Home » საზოგადოება » ,,ვარდების რევოლუცია” შეცდომა იყო!”
,,ვარდების რევოლუცია'' შეცდომა იყო!''

,,ვარდების რევოლუცია” შეცდომა იყო!”

ზურაბ ჟვანია, რა თქმა უნდა, მოკლეს

რაზე ეჩხუბა ზურაბ ჟვანია, იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს და რას ნანობს ელდარ შენგელაია  

…ტრადიცია არ დავარღვიე და, საუბრის დასრულების შემდეგ სელფი გადავიღეთ. მერე, ეს სელფი სოციალურ ქსელში ავტვირთე, რომელსაც ,,ვერსიის” გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, მაია ფუცელაძემ მიაწერა: ,,ჩემი შერეკილები!” ჰო, ჩვენ შერეკილები ვართ, რამეთუ შერეკილები, როგორც არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს დღევანდელი რესპოდენტი ამბობს, თავისუფალი ადამიანები არიან!.. აი, ასე, მარტივად და ლაკონურად: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ,,ვერსია” გენიალური ფილმების გენიალური რეჟისორის, ელდარ შენგელაიას არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
_ ბატონო ელდარ, აღარ ჩანხართ, როგორ ხართ?
_ ნორმალურად. ახლახან, თურქეთში, ფესტივალზე ვიყავი, სადაც ,,ცისფერი მთები” ვაჩვენე და პრიზი მივიღე.
_ მთავარი პრიზი მიიღეთ?
_ გინდათ, ეს პრიზი გაჩვენოთ?
_ სიამოვნებით ვნახავ…
_ (პრიზი მოაქვს) ეს მეფეა, რომელმაც თურქეთის პირველი სახელმწიფო შექმნა… ეს პრიზი კინოს სფეროში დამსახურებისთვის მომცეს…
_ გილოცავთ!.. წეღან, მობილურმა ტელეფონმა დაგირეკათ და ყურადღება მივაქციე: როგორც იტყვიან, ზარად ,,ცისფერი მთების” მუსიკა გიყენიათ. თვლით, რომ დღესაც ,,ცისფერ მთებში” ვცხოვრობთ?
_ არ ვიცი…
_ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ,,ცისფერი მთების” მსგავს კინოშედევრს ახლაც გადაიღებთ?
_ კი ბატონო, შედევრია, მაგრამ ეს ფილმი მაინც სხვა დროშია შექმნილი. ახლა სხვა რამეს გადავიღებ.

_ რას?
_ სცენარი მაქვს, ,,სავარძელი” ჰქვია, მთავრობაში უნდა წარვადგინო, რომ ფული მომცენ.
_ ,,სავარძელიც” პოლიტიკური გროტესკია?
_ ეს სცენარი მიმიზეა, რომელსაც ძალაუფლება ისე უყვარს, არც ცოლ-შვილისთვის სცალია და არც _ მეგობრებისთვის.
_ ნებისმიერ მთავრობას თავი მეფე ჰგონია. გამონაკლისი არც დღევანდელი მმართველობაა და სცენარს დაგიფინანსებთ?
_ ვნახოთ… ამ დღეებში შეხვედრა უნდა მქონდეს და შეიძლება, დამაფინანსონ…
_ შეხვედრა კულტურის სამინისტროში უნდა გქონდეთ?
_ არა, უფრო მაღალ სფეროებში მივდივარ…
_ ბატონო ელდარ, ვინაიდან მთავრობას შევეხეთ, თან ნოემბერია და ,,ვარდების რევოლუციის” 12 წლისთავი ახლოვდება, მოდით, ძველი ამბები გავიხსენოთ… დღევანდელი გადასახედიდან, ყველაფერ იმას როგორ აფასებთ?
_ რა იმას?
_ რას და, მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც მაშინ პარლამენტში ვარდით შევიდა…
_ გეტყვით: მაინც მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა, რადგან სულ რამდენიმე თვის შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი არჩევნების გზით მომხდარიყო და არა _ რევოლუციის.
_ არადა, რევოლუციაში მონაწილეობდით…
_ დიახ, მაგრამ ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, ეს ჩვენი შეცდომა იყო.
