Home » საზოგადოება » უნიკალური შანსი საქართველოსთვის – აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას
უნიკალური შანსი საქართველოსთვის - აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას

უნიკალური შანსი საქართველოსთვის – აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას

“ჩვენ ახლოს ვართ, რომ ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბი, თუნდაც რეგიონალურ დონეზე”

რუსეთი, ევროპის ქვეყნებში თავისი მიზნის მისაღწევად ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, მისი, როგორც იმპერიის მიზანია ევროპის ქვეყნები მასზე უფრო მეტად ენერგოდამოკიდებულები გახდნენ, რათა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რაც რუსეთის პირდაპირი მიზანია.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ენერგოდამოკიდებულების თემის წამოჭრა, ევროპის ქვეყნებისთვის მთავარი გზავნილი იყო.

“რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დიდი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ჩვენი ალიანსის დაშლას ცდილობს უკვე ნავთობის და გაზის მარაგების გამოყენებით. პოლონეთს მტკიცე პოზიცია აქვს და ჩვენ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა მოვახერხოთ.”- განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან”, ევროპის ქვეყნების რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის რესურსებზე საუბრობს.

„აშშ-მ, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მოხდება უკრაინისათვის დაახლოებით 6 მლრდ კუბური მეტრი თხევადი გაზის მიწოდება, ანუ აშშ-დან თხევადი გაზი ტანკერების მეშვეობით იქნება გადაზიდული პოლონეთის პორტში, სადაც თხევადი გაზის პლატფორმაა, საიდანაც თხევადი გაზის მიწოდება რევერსული სისტემით მოხდება პოლონეთიდან უკრაინაში.

“ენერგოპოლიტიკაში ფაქტობრივად მოხდა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, როდესაც ფიქლური დამუშავებით მოხდა თხევადი გაზის ტექნოლოგიებზე გადასვლა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ენერგოუსაფრთხოების პრინციპები.

„ამის საშუალებით, აშშ-ს გაუჩნდა ფიქლურ გაზზე ხელმისაწვდომობა, მან განავითარა თხევადი გაზის ტექნოლოგიების ათვისება, ამან შექმნა ის პრცენდენტი, რომ აშშ პირველად ყველაზე მსხვილ ენერგომომხმარებლიდან გადაიქცა ყველაზე მსხვილ ენერგომწარმოებლად, ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა.

„იმ შემთხვევაში თუ, “ჩრთილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტი განხორციელდება, როდესაც რუსეთი გერმანიას და ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის 35 მლრდ კუბურ მეტრ გაზს, ამით ჩაჭრის უკრაინას, როგორც მთავარ სატრანზიტო ქვეყანას, ფაქტიურდ, ამით რუსეთი შეეცდება უკრაინა გამორიცხოს, როგორც ნავთობის ტრანზიტული ქვეყანა, აქედან გამომდინარე, უკრაინა ფაქტიურად რჩება გაზის მიწოდების გარეშე და ამან შესაძლოა მას შეუქმნას საფრთხე ენერგოუსაფრთხოების მოწყვლადობის კუთხით. ზუსტად ეს პრობლემა რომ დაძლეულიყო, ამერიკამ უკრაინას აღნიშნული პრობლემის ამ გზით მოგვარება შესთავაზა.

„უკრაინამ ამერიკული თხევადი გაზი შესაძლოა მომავალში ყატარიდან, ალჟირიდან და ნორვეგიიდან მიიღოს, ანუ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მას არ გააჩნია პირდაპირი სახმელეთო ენერგომილსადენების წვდომის საშუალება და უკვე პოლონეთში არსებული მილსადენების მეშვეობით, მოხდეს მისი უკრაინაში ტრანსპორტირება, ამით ფაქტიურად, უკრაინის ენერგომომარაგების უსაფრთხოების პირობები იქნება უზრუნველყოფილი.”-აცხადებს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, რუსეთის მთავარი იდეა ის არის, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის მარაგები შეუმციროს, რათა მას საერთაშორისო ასპარეზზე სატრანზიტო სტატუსი გაუქროს.

„უკრაინის ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოსი, საქართველოში მისი მოხმარება შეადგენს 2.2 მლრდ კუბურ მეტრს, ხოლო უკრაინაში 6 მლრდ კუბურ მეტრს. რუსეთი ვერ შესძლებს, რომ უკრაინა ენერგომომარაგებისგან მთლიანად გამოთიშოს, მას უბრალოდ შეუმცირებს მომარაგებას.

