Home » ბიზნესი » ვასილ ბაბლუანი – ახალი პრემიერისგან ბიზნესში დადებითი მოლოდინებია
ვასილ ბაბლუანი - ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრობლემა ბიუროკრატიული ბარიერებია

ვასილ ბაბლუანი – ახალი პრემიერისგან ბიზნესში დადებითი მოლოდინებია

ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის – Gees Iberia-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს, ვასილ ბაბლუანს ესაუბრა.

– ქვეყანას ახალი პრემიერი ყავს, რომელსაც ბიზნესთან ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ახლახანს მან მინისტრთა კაბინეტს ბრძანება მისცა, რომ დაიწყება ბიზნესთან სექტორალური შეხვედრები და ყველა არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრებიდან და პირადად ახალი პრემიერის მხრიდან რაიმე კონკრეტულ ცვლილებებს ხომ არ ელით?

– მოლოდინები მაქვს პოზიტიური, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარია სანამ პრემიერი გახდებოდა, სადაც იმუშავა ყველგან დადებითად და პოზიტიურად წარმართა ვითარება. ის საქმეში კარგად გამოცდილი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ რა საქმეებსაც დაიწყებს ბოლომდე მიიყვანს.

გახარიას ბიზნესომბუდსმენად მუშაობის პერიოდში მე პირადად ვიცი, რომ კარდაკარ დადიოდა სამინისტროებში და ბიზნესმენებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს პრობლემების გადაჭრაში საკმაოდ ეფექტურად ეხმარებოდა. ჩემი ევროპელი მეგობრები არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ჰქონდათ მასთან საქმიანი შეხება და დადასტურებულად ვიცი ამ კუთხით მისი მუშაობის სტილი და ეფექტიანობა, მას პირადად მიჰქონდა მთავრობაში ბიზნესის პრობლემები. ამ კუთხით მოლოდინი მაქვს, რომ ინვესტორებს, განსაკუთრებით ევროპიდან, გაუიოლდებათ მის მთავრობასთან ურთიერთობა. ჩემი კომპანიაც სწორედ ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს და, შესაბამისად, ვიცი რა ბარიერებიც ხვდებათ უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ არის უამრავი ბიზნესმენი ევროპაში, ვისთანაც შეიძლება საუბარი და საერთო საქმის კეთება. მარტო ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რამდენიმე მიმდინარე პროექტს, მაგალითად, აგურის მწარმოებელი ქარხანა, თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც არის ევროპული ინვესტიცია და ჩვენ მოგვაქვს და ვნერგავთ მას საქართველოში, რომელსაც სამი ესპანური ოჯახი მოჰყვება და კასპში დასახლდება.

ამგვარი პროექტი გვაქვს ევროპელ ინვესტორებთან ერთად უნიკალური ქართული ღორის გადარჩენის და მისგან “ხამონის” წარმოების პროექტი. რაჭაში რაჭული ლორის წარმოების ქარხანა, სადაც მოვახდინეთ ტრადიციული ქართული პროდუციის ევროპული ტექნოლოგიებით განვითარება და მისთვის ევროპული, თანამედროვე საბაზრო სახის მიცემა. ამგვარი პროექტია დეკორატიული ხეებისა და სანერგე მეურნეობის განვითარება, აგრეთვე სასათბურე მეურნეობების განვითარება, სამშენებლო სეტორშიც ვმუშაობთ რამდნიმე მიმართულებით და ა.შ. აგრეთვე მჭიდრო თანამშრომლობა გვავქვს რამოდენიმე ევროპულ სავაჭრო პალატასთან. ყველა ეს პროექტი ხორციელდება იმგვარად, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შემოაქვთ არა მარტო თანხები, არამედ თავად არიან ჩარტული პროექტის მართვასა და განვითარებაში, ხდება ევროპული გამოცდილების იმპორტი ჩვენს ქვეყანაში.

მთლიანობაში იმის თქმა მინდა, რომ ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვის ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა გზადაგზა ბევრ პატარ-პატარა პრობლემებს ვეჩეხებით, რაც ძირითადად დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან. მე არ ვამბობ, რომ ვინმე მთავრობაში ცუდია ან ვინმესკენ ხელს ვიშვერ, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არის უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის გამოცდილების ნაკლებობა.მაგალითად, ევროპული ბიუროკრატია სულ სხვა რამ არის. ბიზნესმენმა თავიდანვე იცის, რომ ერთ დღეში არაფერი კეთდება და შეიძლება დასჭირდეს 1 ან 2 წელი, თუმცა აუცილებლად ამ დროში მოგვარდება და ამ დროში ამუშავებული მოტორი იმდენად საფუძვლიანად დაიქოქება, რომ ბოლომდე გაგყვება. ჩვენთან რა ხდება – ბიზნესგარემო თითქოს მიმზიდველია, მალე არეგისტრირებ კომპანიას, გადასახადები დაბალია, ანუ სასტარტო პირობები ნორმალურია, თუმცა მერე ეჩეხები ისეთ ბიუროკრატიულ პრობლემებს, რომელიც აფერხებს ბიზნესის განვიტარებას და ეფექტიანობას.

