Home » საზოგადოება » ვის ირჩევდნენ ამერიკელები ახლახანს
ვის ირჩევდნენ ამერიკელები ახლახანს

ვის ირჩევდნენ ამერიკელები ახლახანს

თემურ ბასილია – აუცილებელია ადამიანთა ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პირების არჩევა

ფინანსისტი, ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და მიუთითებს თუ ვის ირჩევდნენ ახლახანს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“საათნახევარი რიგში ყოფნის შემდეგ შევძელი ხმის მიცემა; ვირჩევდით:

1. აშშ-ის სენატორს და კონგრესმენს
2. შტატის გუბერნატორს, ხაზინის უფროსს/ფინანსთა მინისტრს, გენერალურ პროკურორს, შტატის სენატორს და კონგრესმენებს
3. ქაუნთის აღმასრულებელს, საკრებულოს წევრებს, 
4. პირველი ინსტანციის 7 მოსამართლეს, სააპელაციო სასამართლოს 2 მოსამართლეს,
5. პროკურორს, პოლიციის უფროსს/შერიფს,
6. განათლების (ძირითადი ფუნქცია საშუალო განათლების ზედამხედველობა და კოორდინაციაა) საბჭოს
7. ასევე, ტარდებოდა რეფერენდუმი შტატის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მხოლოდ ეს ჩამონათვალი არის საკმარისი, რომ გავიაზროთ, რამდენად ძლიერია აშშ-ის დემოკრატია, რატომ არის პოლიცია და პროკურატურა ხალხის სამსახურში, რატომ არის სასამართლო მართლაც დამოუკიდებელი. მათი არჩევა ხდება ხალხის მიერ და ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლების წინაშე.

ამიტომაც, საქართველოშიც რომ რეალური დემოკრატია დამყარდეს და არა მოჩვენებითი, აუცილებელია ადამიანთა ცხოვრებაზე პასუხისმგებელი პირების არჩევაც; კერძოდ, არა მხოლოდ პრეზიდენტის, პარლამენტის წევრის და საკრებულოს, არამედ, მოსამართლეების, პოლიციის უფროსების, პროკურორების და ხაზინის მმართველების. ამ შემთხვევაში ეს პირები იქნებიან პასუხისმგებელნი ხალხის, ამომრჩევლის წინაშე და არა იმ პირების წინაშე, ვინც მას ნიშნავს. დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატია სწორედ ეს არის …. არც ერთი ხელისუფლება არ გაუშვებს ხელიდან ზემოდან დანიშვნის ბერკეტს, ამისთვის თავად ხალხმა უნდა იბრძოლოს. ეს ის შემთხვევაა, რისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა, რადგან ეს ჩვენს და ჩვენი შვილების ცხოვრებას ეხება”, – წერს ბასილია.

Share