_ ეს მიზანმიმართული შეცდომა იყო თუ გაუცნობიერებელი?
_ ალბათ, გაუცნობიერებელი…
_ როდის მიხვდით, რომ ,,ვარდების რევოლუცია” შეცდომა იყო?
_ დრო რომ გავიდა… ,,ოცნება” სათავეში არჩევნებით მოვიდა და ეს დემოკრატიულია. მაშინ კი რევოლუცია მოხდა, ესე იგი, რაღაცნაირად დემოკრატიის წესი დაირღვა. საერთოდ, ხელისუფლებაში ესა თუ ის ძალა ყოველთვის არჩევნებით უნდა მოვიდეს…
_ 2003 წელს შეცდომა მხოლოდ ლიდერებმა დაუშვეს თუ ხალხმაც? როცა რევოლუციონერმა პრეზიდენტმა ინტელიგენციას ,,ჩარეცხილები” გიწოდათ, რა განცდა დაგეუფლათ?
_ არასასიამვნო… ინტელიგენცია საქართველოში ყოველთვის გარკვეულ როლს ასრულებდა. არ ვადარებ, მაგრამ გაიხსენეთ, ილიამ საქართველოს ისტორიაში რა როლი შეასრულა…
_ ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, თუნდაც ტერმინი ,,ჩარეცხილები” გაჩნდებოდა?
_ არა, არა… ზურაბი სულ სხვა ადამიანი იყო და მისი გარდაცვალებით, როგორც ამბობენ, მკვლელობით, დიდი შეცდომა მოხდა. სათავეში ზურაბი რომ ყოფილიყო, საქართველოს, მგონი, სულ სხვა ბედი ექნებოდა…
_ ე.წ. ჟვანიას გუნდის წევრად ითვლებოდით…
_ რა თქმა უნდა…
_ ცხონებულს ბოლოს როდის შეხვდით?
_ როცა მთავრობის თავმჯდომარე გახდა. მერე, საუბედუროდ, კონტაქტი თითქმის აღარ გვქონდა.
_ რატომ?
_ პოლიტიკიდან წამოვედი… ხანდახან მასთან სახლში მივდიოდი ხოლმე.
_ რაზე საუბრობდით?
_ ყველაფერზე _ პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე… ჩვენ ერთმანეთს ისე ვესაუბრებოდით, როგორც მეგობრები…
_ ჟვანიას როგორც მეგობრისთვის, თუ უთქვამს, რომ სააკაშვილსა და საერთოდ, ნაციონალებთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა?
_ კონფლიქტი სულ ერთხელ მოგვივიდა: ჩვენი პარტიის, გაერთიანებული დემოკრატების შტაბში ვიყავით და ზურაბს ველოდებოდით, რომელიც სააკაშვილთან წავიდა.
_ ამ დროს რევოლუცია უკვე მომხდარი იყო?
_ დიახ… ზურაბი დაბრუნდა და თქვა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ _ ჩვენი პარტია უნდა დაიშალოს და სააკაშვილის პარტიას შეუერთდესო. ვუთხარი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, ჩვენი სახე უნდა შევინარჩუნოთ, კოალიცია შევქმნათ და თუ საქმე კარგად წავა, ერთად ვიქნებით, რაღაც ისეთი თუ მოხდა, ოპოზიციაში გადავალთ- მეთქი. ზურაბმა ძალიან შემიტია… უსიამოვნება მოხდა და რამდენიმე დღე აღარ მელაპარაკებოდა. მერე შევრიგდით.
_ ზურამ დაგისაბუთათ, გაერთიანებული დემოკრატები ნაციონალების პარტიას რატომ უნდა შეერთებოდა?
_ ჩვენი გაერთიანება საქართველოს სჭირდებაო, მაგრამ მგონია, ეს შეცდომა იყო…
_ მოქკავშირში ყველანი ერთად იყავით და სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რატომ გქონდათ?
