Home » ბიზნესი » ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს
ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს

ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს

ვინ ფლობს ქართულ ტელევიზიებს

განვითარებადი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით, მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მედიის გამჭვირვალობისა და თავისუფლების მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებენ. დღესდღეობით საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით, მსოფლიოს 180 ქვყანას შორის 69 პოზიციაზეა და რეგიონში მოწინავე პოზიციები უჭირავს. რაც შეეხება რეიტინგების განვითარების დინამიკას, ამ მიმართულებით საქართველო საკუთარ პოზიციებს ყოველწლიურად იუმჯობესებდა. განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდგომ, საქართველო ხშირად ხვდებოდა რეიტინგების გაუმჯობესების აღმავალ ტრენდში, რაც თავის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია FREEDOM HOUSE-ის ბოლო ანგარიშში საქართველომ მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, პოზიციები დათმო. მაგრამ, აღნიშნული ანგარიში საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა, რადგან ანგარიშში ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული და ერთი შეხედვით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა ტენდენციურ ხასიათს ატარებდა.

FREEDOM HOUSE-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიუხედავად, ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოს საგანგაშო მდგომარეობა არ აქვს და საკანონმდებლო ბაზაც მეტწილად მედიის სასარგებლოდ არის ფორმირებული. ასევე ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადი პროცესის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების საკითხი მაინც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ცხადია, აქ არ იგულისხმება საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო სახელმწიფოს სადამსჯელო მანქანის ამუშავება, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. გამოხატვის თავისუფლების პრობლემატიკაში დიდწილად იგულისხმება ის ფაქტორი, რომ ქართული მედიისთვის ერთ-ერთი ძირითადი და ალბათ ყველაზე დრამატული გამოწვევა კვლავ პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევის რისკი არის. მედია საშუალებების უმრავლესობა მოქცეულია პოლიტიკური ძალების თუ სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების გავლენის ქვეშ. რა თქმა უნდა, აღნიშნული რეალობა მნიშვნელოვნად ამცირებს სიტყვის თავისუფლების და მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს. ამდენად, იქმნება პოლარიზებული მედია გარემო, რაც თავის მხრივ, დემოკრატიზაციის პროცესის უმთავრესი მტერია. შესაბამისად, ისეთი ახალბედა დემოკრატიის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია გარემოს აბსოლუტური თავისუფლება და მასში ჩაურევლობის პოლიტიკური გარანტიების არსებობა.

მედიის გამჭირვალობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი, მისი მფლობელებისა და მესვეურების საჯაროობაა. საქართველოში 2010 წელს, კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ყველა მედია საშუალებას ავალდებულებდა გაესაჯაროებინათ მათი დამფუძნებლების და მფლობელების ვინაობა. კანონი ასევე კრძალავდა ოფშორულ ზონაში დაფუძნებული კომპანიის მხრიდან, საქართველოში ტელევიზიის ფლობას. აღნიშნული ცვლილება უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე იყო განპირობებული. ასევე, იმ დროინდელი ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დაჟინებით იყო მოთხოვნილი, რომ აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გამხდარიყო. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტ-ელიტაც ხშირად საუბრობდა. სწორედ ასეთი რეკომენდაცია იქნა ჩადებული, აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიაში, სადაც გარკვევით წერია, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მოახერხოს ვითარების გაუმჯობესება მედიის თავისუფლების კუთხით. ასევე იყო ეუთოს რეკომენდაცია, რომ საკანონმდებლო დონეზე მომხდარიყო ოფშორული ფირმების მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის აკრძალვა და გასაჯაროვებულიყო მფლობელთა ვინაობა.

მედია საშუალებების დამფუძნებლებთა ვინაობის გასაიდუმლოება, ზოგადად, ხშირად ხდება პოლიტიკური დაპირისპირებისა და ცხარე დებატების მიზეზი. ასევე სხვადასხსვა მედია საშუალების მიკერძოებულობა იწვევს გონივრულ ეჭვებს, რომ ესა თუ ის მედია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის საკუთრებაა. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემა არ დგას და ონლაინ რეჟიმში შეიძლება იმის გარკვევა თუ ვინ დგას ამა თუ იმ ტელევიზიის უკან. შევეცდები მკითხველისთვის სააშკარაოზე გამოვიტანო რამოდენიმე წამყვანი ტელევიზიის მფლობელთა ვინაობა. ვინ მართავს მეოთხე ხელისუფლებას და რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ საქართველოში არსებული მედია საშუალებების მეპატრონეებს.

