Home » ეკონომიკა » უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია – როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის
უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია - როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია – როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მისი საშუალებით ხდება ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირება სხვა ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან, ფართოვდება პროდუქტისა და სერვისის გასაღების პერსპექტივა.

თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნების უმრავლესობა ისწრაფვის იქეთეკენ, რომ გასაღების ბაზრები გაიფართოონ და რაც შეიძლება დიდ სამომხმარებლო ბაზარზე გავიდნენ, რაც ექსპორტის, შესაბამისად ადგილობრივი წარმოების გაზრდის საშუალებაა. ასევე, ფარდობითი კონკურენტუნარიანობის თეორიის თანახმად, იმპორტით დაუბრკოლებლად შემოიტანონ ის პროდუქცია, რისი წარმოებაც სხვა ქვეყნებს გაცილებით იაფი უჯდებათ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება, თავის თავში ორ ან მეტ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების მიმოცვლას გულისხმობს. მის მიზანშეწონილობაზე თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ სუბიექტებსა და გარკვეული ეკონომიკური თეორიების მიმდევარ ადამიანებში აქტიურად მიმდინარეობს განხილვა. ერთი მხარე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების არსებობის მომხრეა, ხოლო მეორე მხარე მას სკეპტიკურად უყურებს. მომხრეები მიიჩნევენ, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისას, ნაკლები სავაჭრო ბარიერების არსებობის შემთხვევაში პროდუქცია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომია და ასევე, ფარდობითი კონკურენტუნარიანობის თეორიის თანახმად, იმპორტით დაუბრკოლებლად შემოიტანონ ის პროდუქცია, რისი წარმოებაც სხვა ქვეყნებს გაცილებით იაფი უჯდებათ.

საპირისპიროდ, თავისუფალი ვაჭრობის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის მიდგომა, მათ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, დამოკიდებულს გახდის სხვა ქვეყანაზე და ქვეყნის შიდა ბაზარს იაფ პროდუქციას გაუხსნის, რომელიც ხშირ შემთხვევაში უხარისხოა. ამის ნათელი მაგალითია ნიგერია, აფრიკის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და სამხრეთ აფრიკა, აფრიკის ყველაზე ინდუსტრიული ქვეყანა, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღმა დარჩნენ.

ასევე, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყანა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ), კერძოდ კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა გაპრეზიდენტებიდანვე აქტიურად შეუდგა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმებას. მან მოაწერა განკარგულებას ხელი, რომლითაც აშშ-მა დატოვა წყნარი ოკეანის პარტნიორობა (TPP), რომელიც ითვალისწინებდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ბრუნეი, კანადა, ჩილე, იაპონია, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია, პერუ, სინგაპური, ვიეტნამი და აშშ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ვექტორი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებისკენ გადაიხარა. საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები, დსთ-ის ქვეყნებთან (გარდა რუსეთისა და უზბეკეთისა), ჰონგ-კონგთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი), საინტერესოა თუ როგორ იყენებს ამ რეჟიმს აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველო.

დსთ-ის ქვეყნები საქართველოსთვის საგარეო ვაჭრობის კუთხით, ტრადიციული ბაზრებია და მხარეებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში და ამავდროულად აქტუალურობიდან გამომდინარეც, უფრო საინტერესო იქნება თუ საქართველოს მიერ ახლადგაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების პერიპეტიების მიმოხილვით დავიწყებთ, რომლითაც იმ მოკლევადიან შედეგს დავინახავთ, თუ რას აძლევს საქართველოს ეკონომიკას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში ოპერირება თუნდაც იმავე ჩინეთსა და ევროკავშირთან.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

2014 წლიდან, კერძოდ კი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (DCFTA).

ბოლო 4 წელში(2014-2018) ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობა 12%-ით გაიზარდა და მისი მოცულობა 2018 წლის წინასწარი მონაცემებით 3.363 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აქედან, იმპორტის მოცულობა აღნიშნულ პერიოდში 6%-ით გაიზარდა და 2018 წელს 2.506 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, 2014 წლიდან მოყოლებული, 2018 წლის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 15%-ით გაიზარდა და 730.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა მიმდინარე, 2019 წლის მონაცემებიც. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომებრში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ მილიარდ 889 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებამ 9% შეადგინა და მთლიანი იმპორტის 25.8 პროცენტს შეადგენს.

ხოლო ექსპორტმა კი 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 685.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6%-ს შეადგენს.

თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

მომდევნო ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჩინეთია. ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 13 მაისს მოეწერა, ძალაში კი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა.

2018 წელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება მოჰყვა და 2018 წელს 2017 წელთან შედარებით საგარეო ვაჭრობა 10%-ით გაზარდა და 1 031 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აქედან, იმპორტის მაჩვენებელმა 2018 წელს 833.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.

რაც შეეხება ექსპორტს, ჩინეთში 2018 წელს საქართველოდან 198,034.35 მილიონი დოლარის მოცულობის პროდუქცია გავიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2%-ით ნაკლებია 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ჯამში 201.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

დსთ-ის ქვეყნები

დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით საქართველო 1994 წლიდან სარგებლობს. წლების განმავლობაში მხარეებს შორის საგარეო ვაჭრობის მოცულობა არ იყო მასშტაბური ხასიათის, თუმცა 2005 წლიდან მხარეებს შორის საგარეო სავაჭრო ურთიერთობამ მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და მას შემდგომ ამ ნიშნულს არ ჩამოშორებია.