_ ასეთი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ კი არ მქონდა, ვთვლიდი, ჩვენი პარტია უნდა შეგვენარჩუნებინა და იმაზე, რაც მერე მოხდა, ჩვენ, როგორც ოპოზიციურ პარტიას, ჩვენი დამოკიდებულება გვექნებოდა და არჩევნები რომ იქნებოდა, კაცმა არ იცის, შეიძლება, გაგვემარჯვა.
_ არსებობს ვერსია, რომ პრემიერი ჟვანია ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა. ზურაბს ამის შესახებ არაფერი უთქვამს?
_ არა…
_ რამდენჯერმე შეცდომა ახსენეთ, ბატონო ელდარ, ისიც შეცდომა ხომ არ იყო, ჟვანიამ ნინო ბურჯანაძისგან პოლიტიკური სახე რომ შექმნა?
_ არა, არ იყო… როცა ზურაბი გადადგა, არჩევანი იყო, ვინ უნდა გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარე და ზურაბმა ნინო აირჩია. ნინო ძალიან კარგი იურისტია და იმ პერიოდში აბსოლუტურად ნორმალური იყო, მაგრამ მერე საქმეები რაღაც სხვანაირად წავიდა.
_ თქვენი შეფასებით, ,,ვარდების რევოლუციის” მერე ბურჯანაძემ ჟვანიას უღალატა?
_ ვერ გეტყვით… მან, უბრალოდ, თავისი გზა აირჩია…
_ პრემიერის დღემდე ბურუსითმოცული გარდაცვალების შემდეგ, ე.წ. ჟვანიას გუნდიდან მისი ერთგული რამდენიმე ადამიანიღა დარჩით. ამას რით ხსნით? ისე, ბარამიძესთან, მაჭავარიანსა და გოგორიშვილთან ანუ მათთან, ვინც ნაციონალებად ტრანსფორმირდნენ, გარკვეული კითხვები ხომ არ გაქვთ?
_ მათთან საერთოდ არ ვურთიერთობ. ერთადერთი, მიშა მაჭავარიანთან მაქვს კარგი მეგობრობა, მაგრამ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ…
_ ვერსიის, რომ პრემიერი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, გჯერათ?
_ ეს ვერსია იმ მომენტში არ იყო, მერე დაიბადა… მჯერა, ის, რა თქმა უნდა, მოკლეს! სხვაგან მოკლეს და მერე, იქ მიიყვანეს, სადაც, თქვეს, გაზი იყოო, მაგრამ იქ გაზი საერთოდ არ ყოფილა, არ გაიგუდა, ესე იგი, მოკლეს!
_ თუკი მკვლელობის ვერსიას გავყვებით, თქვენი აზრით, ბატონო ელდარ, ჟვანიას მკვლელობის მიზანი რა უნდა ყოფილიყო?
_ ვერ გეტყვით… დიდი პოლიტიკა ისეთი არეალია, სადაც ძნელია გაგება, ეს ამბავი რატომ მოხდა. ჟვანია რუსეთთან ურთიერთობას აგვარებდა. შეიძლება, ეს რაღაც მხარეს არ მოეწონა და მოიცილეს.
_ ჟვანია ურთიერთობას მხოლოდ რუსეთთან აგვარებდა თუ დასავლეთთანაც?
_ ორივესთან… შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონა, მაგრამ არ ვიცი, ვის… ეს ჩემთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან დიდი განცდაა.
_ თავის დროზე ელდარ შენგელაიას პოლიტიკაში ჩართვაც შეცდომა ხომ არ იყო?
_ არა, 9 აპრილის მერე, ხალხმა შემიტია, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი. იმ პერიოდში ფილმი _ ,,ექსპრეს ინფორმაცია” გადავიღე. მერე კი, სინათლეც არ იყო და რა კინო უნდა გადამეღო?.. იპოდრომზე ,,მწვანეები” მიტინგს ატარებდნენ, სადაც ზურაბს შევხვდი. იქიდან მუშტაიდის ბაღში წავედით, სადაც ,,მწვანეებს” შტაბი ჰქონდათ და ჩვენი მეგობრობაც აქედან დაიწყო.
_ ანუ, პოლიტიკაში ჩართვა უსინათლობამ გაიძულათ?
