Home » ეკონომიკა » უმუშევრობის ანატომია
უმუშევრობის ანატომია

უმუშევრობის ანატომია

უმუშევრობის ანატომია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელს 12,7%-ს შეადგენს. თუ სტატისტიკას ვენდობით, ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქსტატმა უმუშევრობა ახალი მეთოდოლოგიით გამოთვალა და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს დაეყრდნო, რამაც უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი მცირედით გაზარდა. 2020 წლიდან კი დასაქმება-უმუშევრობის მაჩვენებლები სრულიად ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშდება, სადაც თვითდასაქმებული ადამიანების კატეგორია აღარ იქნება გათვალისწინებული მთლიან დასაქმებულებში.

კერძოდ, თვითდასაქმებულთა კატეგორიაში დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ მამულში, აწარმობენ პროდუქციას და იყენებენ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. 2017 წლამდე სწორედ ეს კატეგორია ჭარბობდა მთლიან დასაქმებულებში, რითაც მეთოდოლოგია დიდი სანდოობით და სიმპატიით არ სარგებლობა ექსპერტულ წრეებში. პირობითად, პენსიონერი მიხა პაპა, რომელმაც გამოკითხვიდან გასულ კვირას საკუთარ ან სხვის ბოსტანში კიტრი დათესა, ითვლება დასაქმებულად. ასეთი კატეგორია კი დაახლოებით 50%-ს შეადგენს და მათზე მშპ-ს გამოშვების 6.8% მოდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დასაქმებულთა უდიდესი ნაწილის კონტრიბუცია მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში არის მინიმალური.

2018 წელს უმუშევრობის გამოთვლის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. (გრაფიკიN1). ეს ეკონომიკაში დადებით პროცესად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან იზრდება მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, საიდანაც კერძო სექტორის როლი დიდია.

მიუხედავად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისა, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ჯამში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია 0,7%-ით. (გრაფიკი N2). ეს გამოიწვია სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობის ზრდამ ამავე პერიოდში 6%-ით. ცხადია აღნიშნული მოვლენა ვერ შეფასდება დადებითად, ვინაიდან უმუშევრობის დონის შემცირების საფუძველი პირველ რიგში უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდა. რაც შეეხება სამუშაო ძალიდან გასვლას, ეს პროცესი მაშინ ხდება, როცა ადამიანი სამუშაოს პოვნის იმედს კარგავს და პირობითად მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ.

როგორც გრაფიკი N3-დან ჩანს, უმუშევრობის დონე პროცენტულად ყველაზე დაბალი 2000 წელს იყო და 10,3% შეადგინა.

რაც შეეხება დასაქმების დონეს, 2003 წლიდან დღემდე, ყველაზე მაღალი დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი 2015 წელს, 57,4% დაფიქსირდა. (გრაფიკი N4)

უმუშევრობის საკითხებზე საუბრისას ყურადღებას იპყრობს შრომისუნარიანი უმუშევრების განათლების დონე. მაგალითად, ადამიანური განვითარების ინდექსის მოხსენების თანახმად, ჩევენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია უმაღლესი განათლების მქონე უმუშევართა რაოდენობის მიხედვით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ განათლებული ადამიანები გამოთიშული არიან ეკონომიკურ პროცესებს, მათი ინტელექტი გამოუყენებელია და ის პროდუქტი ან მომსახურება, რაც მათი თანამონაწილეობით შეიძლებოდა წარმოებულიყო, არის დაკარგული. შესაბამისად, არა მარტო უმუშევარი ადამიანი ღებულობს მორალურ და მატერიალურ ზიანს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების უმუშევრად ყოფნა, მეტწილად განათლების სისტემის კრახზე მიუთითებს, რომელიც ვერ აწარმოებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ კვალიფიციურ კადრებს.

შოთა გულბანი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი

Share