Home » ეკონომიკა » ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე
ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე

ვინ არის ლარის გაუფასურებაში დამნაშავე

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გაუფასურების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ბუნებრივია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება მალევე დაბრალდა ჩვენს მეზობლებსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს. მართლაც არითმეტიკული სიზუსტით დაემთხვა თურქული ლირის მნიშვნელოვან გაუფასურებას, ლარის პოზიციების შესუსტება, ამავე პერიოდში უფასურდებოდა რუსული რუბლიც. ეკონომიკაში ასეთ მოვლენას ერთადერთი ახსნა აქვს და მას “აჟიოტაჟურ” კურსს უწოდებენ. თუმცა, აჟიოტაჟური კურსი ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან მომდინარეობს და როგორც წესი ის მოკლე ვადიანია. რასაც ვერ ვიტყვით ლარის ქცევაზე, რომელიც გაუფასურებას განაგრძობს, მით უფრო, რომ ლირამ მაისის მეორე ნახევრიდან გამყარების ტრენდი დაიჭირა.

ლირის ტრენდი

ჩნდება კითხვა მაშინ რა ჭირს ლარს?! თუ შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრებიც წესრიგშია და პარტნიორ ქვეყნებშიც დაწყნარდა სიტუაცია, ასეთ შემთხვევაში პრობლემის ძიება უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ. კერძოდ, თუ ინვესტიციების მონაცემებს ჩავხედავთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ვალუტის შემოდინების წყაროა ქვეყანაში დავინახავთ, რომ 2018 წელს მისი მოცულობა წინა წელთან შედარებით 35% -ით არის შემცირებული, მართალია ეს წინა წლის მონაცემია, მაგრამ ინვესტიციების სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში, ინვესტორი ინვესტიციას რამდენიმე ეტაპად ახორციელებს და ის რამდენიმე წელზეც ნაწილდება. შესაბამისად, გასულ წელს ინვესტიციების მნიშვნელოვან კლებას გარკვეული გადაცემის ეფექტი, მიმდინარე წელზეც აქვს. აღნიშნული მონაცემის გაანალიზება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უფრო თვალსაჩინო იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქმის ყველას შეუმჩნეველი დარჩა, არის ფულის მასის მატება. კერძოდ კი მაგალითად 2019 წლის აპრილში M2 აგრეგატი 10 მლრდ აჭარბებს, მაშინ როდესაც 2018 წლის აპრილში 8 მლრდ მცირედით აღემატებოდა. შესაბამისად, თუ 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე მცირე იყო ფულის მასაც და მეტ-ნაკლებად, ისინი ერთმანეთს აბალანსებდნენ, მიმდინარე წელს კი უცხოური ვალუტის მკვეთრი მატების გარეშე ლარის მასის ზრდამ, ზეწოლა გაზარდა კურსზე.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ზეწოლა მოახდინა ლარზე, არის უკვე ხსენებული აჟიოტაჟური კურსი, რომელიც პანიკაში გადაიზარდა და იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა მასიურად დაიწყეს ლარის მოშორება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა დოლარზე, ამან კი თავის მხრივ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას. ჩნდება კითხვა რამ გამოიწვია პანიკა სავალუტო ბაზარზე და რამდენად შეიძლებოდა ამისი თავიდან აცილება ?!

საქმე იმაშია, რომ როგორც წესი აჟიოტაჟური კურსის ჩამოყალიბებას, ხელს მნიშვნელოვან წილად უწყობს საინფორმაციო ვაკუუმი. სავალუტო ვაჭრობის მონაწილეები, რომლებმაც არ იციან რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის რყევა, თავისთავად არ იციან როგორ გაგრძელდება და რა ტრენდს შეინარჩუნებს ის, იწყებენ ლარის მოშორებას, აღნიშნული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში კი ვიღებთ პანიკას სავალუტო ბაზარზე.

არსებული სიტუაციის განმუხტვა ცხადია ხელეწიფება ეკონომიკურ გუნდსა და განსაკუთრებით კი ცენტრალურ ბანკს. სწორედ ამ უკანასკნელს გააჩნია, ის მონეტარული ინსტრუმენტები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს არაფუნდამენტური ან ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული გაუფასურების დროს. თუმცა, ყველაზე ეფექტური, ასეთ დროს საზოგადოების სწორად ინფორმირებაა. სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა აუხსნას პირველივე რყევებზე, თუ რასთნ აქვს საქმე საზოგადოებას და რამდენად არსებობს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურების რისკები.

მაგრამ თუ გადავხედავთ უკანასკნელ პროცესებს, ჩვენთან მსგავსიც კი არაფერი ყოფილა, ოფიციალურად არავის განუმარტავს საზოგადოებისთვის, თუ რა ხდებოდა სავალუტო ბაზარზე და რა იწვევდა ლარის გაუფასურებას. მეტიც ცენტრალური ბანკის, წერილობითი განმარტებაც კი არ გაუვრცელებია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ცხადია აღნიშნულმა საინფორმაციო ვაკუუმმა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზარზე აჟიოტაჟური ფონის ჩამოყალიბებას.

შეჯამებისკენ კი შეიძლება ითქვას, რომ ლარის გაუფასურება, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, რასაც თან ახლდა არასწორი მონეტარული პოლიტიკა და კურსის რყევების სრული იგნორირება, რამაც ლარი გაუფასურების მაქსიმუმზე მიიყვანა.

პაატა ბაირახტარი

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა”-ს ვიცე-პრეზიდენტი

Share