იმედი

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი მედია საშუალება ტელეკომპანია «იმედია». როდესაც მედიის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ ალბათ თითოეულ ჩვენგანს ახსენდება «ტელე იმედის» საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტელევიზიის დატერორება და მისი ჩამორთმევა, პირდაპირ ყოველგვარი წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მოხდა. იმ დროინდელმა ხელისუფლებამ პირდაპირ ეთერში მოახდინა მაუწყებლობის შეჩერება. ასევე, კანონიერ მფლობელს ყოველგვარი წესებისა და კანონების დარღვევით ჩამოერთვა ტელევიზიაზე ყველანაირი უფლება და მის დირექტორად იმ დროინდელი მთავრობის წევრი, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც წარმატებით ატარებდა მმართველი გუნდის ინტერესებს ტელევიზიაში. 2012 წლის არჩევნების შემდეგ რამოდენიმე დღეში მოხდა ტელევიზიის დაბრუნება მისი კანონიერი მფლობელისთვის და ტელე იმედის 100%–იანი წილის მფლობელი შპს «ჯორჯიან მედია გრუპი» გახდა, ხოლო თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის ასევე 100%–იანი წილის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი მეუღლე ინა გუდავაძე გახდა.

ამის შემდეგ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება სატელევიზიო ბაზარზე. ინა გუდავაძის «იმედი», ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას GDS და შპს «სტუდია მაესტრო», რომელიც ტელეკომპანია «მაესტროს» მართავდა, ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანდა.

ასევე, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «ტვ იმედის» 100 პროცენტიან წილს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ყიდულობს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

პალიტრა ტვ

სატელევიზიო და, ზოგადად, მედია სივრცეში ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე უდავოდ მედია ჰოლდინგი «პალიტრა» გახლავთ. «პალიტრა მედია» ერთდროულად ფლობს ტელევიზიას, რადიოს, ათეულობით ჟურნალს, გაზეთსა და ვებგვერდს. «პალიტრა მედიაში» შედის: ახალი ამბების სააგენტო «ინტერპრესნიუსი» (იპნ.გე); «რადიო პალიტრა»; საკაბელო ტელეარხი «პალიტრა თV»; გაზეთები: «კვირის პალიტრა», «სიტყვა და საქმე», «ყველა სიახლე», «ლელო» და ინგლისურენოვანი «Gეორგიან ჟოორნალ;” ჟურნალები: «გზა», «რეიტინგი», «ლიტერატურული პალიტრა», «ოჯახის მკურნალი», «კარიბჭე», «არსენალი», «კარუსელი», «დაქალი», «ისტორიანი», «საბავშვო კარუსელი», «ავტო ბილდი», «გემრიელი», «ბროწეული»; ვებგვერდები: კვირისპალიტრა.გე, სპორტალლ.გე, მკურნალი.გე, პალიტრატვ.გე, იპნ.გე, ინტერპრესსნეწს.გე, გეორგიანჯოურნალ.გე, მარაო.გე, საქმე.გე, პჰოტოკონკურს.გე, ასტროლოგი.გე; წიგნების მაღაზია «ბიბლუსი», 26 მაღაზიისაგან შემდგარი ქსელი, რომელთაგან 9 თბილისში მდებარეობს;

«პალიტრა მედია» ირაკლი თევდორაშვილსა (75%) და ზაზა ბუაძეს (25%) ეკუთვნის. 100 «პალიტრა ჯგუფის» კუთვნილი რამდენიმე კომპანია ცალკე სუბიექტებად არის რეგისტრირებული, თუმცა იმავე ორი აქციონერის საკუთრებას წარმოადგენს, მათ შორისაა: წიგნებისა და გაზეთების სადისტრიბუციო კომპანია «ელვასერვისი», გამომცემლობა «პალიტრა L» და ჯგუფის ფლაგმანი გაზეთი «კვირის პალიტრა». ზემოაღნიშული ორი ბიზნესმენი აქციებს ფლობს აგრეთვე საგამომცემლო მომსახურების რამდენიმე სხვა კომპანიაში. ესენია: შპს «გოდოლი+», შპს «პოლიგრაფიული მასალები» და შპს «სტამბა 21».

