Home » მსოფლიო » “უკრაინის არმია თანდათან უახლოვდება დონეცკს” – როგორ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები
“უკრაინის არმია თანდათან უახლოვდება დონეცკს” - როგორ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები

“უკრაინის არმია თანდათან უახლოვდება დონეცკს” – როგორ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიას უკრაინელი სამხედროები

„უკრაინელებმა სრულიად აითვისეს საბრძოლო ხელოვნების ჰიბრიდული ომის ოპერატიული და ტაქტიკური ელემენტები და ისე წარმატებით ებრძვიან რუს სეპარატისტებს.“

სექტემბერს ქალაქ გორლოვკას მახლობლად (დონბასის რეგიონი) უკრაინის არმიამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, მათ უიარაღოდ რუსი სეპარატისტები აიძულეს, რომ უკან დახეულიყვნენ და დაეტოვებინათ სტრატეგიული პოზიციები. ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო იური მისიაგინი ფეისბუქზე წერს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან” ამბობს, რომ ასეთი საბრძოლო კონტაქტები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ორივე ქვეყნის მხრიდან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ექსპერტისვე თქმით, ეს შემთხვევა უკრაინის წარმატებით დასრულდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა „მინსკი 2-ის” სამშვიდობო დაზავების ხელშეკრულებას და ამის შემდეგ გადადიან ნორმანდის ფორმატზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო აემაღლებინათ თავიანთი ჩართულობა კონფლიქტურ კერაში, მათ გაითვალისწინეს მწარე გამოცდილება, რომ რუსული მხარე არაფრით არ შეინარჩუნებდა და მოღალატურად-მუხანათურად დაარღვევდა ამ შეთანხმებას, უკრაინელების ვარაუდი გამართლდა და მათ გაერთიანებული სამხედრო ოპერაციით განაგრძეს საბრძოლო მოქმედებების წარმოება ადგილობრივი სეპარატისტების წინააღმდეგ.

„ამ საბრძოლო ოპარაციას არ გააჩნია მასშტაბური ხასიათი, მაინც ორივე მხარე იცავს დაზავების ხელშეკრულებას, მაგრამ ორივე მხრიდან ეპიზოდურად ხდება საბრძოლო კონტაქტები და შესაბამისად ხან ერთი მხარის წარმატებით სრულდება, ხან მეორის. ამ შემთხვევაში კი უკრაინულმა მხარემ წარმატებას მიაღწია, უკრაინელი სამხედროები უახლოვდებიან დონეცკს, დონბასის მიმართულებით, მათ 1 სექტემბერს განახორციელეს ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია და კიდევ წინ წაიწიეს იმ გამყოფი ხაზიდან, რომელიც ყოფდა რუს სეპარატისტებს და უკრაინელი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შორის.

„უკრაინის მხარე აგრძელებს საბრძოლო ოპარაციას, იგივე ჰიბრიდული ომის სამხედრო ელემენტების გამოყენებით, (ჰიბრიდული ომის წარმოება მხოლოდ რუსებს არ შეუძლიათ) მათ შორის, შეგვიძლია ეს ჩვენც ვაწარმოოთ, ჰიბრიდული ომი სამხედრო ხელოვნების განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომ, მხოლოდ აგრესორებს და ოკუპანტებს არ შეუძლიათ მისი ელემენტების გამოყენება” – ამბობს ექსპერტი.

მაისაია ამბობს, რომ უკრაინა ჰიბრიდული ომის ელემენტების შესწავლით, საპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ნელ-ნელა წარმატებას აღწევს და კარგი იქნება თუ ამას საქართველოც გაითვალისწინებს.

„კარგია, რომ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს და მომავალში ჩვენც, ჰიბრიდული ომის ელემენტებსაც გამოვიყენებთ, ჩვენი ხელისუფლება საექსპერტო საზოგადოების იდეებს ითვალისწინებს, არაერთხელ მითქვამს, რომ ბლოკპოსტების აღმართვა აუცილებელი იყო, რომ ოკუპაცია შეგვეჩერებინა. ჩორჩანასთან მოხდა ბლოკპოსტის აშენება, ის, რასაც ვამბობდი და ეს ძალიან კარგი მომენტია, ესეც ჰიბრიდული ომის ერთერთი ელემენტია ოკუპანტების წინააღმდეგ.

„უკრაინელებმა სრულიად აითვისეს საბრძოლო ხელოვნების ჰიბრიდული ომის ოპერატიული და ტაქტიკური ელემენტები და ასე თუ ისე წარმატებით ებრძვიან რუს სეპარატისტებს.

„უკრაინის რუს სეპარატისტებში საკმაოდ სერიოზული განხეთქილებაა, გასულ წელს ე.წ. გარჩევის საფუძველზე დაიღუპა ე.წ. დონბასის ლიდერი ზახარჩენკო და დღესაც სერიოზული შიდა დაპირისპირებაა უშუალოდ სეპარატისტულ ძალებს შორის, ამ ელემენტს კარგად იყენებს უკრაინული მხარე, რომელმაც ერთის მხრივ რუსეთთან არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებს, მოგეხსენებათ ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრება ვლადიმირ პუტინს, მეტსაც გეტყვით, ზელენსკი უკვე ემზადება, რომ პუტინს პირადად შეხვდეს.

„ამ მოლაპარაკებების შედეგად, ფაქტიურად უკვე გათავისუფლდნენ უკრაინელი სამხედრო და პოლიტიკური ტყვეები, ახლა მიდის სერიოზული საუბარი, რომ მოხდეს „ქერჩის ინციდენტის” 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაურის დაბრუნება უკრაინაში,

“თუმცაღა, მეორეს მხრივ უკრაინა საკმაოდ მყარად, მედგრად და წარმატებულად ახორციელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების ოპერაციას, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ თანდათანობით უახლოვდება თავის მიზანს. ეს მცირე ნაბიჯებიც საკმაოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს ოკუპანტს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია.”-აცხადებს იგი.

მაისაია თვლის, რომ უკრაინა გეოსტრატეგიულად საქართველოზე წინ დგას რადგან უკრაინას მეზობლად ნატოს წევრი ქვეყნები ჰყავს.

„უკრაინას მასშტაბურად ეხმარებიან დასავლეთის სახელმწიფოები, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები, მას ეგზავნება საკმაოდ სერიოზული სამხედრო დახმარება, ამერიკიდან და სხვა სახელმწიფოებიდან.

“მეორე ის, რომ უკრაინის ეკონომიკა იტანს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც დღეს აქვთ, მესამე ის, რომ მას გეოსტრატეგიული გარემო აქვს, მას ზურგში გეოსტრატეგიულად ჰყავს პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, რომლებიც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან და ეხმარებიან უკრაინას.

„უკრაინის და ჩვენი გეოსტრატეგიული გარემო განსხვავებულია, ჩვენ ვართ ალყაშემორტყმული, რუსეთი, ირანი, სომხეთი ასევე თურქეთი, რომელიც რუსეთთან ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, ამიტომ ჩვენი გეოსტრატეგიული გარემოება რომელიც საშუალბას მოგვცემდა, რომ გამოწვევებს გამკლავებოდა, აბსოლუტურად განსხვავებულია უკრაინისაგან, ამიტომ უკრაინას ეს უპირატესობა აძლევს საშუალებას, მეტ-ნაკლებად წარმატებით გაუმკლავდეს რუს სეპარატისტებს დონბასში, ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გაგვაჩნია.”-ამბობს მაისაია.

“რეზონანსი”

Share