Home » ეკონომიკა » ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი
ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი

ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ მან მამუკა ხაზარაძეს პირადად შესთავაზა $70 მილიონი დოლარის ჩუქება, რადგანაც ექს-პრემიერის მტკიცებით, კონსორციუმს აღნიშნულ პერიოდში თანხის შეგროვება უჭირდა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში “გამოჩნდა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელსაც ამ ბიზნესში წილი აქვს და ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე – ნაჩუქარი ფული. მას სხვა, სერიოზული ბიზნესები აქვს მას თუ გინდ ელექტრო მანქანები და სხვა და რაც ის გამოჩნდა, ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე.”

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთ მსხვილ პროექტში არის ჩართული. ის სააქციო საზოგადოება “ანაკლია ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2017 წლის 10 თებერვლიდან ფიქსირდება. მასთან ერთად ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

  • მამუკა ხაზარაძე; 
  • ბადრი ჯაფარიძე; 
  • ბობ მეიერი. 

“ანაკლია ჰოლდინგის” წესდების მიხედვით, დიმიტრი აბდუშელიშვილი საბჭოში წარმოადგენს კომპანია Wondernet Express, რის უფლებასაც მას კომპანიის ხელმძღვანელის დევიდ მარინერისა და ანტონის ავრაამისის მიერ 2017 წლის 9 იანვარს გაცემული მინდობილობა აძლევს. დღეის მდგომარეობით, Wondernet Express-ი ანაკლიის პორტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია.

Wondernet Express-ი 2008 წელს დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაა. მისი ძირითადი საქმიანობა, ცენტრალური აზიის რეგიონში ტვირთების ტრანსპორტირება და იმპორტ-ექსპორტია. Wondernet-ს ძირითადი შვილობილი კომპანია უზბეკეთის რესპუბლიკაში აქვს დაფუძნებული.

Wondernet Express-ის ფინანსები გამჭვირვალეა. კომპანიის მიერ დიდ ბრიტანეთში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებისმიხედვით, 2017 წლის განმავლობაში მისმა მთლიანმა შემოსავალმა £134,334,443 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. წმინდა მოგება კი £5,052,328 გირვანქა სტერლინგი იყო. Wondernet-ის აქტივების ღირებულება £64,851,151 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

Wondernet Express-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დევიდ მარინერია. ბრიტანეთის კომპანიების რეგისტრის მონაცემებით, მენეჯმენტის შემადგენლობაში დიმიტრი აბდუშელიშვილი და უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი შედიან.

Wondernet Express-მა საქართველოში შვილობილი 2017 წლის 16 აგვისტოს დააფუძნა. აღნიშნული კომპანიის სახელია “ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი”. დღეის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იან წილს შპს “ადია” ფლობს, რომლის დირექტორიც უზბეკეთის მოქალაქე ასატულა იკრამოვია, მეწილეები კი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ალიშერ იკრამოვი და ასატულა იკრამოვი არიან.

კომპანიამ კიდევ ერთი შვილობილი 2018 წლის 27 ნოემბერს დააფუძნა. ამ კომპანიის სახელი “ვანდერნეთ ექსპრესია”, რომლის 100%-იან წილს დიმიტრი აბდუშელიშვილი ფლობს. კომპანიის დირექტორი უზბეკეთის მოქალაქე მურად შამსუტდინოვია.

ამავე დღეს საქართველოში დაფუძნდა კიდევ ერთი კომპანა – “ვანდერნეთ ექსპრეს იბერია”, რომლის 100%-იანი წილიც ასევე დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის, მისი დირექტორი კი მურად შამსუტდინოვია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთადერთი საზღვაო პროექტი არაა, რომლის განხორციელებაშიც Wondernet Express-ი ინვესტირებას გეგმავს. კომპანია ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტშიც არის ჩართული.

წყარო:bm.ge

Share