“ეს ფაქტი უკრაინის გაზის საცავების მარაგს შეამცირებს, მას სამხრეთით ჩერნიგოვისა და პოლტავას მიდამოებში აქვს სპეციალური გაზსაცავები, რომელ საცავებსაც შეუძლიათ 10 მლრდ კუბური მეტრის გაზის შენახვა, უკრაინამ 2009-2013 წლებში ეს საცავი უკვე გამოიყენა, როდესაც რუსეთმა მას ენერგოომი გამოუცხადა.

„რუსეთის მთავარი იდეა და ამოცანაა, რომ უკრაინას ეს მარაგები შეუმციროს, მისი მძლავრი სატრანზიტო სტატუსი დააქვეითოს და შემდგომში, თანდათანობით საერთოდ ამოშალოს, ეს ამოცანა, რომ არ იქნას მიღწეული და უკრაინას ჰქონდეს გაზის საკმაო მარაგები, ზუსტად ამიტომ ამერიკელებმა მათ ასეთი წინადადება შესთავაზეს.

„რუსეთსაც გააჩნია თხევადი გაზის ტექნოლოგიები, იგი აპირებს, რომ არქტიკის რესურსებზეც განახორციელოს პირდაპირი წვდომა და გაზარდოს თავისი მწარმოებლურობის მასშტაბები, რომლითაც ცდილობს, რომ გახდეს სუპერ ენერგოგიგანტი სახელმწიფო..

“კრემლმა მიიღო საინტერესო დოკუმეტი, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა, ეს დოკუმენტი რუსეთის ენერგოუსაფრთხოების დოქტრინაა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას და მათ შორის შეიარაღებულ ძალებს, თავისი ენერგოუსაფრთხოების მისიების მისაღწევად.”-ამბობს იგი.

მაისაია ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერპექტივისთვის ღრმაწყლოვანი პორტია საჭირო, რათა თხევადი გაზის პლატფორმა იქნას დამონტაჟებული.

„ჯერჯერობით საქართველოს მიმართ ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამ პროექტში საქართველო იქნებოდა ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თხევადი გაზის პლატფორმა იქნას დამონტაჟებული რომელიმე საზღვაო პორტში, ამისთვის აუცილებელია ღრმა პორტის არსებობა – ზუსტად აქ არის “ძაღლის თავი დამარხული”.

„როგორც ჩანს ანაკლიის პორტზე მიდის თხევადი გაზის პლატფორმის რეალიზაციის ბრძოლა და რამოდენიმე ენერგოგიგანტი ქვეყნის ინტერესებია დაპირისპირებული, კონსორციუმში ამერიკული მხარე ამ მიზანსაც ითვალისწინებდა, როდესაც ანაკლიაში აპირებდნენ ღრმა პორტის აშენებას.

„ანალოგიური პროექტი უკრაინაშიც კეთდებოდა, ნიკოლაევის პორტზეა საუბარი,ზუსტად ამიტომაც რუსეთმა აზოვის ზღვაზე განახორციელა დესტრუქციული ქმედებები, მოახდინა აზოვის ზღვის ჩაკეტვა და პორტის დაბლოკვა.

„საქართველოს ორი ენერგომომწოდებელი ჰყავს – აზერბაიჯანი და რუსეთი, აქ ერთი ნიუანსია, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი შესაძლოა შეთანხმდნენ და მათ გარკვეულწილად მოახდინონ საქართველოზე ზეწოლა, რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, ჩვენ გვყავდეს დამოუკიდებელი ენერგომიმწოდებელი, ამერიკის, ალჟირის და ყატარის სახით, რომლებიც მოგვაწვდიან თხევად გაზს.

საქართველოს შეუძლია გახდეს ენერგეტიკული ჰაბი – ჰაბისთვის არის სამი პირდაპირი პირობა, პირველი არის ის, რომ უნდა იყოს ენერგეტიკული სატრანზიტო კომუნიკაციების მაღალი ბმა, როგორი ბმაც ჩვენს ტერიტორიაზე უკვე გადის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და თუ მოხდება თხევადი გაზის პატფორმის დამონტაჟება, ეს კიდევ უფრო მოახდენს ჩვენი ტრანზიტულობის გაზრდას.

“მეორე აუცილებელი კომპონენტია – მძლავრი ნავთობტერმინალების, ან გაზის საცავების არსებობა, და მესამე პირობაა, პოლიტიკური სტაბილურობა, ეს სამი პირობა თუ გარანტირებულია, ქვეყანას შეუძლია გახდეს ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მატარებელი, რომელიც ახალი ტერმინია.

“ასე რომ, ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მქონე სახელმწიფო, თუნდაც რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ჰაბის სამი დონე არსებობს ლოკალური,რეგიონალური და საერთაშორისო.”- აცხადებს მაისაია.

“რეზონანსი”

Share