მე პირადად მაქვს რესურსი, რომ კიდევ ბევრი ინვესტორი დავაინტერესო და შემოვიყვანო საქართველოში, თუმცა ვიცი, რომ ჯერ არ ვართ მომზადებული სტრუქტურულად, იმისთვის, რომ პროცესები შეუფერხებლად წარიმართოს, შესაბამისად მოლოდინის რეჟიმში ვარ, რომ ამ საკითხებს ახალი პრემიერი უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას.

– თქვენ ინვესტიციებზე გაამახვილეთ ყურადღება და ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი არ არის იმგვარი, რომ მსხვილი ინვესტორები დაინტერესდნენ. ამ ფონზე, რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ ინვესტიციების მოსაზიდად?

– ერთი ანდაზა არის ესპანური, რაც დაახლოებით პასუხობს თქვენს კითხვას – “მეწაღეები წავიდნენ ესპანეთიდან ეკონომიკურად ძალიან დაბალ დონეზე მყოფ აფრიკაში და ერთმა თქვა, რომ აქ ძალიან ბევრ ფეხსაცმელს გავყიდით, თითქმის ყველა ფეხშიშველა დადისო, ხოლო მეორემ თქვა, რომ შეიძლება საერთოდ ვერ გავყიდოთ, ისედაც მიჩვეული არიან ფეხშიშველა სიარულსო”. ანუ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მივუდგებით ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის საკითხს და როგორ ვპოზიციონირდებით მსხვილი ინვესტორების თვალში, რა პოტენციალი გაგვაჩნია, რას ვთავაზობთ მსოფლიოს, ჩვენს გეოგრაფიულ მიმზიდველობას? კრიმინალის დაბალ დონეს? ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს თუ რას? უნდა ვაღიაროთ, რომ ძირითადი მსხვილი ინვესტორები ვინც არიან გლობალურად, მათთვის საქართველო არ არის მიმზიდველი და საინტერესო, შესაბამისად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საშუალო სეგმენტზე, რომლებსაც არანაკლები გამოცდილება აქვთ, ვიდრე გლობალურ კორპორაციებს და ჩვენს ბაზარსაც მოერგებიან. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის კომპანიები საკმაოდ მრავლად არიან თუნდაც ევროპის მასშტაბით, რომელთა დაინტერესება შესაძლებელია. უბრალოდ საჭიროა ადგილზე კარგი შემსრულებელი ხალხი, ვინც დაკისრებულ მოვალეობებს თავს ჯეროვნად გაართმევს.

– შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც დღეს ყველაზე ეფექტური მხარდამჭერი იქნებოდა არა მარტო უცხოელი ინვესტორებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც?

ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ იმ მასშტაბის ბიზნესმენებისთვის, რომლებთანაც მე აქტიურად ვმუშაობ და ეს არის საშუალოზე დიდი კომპანიები, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ისინი სახელმწიფოს ხედავენ როგორც მათ პარტნიორს, ვინაიდან სახელმწიფოსთან ურთიერთობა მიაჩნიათ მათ გარანტიად. დღეს არსებული პარტნიორული სამთავრობო პროგრამები, თუ რამე გვაქვს, ძალიან დიდ როლს თამაშობენ ინვესტორების დაინტერესებაში. ვფიქრობ ეს ხაზი არის ყველაზე მეტად გასავითარებელი.

მეორე ნაწილია გამოცდილების საკითხი, რომელიც თითქმის ყველა სფეროში ჩვენთან დეფიციტურია. არა გვყავს კვალიფიციური ვეტერინარები, ტექნოლოგები, არა გვყავს ახალ-ახალი მეცნიერები, რომლებიც საინტერესო მიგნებებს და სიახლეებს დადებენ და ა.შ. ამ მხრივ ძალიან ბევრი აქვს ჩვენს ქვეყანას სამუშაო. 25 წლიანი წყვეტის შემდეგ თითქმის არაფერი გაკეთებულა და სიახლეები არ დანერგილა მასშტაბურად.

აგრეთვე, სასურეველია მოხდეს უცხოეთში ჩემსავით წასული ბიზნესმენების მეტად დაინტერესება, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ და მათი მეგობარი ბიზნესმენებიც წამოიყვანონ საქმით და ინვესტიციებით. საჭიროა სახელმწიფომ ასეთ ხალხს მეტი ყურადღება მიაქციოს, რათა დაუბრუნდეთ სტიმული თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების და საკუთარი გამოცდილების რეალიზაციის. ასეთი ხალხი ძალიან დიდი რესურსია, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნისთვის დაკარგულია. საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია და ძალიან უყვარს.

კიდევ ერთი მიმართულება, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს არის განხორციელებული კვლევების პრაქტიკაში რეალიზება და მისი ბიზნესად ქცევა. სახელმწიფო ახორციელებს დარგობრივ კვლევებს, რომლებიც სასურველია მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამოკვლეული პრობლემატიკის ბიზნესად გადაქცევა ნებისმიერ სექტორში.

ესაუბრა შოთა კორინთელი

Share