_ კი…
_ ესე იგი, კარგი ცხოვრება რომ ყოფილიყო, პოლიტიკაში არ წახვიდოდით?
_ მართალია, როგორც კინოკავშირის პირველი მდივანი საბჭოთა პარლამენტში ვიყავი, მაგრამ უბრალოდ, ვიჯექი…
_ ეს გასაგებია, მაგრამ თქვენს ფილმებს მაინც პოლიტიკური ელფერი ჰქონდა…
_ ალბათ… განსაკუთრებით, ორს _ ,,შერეკილებსა” და ,,ცისფერ მთებს”, თუმცა ,,შერეკილები” უფრო თავისუფლებაზეა. ,,ცისფერ მთებში” შენობა დაინგრა და მერე, საბჭოთა კავშირიც დაინგრა…
_ ბატონო ელდარ, მგონი, ადრეც მიკითხავს: როგორ მოახერხეთ, რომ ,,ცისფერ მთებს” საბჭოთა დღის სინათლე ეხილა?
_ ,,შერეკილები” რეზო გაბრიაძის სცენარია და ადვილად გავიტანეთ _ ისე მიიღეს, როგორც ზღაპარი. ,,ცისფერი მთები” კი უფრო რთულად გავიდა.
_ რა წინააღმდეგობები შეგხვდათ?
_ წინააღმდეგობა სცენარზე არ ყოფილა, მაგრამ როცა გადავიღეთ, საკავშირო კინოკომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარე ერმაშმა თქვა, ეს ანტისაბჭოთა ფილმიაო და ეკრანებზე გამოსვლა შეაჩერა. ამ დროს ე.წ. გარდაქმნა უკვე დაწყებული იყო. გორბაჩოვი ბიჭვინთაში ჩამოვიდა, ქართული ფილმები მოითხოვა და ,,ცისფერი მთების” ქართული ვარიანტი აჩვენეს. მერე, მთარგმნელმა მითხრა, ბევრი უცინია და შევარდნაძისთვის უთქვამს, ედუარდ, ჩვენ რომ რამე არ ვიღონოთ, როგორც აქ ჩამოვარდა ჭერი, სახელმწიფოც ისე დაგვენგრევაო… შემდეგ ,,ცისფერი მთები” კანის ფესტივალზე, კონკურსზე მოითხოვეს, მაგრამ ერმაშმა არ გაუშვა და შევარდნაძე ჩაერია…
_ ამ დროს შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო?
_ არა, ჯერ საქართველოს ცეკა- ს მდივანი იყო. ერთ სიტყვით, ფილმი კანში აჩვენეს, თუმცა დილით და, როგორც მითხრეს, ძალიან ცოტა ხალხი ესწრებოდა, მაგრამ ხმა გავარდა, ძალიან კარგი ფილმიაო, საღამოს ისევ აჩვენეს, უკვე ბევრი ხალხი დაესწრო და პრესამ დაწერა, ეს გოგოლი და კაფკააო…
_ გადაღებისას, სცენარიდან რამე ამოიღეთ ან ექსპრომტად რამე ხომ არ დაამატეთ?
_ არა. უბრალოდ, მონტაჟის დროს რაღაცები ამოვარდა.
_ აბა, სცენარიც რატომ არ დაიწუნეს _ ვერ მიხვდნენ, რომ ანტისაბჭოური იყო?
_ ალბათ…
_ ბატონო ელდარ, დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს თვალს ხომ ადევნებთ?
_ მაინცდამაინც, არა… პოლიტიკას მოწყვეტილი ვარ.
_ რატომ, დაიღალეთ?
_ არა, სხვა ინტერესი მაქვს _ მინდა, ჩემს საქმეს დავუბრუნდე და ფილმი გადავიღო…
_ ძალიან კარგია, მაგრამ თუკი ქვეყანაში სიმშვიდე და, მინიმუმ, სინათლე არ იქნება, ფილმს როგორ გადაიღებთ?
_ იმედი მაქვს, საქართველო დაწყნარდება!
