Home » საზოგადოება » ვაშლიჯვრის გზაგამტარი გაიხსნა
ვაშლიჯვრის გზაგამტარი გაიხსნა

ვაშლიჯვრის გზაგამტარი გაიხსნა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა.

გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

„მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ. აქ სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა განიტვირთება. პროექტი შარშან დავიწყეთ და იყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ დროში გაიწელა. მე ამას ავხსნი: პირველადი პროექტი, რომელიც შემუშავდა, იყო პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ მწვანე სივრცე უნდა განადგურებულიყო. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამის გამო, პროექტი შეიცვალა და განხორციელდა ისე, რომ მწვანე სივრცე შენარჩუნდა და მინიმალური ჩარევა მოხდა.

დარჩენილია შემდეგი სამუშაოები: გზის დახაზვა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დასრულდება და ახალი გზა გამყოფების გამწვანება, რაც რამდენიმე დღეში დაიწყება. ასევე, საფეხმავლო კიბეები და ლიფტები მოეწყობა, რომლითაც სარგებლობა შეეძლება მოსახლეობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აღნიშნული ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებში იყო ჩართული.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო პირველივე დღიდან, მათ შორის პროექტის ავტორს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები, რეგიონები იყოს ყველაზე განვითარებული, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა და ეს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. იცოდეთ, რომ ჩვენ 24-საათიან რეჟიმში, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ. მთავრობის ყველა წევრი, მერიის ყველა თანამშრომელი, მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს მოწესრიგებული, უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებლად. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ორდონიანი კვანძის მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს პარლამენტის დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ილია წულაია, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

აღნიშნული გზაგამტარი წარმოადგენს რკალისებურ ესტაკადას, რომელიც იწყება სარაჯიშვილის ქუჩიდან, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და უერთდება აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას.

პროექტი უზრუნველყოფს მოძრაობის განტვირთვას ვაშლიჯვრის დასახლებაში, გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის, ასევე, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით.

სამშენებლო სამუშაოების პროცესში პროექტში შევიდა ცვლილებები. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ალტერნატიული პროექტით, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ხე-მცენარე მოიჭრა. მაგალითად, თავდაპირველი პროექტით თუ გათვალისწინებული იყო   47 დიდი და   198 პატარა ხე-მცენარის მოჭრა, ალტერანტიულით მოიჭრა სულ 17 ერთეული ხე-მცენარე, ხოლო გადაირგო 27; საკომპენსაციოდ დაირგო 140 ხე-მცენარე; ამავე დროს, ალტერნატიული პროექტის მიხედვით, თბილისის მერიას ნაკლები შეხება მოუწია კერძო საკუთრებასთან, რამაც დაზოგა დედაქალაქის ბიუჯეტი; 246 მ სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი ორზოლიანია და 8-მეტრი სიგანისაა, ნაცვლად 6 მეტრისა.

სავალი ნაწილის გარდა, ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება 2მ სიგანის ტროტუარი. შშმ პირთათვის გადაადგილების გამარტივებისთვის მარშალ გელოვანის გამზირის ორივე მხარეს დამონტაჟდება ლიფტები.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ აწარმოებდა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

Share