1995 წლიდან 2018 წლის ჭრილში, ანუ ბოლო 23 წელიწადში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1583%-ით გაიზარდა, ბოლო 10 წელიწადში 72%-ით, ხოლო ბოლო 4 წელში 55%-ით.

დსთ-ს ქვეყნებთან ბოლო 10 წლის განმავლობაში იმპორტი 109%-ით გაიზარდა. თუ 2009 წელს დსთ-დან საქართველოში 1,286,462.13 მილიარდი დოლარის პროდუქცია იქნა იმპორტირებული, 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2,690,058.70 მილიარდ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტს, დსთ-ის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით, 301%-ით გაიზარდა. 2018 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულმა პროდუქციის ღირებულებამ ჯამში 1,669,481.22 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან

თურქეთი საქართველოს ისტორიული სავაჭრო პარტნიორია. სტატისტიკის წარმოება კი 1995 წლიდან იწყება. საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება 2008 წლიდან მოქმედებს. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოდან თურქეთში 2 მილიარდ 300 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც იმ პერიოდში, როცა მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ არსებობდა(1995-2007 წლები), დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ოპერირების შემდგომ, თურქეთიდან საქართველოში იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2008 წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 940 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2018 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.473 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან უარყოფითი სავაჭო ბალანსი დაახლოებით 12 მილიად აშშ დოლარს შეადგენს, რაშიც დიდი წვლილი სწორედ FTA-ში არსებულმა რამდენიმე  დებულებამ შეიტანა, რომლის მიხედვითად, ისედაც გამორჩეული სავაჭრო მოთამაშე, საქართველოსთან მიმართებით აღმატებულ პოზიციაში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო ვაჭრობისას, საქართველოდან თურქეთში გასატან პროდუქციებზე გარკვეული კვოტა არსებობდა. კვოტა შეეხო შემდეგ პროდუქტებს: ლიმონი, ყურძენი, ჩირი, კივი, ხილის და ბოსტნეულის კონსერვები, წვენები. არსებულ პროდუქტებზე კვოტა 2018 წლის 22 თებერვალს გაუქმდა.

EFTA-ს ქვეყნები

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ასევე აკავშირებს „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის – EFTA”-ს ქვეყნებთან((ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია). აღნიშნულ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არც თუ დიდი ხანია მოქმედებს.

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ლი მაისიდან მოქმედებს. ხელშეკრულების ამოქმედებიდან 1 წელი გავიდა.

იმ პერიოდში, როდესაც მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ მოქმედებდა, საგარეო ვაჭრობა გაცილებით მცირე მოცულობას შეადგენდა, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც მხარეები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში ურთიერთობენ.

2018 წლის მონაცემებით, მხარეებს შორის საგარეო ვაჭრობამ 155,385.49 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. 2017 წელს მხარეებს შორის საგარეო ვაჭრობის მოცულობა 139,679.55 მილიონი ლრი შეადგინა. ზუსტად 2017 წლიდან მოყოლებული მოქმედებს მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, თუმცა თავდაპირველად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება EFTA-ს წევრ 2 ქვეყანასთან გაფორმდა – ნორვეგია და ისლანდია, ხოლო ლიხტენშტეინთან და შვეიცარიასთან 2018 წლის პირველ მაისს.

თავისუფალი ვაჭრობა ჰონგ კონგთან

ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის 13 თებერვლიდან შევიდა. ამ ბაზრის ზომა 7 მილიონიონი მომხმარებლისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2019 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 36%-ით გაიზარდა (430 ათასი აშშ დოლარი), ხოლო მხოლოდ აპრილის თვეში 50%-ით (195,3 ათასი აშშ დოლარი). ჯამში 2019 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ექსპორტირებული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ 2,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის პირველ კვარტალში, მას შემდეგ რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, იმპორტი ერთბაშად 115%-ით შემცირდა (18,2 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო აპრილში 148%-ით (6,5 მილიონი აშშ დოლარი). ჯამში 2019 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 20,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დასკვნის მაგიერ

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს აძლევს საშუალებას თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ იმ ქვეყნის სამომხმარებლო ბაზართან, ვისთანაც გაფორმებულია მსგავსი ტიპის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პოზიტიურ მხარეებში იკვეთება მოცემული ქვეყნის ან/და რეგიონის ბაზართან უკეთესი წვდომისა და მეტი კონკურენტუნარიანობის ფაქტორი, დაახლოება სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში შექმნილი ცოდნისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე ადგილობრივი მცირე ბაზრის მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობა, რაც ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია და დივერსიფიკაციის ფაქტორიც, რომელიც საქართველოს არ გახდის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულს.

უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მეშვეობით მხარეებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაში მეტად მოგებული რჩება ის მხარე, რომელსაც უფრო მეტად განვითარებული აქვს საექსპორტო პროდუქცია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ისევე როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ახალგაფორმებულია და მისი გრძელვადიანი  შედეგის გასაანალიზებლად გარკვეული დროის გასვლაა საჭირო, თუმცა მოკლევადიანი პერიოდის შედეგების დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ხელსაყრელია, ის ქართულ პროდუქციას დიდ სამომხმარებლო და რაც მთავარია დივერსიფიცირებულ ბაზრებს უხსნის და სამომავლოდ, საექსპორტო პოტენციალის განვითარების პოლიტიკის არსებობის პირობებში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და  უკეთესი ეკონომიკური მომავლის იმედს იძლევა ქვეყნისთვის. საამისოდ კი საჭიროა იმპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის ეტაპობრივი გარდაქმნა და ადგილობრივი წარმოების წახალისება.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი

Share