_ წინააღმდეგი თუ არ ხართ, პოლიტიკოს ელდარ შენგელაიაზე ანუ იმ წლებზე ვილაპარაკოთ, რომელიც პოლიტიკაში გაატარეთ. თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკაზე რა კვალი დატოვეთ?
_ მე როგორ ვთქვა, რა კვალი დავტოვე? ეს სხვამ უნდა თქვას… ერთადერთი, 9 აპრილის გახსნაში, სობჩაკის კომისიასთან ერთად, რაღაც როლი მეც ვითამაშე და, მართალია, დიდი წვალებით, მაგრამ მიღებული იქნა დასკვნა, რომ ხელისუფლება დამნაშავე იყო. ასეთი დასკვნა საბჭოთა კავშირს არ ახსოვს, რაც ხალხს ისე გაუხარდა, მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, სახლში საცივი და რაღაცები მოქონდა.
_ გასაგებია, რომ საბჭოთა წყობას უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი, მაგრამ როგორ გარისკეთ?
_ სხვათა შორის, 9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, გერმანიაში ვიყავი, სადაც ქართული ფილმების რეტროსპექტივა იმართებოდა და როგორც კი გავიგეთ, რა მოხდა, მშინვე გამოვფრინდით. თბილისში უკვე კომენდანტის საათი იყო. აეროპორტიდან პირდაპირ კინოსტუდიაში წავედით, ერთ-ერთ პავილიონში მიტინგი ტარდებოდა, დეტალურად იქ გავიგე, რაც მოხდა და მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ ფილმი გამეკეთებინა… გოგა ხაინდრავას შევხვდი, კადრები გამოვართვი. მასალა მოყვარულებმაც მომცეს და ფილმი სახლში დავამონტაჟე. მოსკოვში რომ მივდიოდი, შიში მქონდა. ამიტომ, ფილმი გავამრავლე, სანდო ადამიანებს მივეცი… ეს ფილმი პირველად მოსკოვის კინოს სახლში ვაჩვენეთ, ჩემთან ერთად, ლანა ღოღობერიძეც იყო, მერაბ კოკოჩაშვილი და რეზო თაბუკაშვილიც. ჩვენებას სახაროვი და თამაზ გამყრელიძეც ესწრებოდნენ… ფილმი რომ დამთავრდა, აშშ-ს საელჩოს ატაშე მოვიდა და მთხოვა, ფილმი მიმეცა. ამგვარად, ყველაფერი, რაც თბილისში მოხდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო. მერე, ყრილობაზე, კასეტა გორბაჩოვს გადავეცი… ფილმი ისევ აჩვენეს, უმცირესობამ კარგად მიიღო, უმრავლესობა კი ყვიროდა, ეს სიმართლე არაა, დამონტაჟებულიაო…
_ ბატონო ელდარ, მართალია, პოლიტიკას თვალს არ ადევნებთ, მაგრამ ოპოზიცია, განსაკუთრებით, ნაცმოძრაობა გაიძახის, საქართველო რუსეთისკენ მიდის და დიქტატურა მკვიდრდებაო…
_ არ ვეთანხმები…
_ ბოლოს და ბოლოს, ,,მთავლიტის” პერიოდი გაქვთ გამოვლილი. თუნდაც ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ ,,რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიიღო, ცენზურის ნიშნებს ატარებდა?
_ ერთ რამეს გეტყვით: საბჭოთა კავშირის 70-80-იანი წლები, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით დემოკრატიული იყო და ასე რომ არ ყოფილიყო, ქართული კინოს ფენომენი არ იარსებებდა და მხოლოდ ჩემი კი არა, იგივე თენგიზ აბულაძის, რეზო ჩხეიძის, რეზო ესაძის, საშა რეხვიაშვილის, მერაბ კოკოჩაშვილის, ოთარ იოსელიანის, გიორგი შენგელაიას ფილმები არ შეიქმნებოდა.
_ შეთქმულების თეორიას რომ გავყვეთ, საბჭოთა ხელისუფლება გენიალური ფილმების შექმნის საშუალებას იმიტომ გაძლევდათ, რომ წითელი იმპერია უკვე შერყეული იყო?