იბერია

ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეს სატელევიზიო სივრცეში ტელეკომპანია «იბერია» წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ და გამოცდილ ჟურნალისტთა გუნდი ძალიან საინტერესო სატელევიზიო პროდუქტს ქმნიან. არხი წარმოდგენილია საზოგადოებრივ-პოლიტიკური და გასართობი თოქშოუებით.

ხაზგასასმელია, რომ კომპანიას ძალიან საინტერესო წარსული აქვს და «ტელე იმედის» მსგავსად, არხის მუშაობა და მისი კრიტიკული ნარატივები წინა ხელისუფლების პოლიტიკას შეეწირა. 14 წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია «იბერია» დაარბია და დახურა. მაშინ ხელისუფლებამ მისი ქმედება «ომეგა-ჯგუფის» უკანონო ბიზნესსაქმიანობას დაუკავშირა. თუმცა, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: თუკი, «ომეგა-ჯგუფი» რაიმე სახის უკანონობას ეწეოდა რატომ შეიჭრა სპეცრაზმი ტელეკომპანიაში? რატომ არ მიეცა არხს საქმიანობის გაგრძელების საშუალება? ეს იყო პირველი ძალიან ნათელი სიმპტომი და ტენდეცია, რომელიც სააკაშვილის კრიტიკულ მედიასთან დამოკიდებულბას აჩვენებდა. ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა არხის აღგენა მხოლოდ 2013 წელს მოახერხა, მაშინ როცა «ნაციონალურმა მოძრაობამ» არჩევნები წააგო.

ტელეკომპანია «იბერიას» მფლობელი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბენმონტი-BENMONN, რომლის მფლობელები თავის მხრივ რატი ოქუაშვილი და გიორგი ოქუაშვილი არიან. თუმცა, აღანიშნავია, რომ თავიდან ბოლომდე მედია საშუალებაზე გავლენა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს აქვს.

კავკასია

ტელეკომპანია «კავკასია» ერთ-ერთი ყველაზე ძველი მედია საშუალებაა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით არის გამორჩეული. არხი წარმოდგენილია საინტერესო სატელევიზიო პროდუქტებით, სადაც პროფესიონალ ჟურნალისტთა გუნდი ქმნის განსხვავებულ და მიუკერძოებელ მედია პროდუქტს.

ტელეკომპანია «კავკასია» ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის საკუთრებაა, რომელიც საკუთრივ კომპანიის დირექტორიც გახლავთ.

ტვ პირველი

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში «ტვ პირველმა» საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სატელევიზიო სივრცეში. სპორტული არხი TVS 2015 წლის შემოდგომის სეზონიდან შეცვლილი სახელწოდებით – “პირველი”გავიდა ეთერში და აუდიტორიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები შესთავაზა. სპეციალიზებული სპორტული მაუწყებლობიდან არხმა საერთო მაუწყებლობის სტატუსი მოიპოვა.

სპორტული ტელევიზიიდან გარდაქმნის შემდეგ, სხვადასხვა არხებიდან წასულმა ჟურნალისტებმა მაუწყებელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა შესძინეს. სატელევიზიო ბადე შევსებულია საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ჟურნალისტების მიერ გაკეთებული გადაცემებით. არხზე თავი მოიყარა წამყვანი ჟურნალისტების გუნდმა. ისეთებმა როგორებიც არიან ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი გიორგი ისაკაძე და სხვები. არსებული შპს «ტელეკომპანია პირველის» 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელია, რომელიც, თავის მხრივ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია.

