა კომპანია “ფილიპ მორისმა”, რომელმაც ბაზარს ინოვაციური პროდუქტი IQOS-ი შესთავაზა. IQOS-ი ეს არის მოწყობილობა, რომელიც თამბაქოს აცხელებს მისი წვის გარეშე. რაც მწეველს მოწევის გამოცდილებას არ უმახინჯებს, რადგან ის ისევ გრძნობს თამბაქოს (და ნიკოტინის) ნამდვილ გემოს მძაფრი სუნის, გამონაბოლქვის თუ ფერფლის გარეშე. იმის გამო, რომ თამბაქო აღარ იწვის, გაცილებით ცოტა მავნე ნივთიერება გამოიყოფა და, ამდენად, მიიჩნევა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველი რისკიც მცირდება.

IQOS-ს საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ამის მიუხედავადაც, აღნიშნული პროდუქტის საქართველოში რეალიზება კანონით აკრძალულია. კერძოდ კი, საქართველოს კანონმდებლობა, აღნიშნულ პროდუქტს, საერთოდ არ არეგულირებს და, შესაბამისად, მისი ლეგალური გზებით იმპორტი და რეალიზებაც შეუძლებელია.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, პროდუქტი გაცილებით მავნებელია, ვიდრე სიგარეტი და მის პოპულარიზაციას კომპანია “ფილიპ მორისი” ცდილობს.

თავად “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ დაფინანსებული კვლევის გარდა, არ არსებობს
დამოუკიდებელი და სანდო კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ IQOS სისტემის სიგარეტი ნაკლებად მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არ მოახდენს ახალგაზრდებში მოწევის დაწყების პოპულარიზაციას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დამცველებისთვის “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ წარმოებული კვლევის შედეგები განიხილება, როგორც მიკერძოებული და დამოუკიდებელ რეცენზიას მოკლებული. “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ 2013-2015 წლებში 8 კლინიკური კვლევა ჩატარდა IQOS-ზე, მათ შორის 4 იაპონიაში.

აღნიშნული კვლევების სანდოობის შესწავლისას უამრავი ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის ძირითადი მკვლევარების არაკომპეტენტურობა, მეთოდოლოგიურ და ეთიკურ საკითხებში ხარვეზები და ა.შ. აქედან გამომდინარე, 2018 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის სააგენტომ უარყო “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მოთხოვნა, მოეხდინათ IQOS-ს მარკეტირება, როგორც ტრადიციულ სიგარეტზე უფრო უვნებელი პროდუქტისა. კლინიკური კვლევები, რომლებიც განხორციელებულია “ფილიპ მორის ინტენეიშენელის” მიერ, არასაკმარისად სარწმუნოდ არის მიჩნეული და სწორედ ამიტომ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ბაზარი IQOS-თვის დაკეტილია”, – აღნიშნულია NCDC-ის განცხადებაში.

თუ NCDC-ის ლოგიკას გავყვებით, მაშინ გაუგებარია რატომ არ იზღუდება ქვეყანაში სხვა ტიპის ელექტრო სიგარეტების შემოტანა, ანდაც საერთოდ თამბაქოს შემოტანა, მაშინ როდესაც ყველა თანხმდება თამბაქოს მავნებლობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე კანონმდებლობების მიდგომა, უფრო კორუფციულ ეჭვებს აჩენს, იმდენად რამდენადაც, თუ IQOS-ის შესახებ კვლევებს ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ და უბრალოდ საერთაშორისო პრაქტიკას მოვიშველიებთ, ხსენებული პროდუქტი მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თითქმის ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც იყიდება. IQOS-ი სავსებით ლეგალურია აშშ, შვეიცარიასა და იაპონიაში. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, IQOS-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს სომხეთში, რუსეთსა და უკრაინაში. სწორედ ამ ქვეყნებიდან ხვდება პროდუქტი საქართველოში, არალეგალური გზებით.

როგორც უკვე ვახსენეთ, ერთადერთ ლოგიკურ ახსნათ იმისა, თუ რატომ არ ხდება IQOS-ის კანონით რეგულირება, არის კანონმდებლების ვიწრო მერკანტილური ინტერესები და პროდუქტის მიზანმიმართული დაბლოკვა. იმდენად, რამდენადაც პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება აქტიურად მოიხმარს უკვე წლებია, მხოლოდ კონტრაბანდული გზებით ხვდება ქვეყანაში. მაგალითად, მხოლოდ გასულ კვირას, აღნიშნული პროდუქტის კონტრაბანდული გზით შემოტანის 4 ფაქტი გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა, რომლის საერთო ღირებულებაც 23 500 ლარს გადააჭარბა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი კვირის სტატისტიკაა, გაცილებით უფრო დიდ თანხებთან გვაქვს საქმე, თუ არალეგალური ბაზრის ბრუნვას ერთი წლის ჭრილში შევხედავთ.

მაგალითად, 2016 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე თამბაქოს არალეგალურად შემოტანის 86 ფაქტი გამოავლინეს, 2017 წელს ეს რიცხვი 4.5-ჯერ გაიზარდა და 369 მიაღწია, 441 ფაქტამდე გაიზარდა 2018 წელს, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, თითქმის დაეწია 2018 წლის, მთლიან მაჩვენებელს და 425 ფაქტი გამოვლინდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული მონაცემები გახლავთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, ხოლო ის საქონელი რომელიც ვერ იქნა გამოვლენილი, მისი მოცულობა უცნობია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებულ პროდუქტს აქტიურად მოიხმარს საზოგადოება შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა თანხები აკლდება ქვეყნის ბიუჯეტს. ცხადია ეს კარგად იცის ყველამ, მათ შორის მათაც ვინც IQOS-ის მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა თვალს ხუჭავენ კონტრაბანდაზე, თვალს ხუჭავენ იმ თანხებზე, რომელიც არალეგალური პროდუქტის რეალიზებით აკლდება ქვეყანას.

პეტრე ინაური

Share