_ ამის თქმა ძნელია… იცით, რა შევიწროება არსებობდა? _ ფილმს რომ გადაიღებდი, სამი კატეგორია არსებობდა: პირველი, მეორე და მესამე. პირველ კატეგორიაზე საკმაოდ დიდ ფულს იხდიდნენ… უმეტესად, მესამე კატეგორიას მაძლევდნენ და ანაზღაურებაც საშუალო იყო, თუმცა ამას არ ვჩიოდი. ჩემთვის მთავარი იყო, ფილმი გადამეღო…
_ ის, რომ ნატო ვაჩნაძის ვაჟი იყავით, წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ?
_ არა!
_ არ ვიცი, ბატონო ელდარ, ამ თემაზე საუბარი გსურთ თუ არა, მაგრამ ოდესმე დაინტერესებულხართ, დედათქვენის გარდაცვალების მიზეზი, რეალურად, რა გახდა?
_ ვიცი, რაც მოხდა.
_ ალბათ, გსმენიათ ვერსია, თვითმფრინავი, რომელშიც ნატო ვაჩნაძე იჯდა, მიზანმიმართულად ააფეთქესო…
_ იმ დღეს დედაჩემის დაბადების დღე იყო და თბილისში ეჩქარებოდა. მაშინ თვითმფრინავი რამდენიმე ქალაქში ჯდებოდა. ბოლოს, სოხუმში დაჯდა და იქ ითამაშა ცუდი როლი დედაჩემის პოპულარობამ _ დედაჩემმა სთხოვა, მეგობრები დაბადების დღეს მიხდიან და თბილისში უნდა ჩავიდეო.
_ ვის სთხოვა?
_ ეგ არ ვიცი, მაგრამ პილოტი ძალიან გამოცდილი ყოფილა და უთქვამს, მე გავფრინდებიო… სხვათა შორის, თვითმფრინავი მამაჩემის სოფელში, ობუჯში ჩამოვარდა…
_ ესე იგი, დედათქვენის გარდაცვალებას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა, არა?
_ არა… წერდნენ, ბერიამ გააკეთაო, მაგრამ ეს აბსოლუტური სისულელეა. უბრალოდ, მეხმა დაარტყა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.
_ ამ დროს რამდენი წლის იყავით?
_ ოცის.
_ ბერია გახსოვთ?
_ ფოტოებით, არ შევხვედრივარ…
_ ანუ თქვენს ოჯახს პოლიტიკურ ელიტასთან კავშირი არ ჰქონდა?
_ არა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა?!
_ ბატონო ელდარ, საშუალება რომ მოგცემოდათ, დედას თქვენს ფილმებში გადაიღებდით?
_ რა თქმა უნდა…
_ …ბიძინა ივანიშვილს იცნობთ?
_ ადრე ვიცნობდი _ ერთი პერიოდი, რაღაც სტუდია ჰქონდა და მის ხელმძღვანელად დამპატიჟა.
_ ,,მე-9 არხს” გულისხმობთ?
_ არა… სააკაშვილის პერიოდში პატარა კინოსტუდია შექმნა, სტუდენტებმა ოთხი პატარა ფილმი გადაიღეს, მაგრამ მერე, რატომღაც, სტუდია დაშალა და კონტაქტი აღარ მქონია…
_ რატომ?
_ ჩემს ოჯახში ტრაგედია მოხდა _ ჩემი შვილი დაიღუპა. მას მერე პოლიტიკას მოვშორდი და პოლიტიკაში აღარასოდეს შევალ!
_ …ბატონო ელდარ, მარტივ კითხვას დაგისვამთ და მარტივად მიპასუხეთ: ნატო თუ რუსეთი?
_ სულ სხვა აზრის ვარ.
_ მაინც, როგორი სხვა აზრის?
_ თუ გახსოვთ, პირველი რესპუბლიკის დროს, უნდოდათ, რომ საქართველო, როგორც შვეიცარია, ნეიტრალური ქვეყანა ყოფილიყო. შეიძლება, ოცნებას ვამბობ, მაგრამ ასე მგონია, საქართველო ფედერაციული რესპუბლიკა უნდა იყოს _ აფხაზეთი და ოსეთი, თავიანთი პრემიერით და მთავრობით, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდნენ. საქართველო ნეიტრალური რომ იყოს, ეს ალბათ, რუსეთსაც აწყობს და დასავლეთსაც.
