Home » ეკონომიკა » ვალებში ჩაძირული ეკონომიკა
ვალებში ჩაძირული ეკონომიკა

ვალებში ჩაძირული ეკონომიკა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებამ, საზოგადოების სხვადასხვა წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ყველაზე მწვავე რეაქცია სახელმწიფოს ვალის გაზრდას მოჰყვა, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში, 2.1 მლრდ ოდენობით არის გაწერილი. აქედან წმინდა ზრდა 1.2 მილიარდია, 600 მილიონს სახელმწიფო ძველი ვალის გადაფარვისთვის გამოიყენებს 320 მლნ კი, ვალის მომსახურებაზეა გათვლილი. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, თავიდანვე დააანონსა სახელმწიფოს ვალის შემცირების პოლიტიკა, მონაცემები ცხადყოფს, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ვალი, მშპ-სთან მიმართებაში დაახლოებით 10 %-ით გაიზარდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვალის ზრდა გამოწვეულია 2015 წელს კურსის ერთჯერადი ცვლილებით. სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამიწვია აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ვალის ზრდა, თუმცა 2015 წლიდან დღემდე, ანუ კურსის ერთჯერადი ცვალებადობის შემდეგაც, სახელმწიფოს ვალი კიდევ 1.5%-ით არის გაზრდილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. მართალია მთლიანად სახელმწიფოს ვალი, დაახლოებით 44% ფარგლებშია და ეს რიცხვი, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თავისუფლების აქტით გათვალისწინებულ ზედა ზღვარს, თუმცა სახელმწიფო ვალის მსგავსი ტემპით ზრდა, მაინც საფრთხის შემცველია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

აღნიშნულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს აუდიტის სამსახურიც. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, კურსის ცვლილება, შემდეგი წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის პორტფელის მთავარ რისკფაქტორად რჩება.

„2019 წელს სახელმწიფო ვალის ნაშთის მოცულობა 1.8 მლრდ ლარით იზრდება 2018 წლის გეგმასთან შედარებით და 19.7 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ ზრდაში საგარეო ვალის ეფექტი 72%-ს შეადგენს და სავალუტო კურსის ცვლილება კვლავ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად, რისი მაგალითიც არის 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სახელმწიფოს ვალის ნაშთის 211 მილიონი ლარით ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, შემუშავდეს და გამოქვეყნდეს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მთავრობის ხედვა სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კანონპროექტს თან ახლავს მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი. თუმცა, წარმოდგენილი ცვლადებისა და შოკების რეალისტურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, მთავრობის ვალის ნაშთი მოიცავდეს მუნიციპალიტეტებისა და სსიპ-ების ვალდებულებებს, ხოლო პირობითი ვალდებულებების ანალიზი ეყრდნობოდეს განახლებულ მონაცემებს“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

აღნიშნულ მონაცემებში სახელმწიფო 500 მლნ ოდენობით საშინაო ვალს იღებს, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახით. თავის მხრივ, საშინაო ვალის აღებაშიც არაფერია ცუდი, თუმცა თუ საგარეო ვალს შევადარებთ, უფრო ძვირი რესურსია და თანაც საგარეო ვალისგან განსხვავებით წნეხს ზრდის ეროვნული ვალუტის მიმართ.

რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, 31 მარტის მდგომარეობით 17.5 მლრდ აშშ დოლარი (42.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 192.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 238.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო, ვალი 21.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

პეტრე ლეკიშვილი

Share