Home » ფინანსები » ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება
ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება

ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება

ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა იცვლება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
მაშინ როცა სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, „მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ

უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს“.

„სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება ვადაგადაცილებისას ( ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში, ასევე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვისას, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის

გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

Share