_ რუსეთი ოკუპანტია?
_ ახლა, რა თქმა უნდა, არის იმიტომ, რომ ოსეთი და აფხაზეთი წართმეულია.
_ სხვათა შორის, კონფედერაციაზე ლაპარაკი ისევ გააქტიურდა. ვთქვათ, საქართველო კონფედერაციული რესპუბლიკა გახდა. როგორ ფიქრობთ, რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს?
_ მე ტერმინი ,,ოცნება” ვიხმარე და რეალობაში, შეიძლება, ასე არც მოხდეს, თუმცა რატომღაც მგონია, ეს რუსეთს აწყობს. საერთოდ, რუსეთს ეშინია, რომ აქ ნატო შემოვა. სხვათა შორის, ახლა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა _ მოვისმინე, რომ ჩვენი მწვანილი და რაღაც- რაღაცები რუსეთში იყიდება.
_ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, მწვანილის გაყიდვა ევროპაშიც შეგვიძლია!
_ გასაგებია, მაგრამ რუსული ბაზარი აუცილებლად გვჭირდება!
_ მაშინაც მასე ფიქრობდით, როცა ჟვანია ცოცხალი იყო?
_ დიახ, რადგან საქართველოს სხვა ბაზარი არ აქვს.
_ გახსოვთ, ჯანსუღ ჩარკვიანმა ექსპრომტი რომ დაგიწერათ, ნატოდან გამოხვედი და ისევ ნატოში გინდაო?
_ მახსოვს…
_ ანუ, თავის დროზე ნატო- ში გინდოდათ!
_ პოლიტიკოსი არ ვარ და, კიდევ ვამბობ, გარკვეული შეცდომები იყო, მაგრამ კარგი იქნება, საქართველო ისეთი კონფედერაციული რესპუბლიკა იყოს, როგორიც შვეიცარიაა.
_ … ოცნებები ხდება, ბატონო ელდარ?
_ ჯერ ერთი, ,,ოცნება” შედარებით დემოკრატიული გზით მოვიდა. მეორეც, იდეალური მდგომარეობა არაა, მაგრამ წინსვლა იგრძნობა. სხვათა შორის, შევარდნაძე საქართველოში რომ დაბრუნდა, პირველი ვიზიტით ჩინეთში წავიდა. ეს აბრეშუმის გზა იყო. მის დროს ბაქო- ჯეიჰანიც გაკეთდა, რაც საქართველოს ერთგვარი დაცვაა. დღეს კი ანაკლიის პორტი შენდება.
_ ანაკლიის პორტი, ჩვენში დარჩეს და მიშას იდეაა…
_ კი ბატონო, მაგრამ სააკაშვილმა დაიწყო და არაფერი ააშენა, დღეს კი პორტი შენდება, რომლითაც ჩინელები არიან დაინტერესებულნი, რადგან მათი წარმოებული პროდუქცია ამ გზით ევროპაში გავა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია _ აქედან ფული შემოვა, რომელიც კეთილდღეობას მოხმარდება.
_ არსებობს მოსაზრება, რომ ნაციონალების დროს კულტურა ერთი ჯგუფის მიერ იყო მონოპოლიზებული. ამბობენ, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა და ის ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლა…
_ დღეს კულტურაში აბსოლუტური თავისუფლებაა _ ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს და ცენზურა არ არსებობს, თუმცა კინოში ერთი დიდი ნაკლია: კინოცენტრი, რომელიც, პრაქტიკულად, ერთადერთი დამფინანსებელია, ძალიან ცოტას იხდის.
_ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, კინოცენტრმა დაფინანსებაზე უარი გითხრათ…
_ დიახ, კინოცენტრში ჩემი სცენარი შევიტანე და ჩაჭრეს.
_ პოლიტიკური მოტივით?
_ არა. არ მოეწონათ და რა ვქნა? მხოლოდ ჩემი კი არა, მერაბ კოკოჩაშვილის სცენარიც ჩაჭრეს. საერთოდ, უფროსი თაობის მიმართ რაღაც ისეთი დამოკიდებულებაა.
