Home » ბიზნესი » ვინ ბლოკავს ელექტროსიგარეტის IQOS – ბაზარზე შემოსვლას
ვინ ბლოკავს ელექტროსიგარეტის IQOS - ბაზარზე შემოსვლას

ვინ ბლოკავს ელექტროსიგარეტის IQOS – ბაზარზე შემოსვლას

საზოგადოების ნაწილი უკვე მრავალი წელია ცდილობს სიგარეტი სხვა შედარებით ნაკლებად მავნებელი პროდუქტით ჩაანაცვლოს. ამის ყველაზე გავრცელებული საშუალება კი ელექტრო სიგარეტია. 2014 წელს პირველად ჩაეშვა გაყიდვაში IQOS. ეს მოწყობილობები თამბაქოს აცხელებენ მისი წვის გარეშე, რაც მწეველს მოწევის გამოცდილებას არ უმახინჯებს, რადგან ის ისევ გრძნობს თამბაქოს (და ნიკოტინის) ნამდვილ გემოს მძაფრი სუნის, გამონაბოლქვის თუ ფერფლის გარეშე. იმის გამო, რომ თამბაქო აღარ იწვის, გაცილებით ცოტა მავნე ნივთიერება გამოიყოფა და, ამდენად, მიიჩნევა, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველი რისკიც მცირდება. ინდუსტრია თამბაქოს გაცხელების იდეას რამდენიმე ათწლეულია, რაც ამუშავებს, თუმცა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე ისეთი პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც მწეველების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ეს პროდუქტი არის IQOS-ია და მას “ფილიპ მორისი” აწარმოებს.

აღნიშნულ პროდუქტს საქართველოშიც არაერთი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მისი შეძენა მარტივი სულაც არ არის და, ძირითადად, IQOS-ი ქვეყანაში არალეგალური გზებით ხვდება. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნულ პროდუქტს საერთოდ არ არეგულირებს და, შესაბამისად, მისი ლეგალური გზებით იმპორტი და რეალიზებაც შეუძლებელია.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა ელექტრონული სიგარეტები არანაკლებ მავნებელია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქო. აღნიშნულ პოზიციას თითქმის უცვლელად იზიარებს დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი-NCDC.

როგორც უწყების განცხადებიდან ვიგებთ IQOS-ის პოპულარიზებას კომპანია “ფილიპ მორისი” ცდილობს და აღნიშნული პროდუქტი, ისეთივე მავნებელია, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი.

“თავად “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ დაფინანსებული კვლევის გარდა, არ არსებობს დამოუკიდებელი და სანდო კვლევა, რომელიც ამტიკიცებს, რომ IQOS სისტემის სიგარეტი ნაკლებად მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არ მოახდენს ახალგაზრდებში მოწევის დაწყების პოპულარიზაციას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დამცველებისთვის “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ წარმოებული კვლევის შედეგები განიხილება, როგორც მიკერძოებული და დამოუკიდებელ რეცენზიას მოკლებული.

“ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მიერ 2013-2015 წლებში 8 კლინიკური კვლევა ჩატარდა IQOS-ზე, მათ შორის 4 იაპონიაში. აღნიშნული კვლევების სანდოობის შესწავლისას უამრავი ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის ძირითადი მკვლევარების არაკომპეტენტურობა, მეთოდოლოგიურ და ეთიკურ საკითხებში ხარვეზები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, 2018 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის სააგენტომ უარყო “ფილიპ მორის ინტერნეიშენელის” მოთხოვნა, მოეხდინათ IQOS-ს მარკეტირება, როგორც ტრადიციულ სიგარეტზე უფრო უვნებელი პროდუქტისა. კლინიკური კვლევები, რომლებიც განხორციელებულია “ფილიპ მორის ინტენეიშენელის” მიერ, არასაკმარისად სარწმუნოდ არის მიჩნეული და სწორედ ამიტომ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ბაზარი IQOS-თვის დაკეტილია”, – აღნიშნულია NCDC-ის განცხადებაში.

თუმცა, საპირისპიროს ცხადყობს საერთაშორისო პრაქტიკა, IQOS-ი მსოფლიოს 35 ქვეყანაში იყიდება და ის წარმოდგენილია, ისეთ მაღალგანვითარებული ქვეყნების ბაზრებზე როგორიც არის, აშშ, შვეიცარია, იაპონია და სინგაპური.

IQOS-ის გაყიდვა სავსებით ლეგალურია, ასევე ჩვენს პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებში რუსეთსა და სომხეთშიც. სწორედ ამ მიმართულებებიდან შემოდის არადეკლარირებული საქონელი საქართველოში. მაგალითად, საგამოძიებო უწყებამ, მხოლოდ მიმდინარე წლის მაისის თვეში 7 120 კოლოფი, არალეგალური IQOS-ი ამოიღო, რომლის ღირებულებაც 42 000 ლარს აღემატებოდა.

შესაბამისად, გაუგებარია რატომ ცდილობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მისი თავჯდომარე, ხელი შეუშალოს ამ პროდუქტის კანონის ჩარჩოებში მოქცევას და რატომ უწყობენ ხელს ეკონომიკაში შავი ბაზრების გაჩენას.

პაატა თურქია

Share