რუსთავი 2

ტელეკომპანიების მფლობელებზე საუბრისას, ძალიან მნიშვლოვანი და საინტერესოა რუსთავი2–ის მეპატრონეების ვინაობები. ხშირად ისმოდა მოსაზრება, რომ ეს ტელევიზია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკუთრება იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციის დოკუმენტურად დამტკიცება შეუძლებელია. მაგრამ, «რუსთავი 2-ის» აშკარად მიკერძოებული და «ნაციონალური მოძრაობის» სასარგებლოდ არსებული სუბიექტური სარედაქციო პოლიტიკა ამყარებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიასა და სააკაშვილის პარტიას შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირები არსებობს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ გასულ წელს გავრცელდა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები. სადაც, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად არის ჩართული «რუსთავი 2-ის» გადარჩენის სპეც-ოპერაციაში. სხვათა შორის, აღნიშნული სპეც ოპერაციის მთავარი «ფილდ კომანდერი», ანუ საველე მეთაური ყველასათვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იყო – ყოველ შემთხვევაში მიხეილ სააკშვილის თქმით.

რაც შეეხება «რუსთავი 2-ის» მენეჯმენტის და მფლობელების ვინაობას ის ასე გამოიყურება. დღეის მდგომარეობით რუსთავი2–ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ ყოფილ ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლების დროს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებდა და მისი პოლიტიკური კარიერა ასე გამოიყურება: 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გვარამია არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტში 2004-2007 წლებში მოღვაწეობდა, როგორც პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2007 წელს იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ. 2008 წლის იანვარში იგი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2008 წლის ოქტომბერში კი ნიკა გვარამია დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად, თუმცა 2009 წელს მან საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა. რუსთავი2–ის ფინანსური დირექტორი ასევე ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენიაა. მკითხველს შევახსენებ, რომ ეს უკანასკნელი 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ნიკა გვარამიასთან, ალექსანდრე ხეთაგურთან და სხვებთან ერთად ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით, თუმცა საპატიმრო დაწესებულება გირაოს გადახდის საფუძველზე მალე დატოვეს.

რაც შეეხება რუსთავი2–ის დამფუძნებელთა სია, ასე გამოიყურება: ლევან ყარამანიშვილი–22%, გიორგი ყარამანიშვილი–18%, ნინო ნიჟარაძე 9%, შპს «ტელეკომპანია საქართველო»–51%. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები არიან და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ რუსთავი2–ის 91%–იანი წილი აქვთ. ალბათ საინტერესოა რას წარმოადგენენ ერთერთი დიდი ტელეკომპანიის მფლობელი ყარამანიშვილები. ძმები ბიზნეს პარტნიორობით და ნათესავური კავშირებით მოიაზრებიან ძმებ შარანგიებთან. ეს ბიზნეს ჯგუფი ყოფილი ხელისუფლების დროს, როგორც ამბობდნენ ბიზნესის კეთების ექსკლუზიური პირობებით სარგებლობდნენ და ექსპრეზიდენტთან საკმაოდ დაახლოებული პირები იყვნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით ერთ–ერთი ყარამანიშვილი ექსპრეზიდენტის ჯგუფელი იყო. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნული ბიზნეს ჯგუფი ვარდების რევოლუციის დაფინანსებაში იღებდა მონაწილეობას და სწორედ ეს გახდა სამომავლო ექსკლუზიური უფლებების გარანტი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ ვითარება სხვაგვარადაა მაუწყებლის დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირების იურიდიული ფორმა საჭარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც თავისი დებულებით სრულიად გამიჯნულია ხელისუფლებისგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის მმართეველობითი სტრუქტურა ასე გამოიყურება: საზ. მაუწყებელს ჰყავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო, ხოლო თავისმხრივ სამეურვეო საბჭოში ადამიანები არჩეულები არიან პარლამენტის მიერ. სამეურვეო საბჭოს კანდიდატებს პარლამენტში წარადგენენ სხვადასხვა სუბიექტები. კვოტირება კი გადანაწილებულია შემდეგნაირად: სახალხო დამცველი 2 კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობა 3 კანდიდატი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ შეირჩევა 3 კანდიდატი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან სახელდება 1 პირი.

მაუწყებლის მთავარი მისია, არის მაქსიმალურად იყოს ობიექტური და არ გახდეს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაშია ასევე მეორე არხი და ორი რადიო საშუალება.

ანდრია გვიდიანი

Share