Home » საზოგადოება » ვინ და რატომ აფერხებს სინამდვილეში ანაკლიის პორტის აშენებას
ვინ და რატომ აფერხებს სინამდვილეში ანაკლიის პორტის აშენებას

ვინ და რატომ აფერხებს სინამდვილეში ანაკლიის პორტის აშენებას

„არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებისთვის მისაღები არ იყოს ის კომპანიები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან. „კონტი ჯგუფმა” კონსორციუმი დატოვა. ხელისუფლება ალბათ თვლის, რომ ეს კომპანიები დაკავშირებულია მამუკა ხაზარაძესა და გიორგი კვირიკაშვილთან,” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამერიკული „კონტი ჯგუფის” ნაცვლად „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ”-ის წარდგენის შესახებ საუბრისას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „კონტი ჯგუფის” სანაცვლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კომპანია „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ”-ს განიხილავს, თუმცა, მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ამ კომპანიას პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა, რასაც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის მინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ კონსორციუმის მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის მისაღები მხოლოდ ის კომპანია იქნება, რომელიც მათთან არის დაახლოებული.

„ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს და ასევე გარკვეულწილად დროში ჭიანურდება. მისაღები შესაძლოა მათთან დაახლოებული კომპანია აღმოჩნდეს და სწორედ ამიტომაც ფერხდება პორტის განვითარების პროექტი,” – აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ამერიკული „კონტი ჯგუფის” ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა.

„ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა, თუმცა ყაზახური ბრენდი და ამბობს, თითქოს ამ კომპანიას უარი ეთქვა და თითქოს მისი რესურსი და დამოკიდებულება საკითხის მიმართ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და თანაც, ამავე დროს აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ეს პორტი.

„ეს არის პოლიტიკური თამაში და ნაცრის შეყრა თვალებში, რაც ნიშნავს, რომ წარმოაჩინო ვითარება ისე, თითქოს იბრძვი პროდასავლური ინტერესებისათვის და ღირებულებებისათვის და პორტი მთავარი თემაა, მაგრამ მეორე დღეს გამოავლენ იმას, რომ შენ გინდა მოსახლეობის, სამეგრელოს რეგიონის და მთელი საქართველის მოსახლეობის ხმების მოსყიდვა და იმ რეალობას ასახელებ, რომ კომპანია მართლაც იყო შემოსული თავისი წინადადებით და ეს კომპანია არის ის კომპანია, რომლის დიდი რესურსი არის რუსული.

“ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია რუსული არ არის, თანაც ფაქტობრივი კავშირი ხაზარაძესა და „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედ”-ს შორის, სავარაუდოდ, არ არსებობს.

„ეს არ არის რუსული კომპანია. „კონტი ჯგუფი” გავიდა კონსორციუმიდან მას შემდეგ, რაც ხაზარაძეც გამოვიდა. ამიტომაც, არა მგონია ხაზარაძის სახელთან ასოცირდებოდეს „კონტი ჯგუფის” გასვლა და „მერიდიან კაპიტალის” კონსორციუმში შემოსვლის სურვილი.

„შესაძლოა ხელისუფლების მიერ ეს კომპანიები, რომლებიც კონსორციუმში არიან ჩართული, კვირიკაშვილთან და ხაზარაძესთან დაახლოებულ კომპანიებად განიხილებოდეს. პროცედურული საკითხები გარკვეულწილად ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესს აფერხებს,” – ამბობს ჩიტაძე.

ანალიტიკოსის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, თუმცა დროში გაიწელება. ჩიტაძე პორტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს;

„დიდი იმედია მაქვს, რომ ეს პროექტი განხორცილდება, რადგან შესაძლებელი იქნება დაახლოებით 40 მილიონამდე ტონა ტვირთის ტრანსპორტირება და მაქსიმალური დატვირთვა შესაძლოა წელიწადში 100 მილიონი ტონა იყოს. თანაც ანაკლიის პორტს შეუძლია ყველა ტიპის გემის მიღება, განსხვავებით ბათუმისა და ფოთის პორტისაგან, რომლებიც ღრმაწყლოვანი ნავსადგურები არ არიან და შეუძლიათ გემების მხოლოდ 65%-მდე სახეობის მიღება.

„მგონია, რომ პროექტი მაინც განხორციელდება, მათ შორის დასავლეთისა და ჩინეთის ინიციატივით, ოღონდ დროში გაიწელება,” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

“რეზონანსი”

Share