_ ესე იგი, ,,ჩარეცხილების ტენდენცია” გრძელდება?
_ ერთგვარად… მთლიანად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამის ნიშნები არის!
_ ნაციონალების დროს თავს ჩარეცხილად გრძნობდით?
_ თავი ჩარეცხილად არასოდეს მიგრძნია!
_ მიშა ბოლოს როდის ნახეთ?
_ ერთხელ, მიშამ, 9 აპრილთან დაკავშირებით, ორდენი გადმომცა, ეგ იყო და ეგ.
_ დღეს რომ ნახოთ, რას კითხავთ?
_ (იღიმება) არც ნახვა მინდა და არც _ კითხვის დასმა!
_ ამ ზაფხულს, პრეზიდენტთან მიღებაზე გნახეთ, ბატონო ელდარ. ამის გამო ვინმე ხომ არ იტყვის, აი, შენგელაია მარგველაშვილის მომხრეაო?
_ არ ვიცი… იმიტომ მივედი, რომ მოსაწვევი გამომიგზავნეს. ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება რატომ უნდა იყოს?
_ ..რამეს ნანობთ?
_ რაღაცებს ვნანობ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა!
_ ზურაბ ჟვანია გაკლიათ?
_ ძალიან… ვთვლი, რომ პოლიტიკაში ზურა ჩემი მასწავლებელი იყო _ პოლიტიკაში არაფერი გამეგებოდა და როცა ვიცე- სპიკერი ვიყავი, ზურასგან ბევრი ვისწავლე.
_ ვთქვათ, კულტურის მინისტრმა მრჩევლობა შემოგთავაზათ, დათანხმდებით?
_ მთავრობასთან შეხება არ მაქვს, მაგრამ ღარიბაშვილს რომ შევხვდე, ვურჩევდი, კულტურისა და მეცნიერების სფეროში მრჩეველთა საბჭო შექმნას, რადგან ერი, რომელიც კულტურას და მეცნიერებას არ უვლის, მკვდარი ერია! დღეს წესიერად არც კულტურას უვლიან და არც _ მეცნიერებას.
_ ეს მიზანმიმართულია?
_ არა, გაუცნობიერებელი.
_ ბატონო ელდარ, ამბობენ, რომ დასავლეთი გვრყვნის და ეროვნულობას გვართმევს…
_ იცით, რა არის? _ ისეთი რაღაცები მართლა მოდის, რაც არ მსიამოვნებს, მაგრამ ერი მაინც თავისი წესით ცხოვრობს და არ მგონია, რომ ჩვენთან ტრაგიკული მომენტებია.
_ რაც კარგები ვართ, მართლა ქართველები ვართ თუ ეს შეფასება მითია?
_ მითია!
_ ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი რა არის?
_ ქართველებს გვიყვარს, ვიღაც მოვიდეს და დაგვაპუროს. უნდა შევიგნოთ, რომ ყველამ ვიმუშაოთ და არავის ველოდოთ, მოვიდეს და ლუკმა ჩაგვიდოს.
_ ძალიან ადრე, როცა ვიცე- სპიკერი იყავით, მახსოვს, მითხარით, ყველა თავისუფალი ადამიანი შერეკილიაო.
_ ალბათ, ასეა!
_ დღესაც შერეკილი ხართ, ბატონო ელდარ?
_ რა თქმა უნდა!
_ ისე, მგონია, რომ მეც შერეკილი ვარ!.. ბატონო ელდარ, ოდესმე გავფრინდებით?
_ საქართველომ იმდენი უბედურება გადაიტანა, რომ წესით, ქართველი ერი აღარ უნდა არსებობდეს, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თავის ადგილს მოიპოვებს! როცა ეს მოხდება, შეიძლება, ჩვენ აღარ ვიყოთ, მაგრამ პროცესი აქეთკენ მიდის!

ვანო პავლიაშვილი
გაზეთი ,,ვერსია”

[wpolling id=”10″ width=”” height=””]

 

 

Share